ფოტოისტორიები

უნიკალური ფოტოსურათი, რომელზეც მექვევრეთა ოჯახია აღბეჭდილი და რომლის შესახებაც ამჯერად მოგითხროთ, 1914 წელსაა გადაღებული ყვარელში, ახლანდელა ხალსოფელში.

მასზე აღბეჭდილია კურტანიძეების ოჯახი. კონკრეტულად კი – ისაკ კურტანიძისა, რომელსაც ახლობლები ისაკოს ეძახდნენ. ისაკო ფოტოზე მარჯვნიდან მეორე დგას (აცვია ტრადიციული ქართველი გლეხკაცი ხელოსნის საგარეო ტანისამოსი). მისი სახელი, მისსავე ზურგსუკან, დაახლოებით 3000 ლიტრის მოცულობის ქვევრზე მიუწერიათ ნახშირით. მარჯვნივ დგას ვანო კურტანიძე, მის შემდეგ დგას ისაკო, ხოლო ისაკოს გვერდით – დიასახლისი ანა, რომელსაც ხელში პატარა ანტონი უჭირავს. მარჯვნიდან მეოთხე კი გიორგი კურტანიძეა. თავად ფოტოს თარიღზე, ქვევრზე თეთრად მიწერილი წელი მეტყველებს. რომ არა ეს მინაწერი, ჩვენთვის უცნობი იქნებოდა სურათის გადაღების ზუსტი თარიღი…

კურტანიძეების გვარი ყვარელში იმერეთიდანაა ჩასახლებული, სადაც ისინი დღემდე ერთ უბანში ცხოვრობენ. ამ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა „კურტანიძეების უბნად“ მოიხსენიებს.  ამ გვარის წარმომადგენლები ახალსოფელში მეთუნეობას დღემდე მისდევენ, თუმცა, ისინი ძირითადად თონეებს ამზადებენ, მაგრამ ახლო წარსულში ზოგიერთი მათგანი ქვევრებსაც ამზადებდა.

ფოტოსურათის მფლობელი ოჯახის გადმოცემით, სურათზე მარცხნივ აღბეჭდილი ორი მამაკაცი, რომელთაც ხელში უკავიათ ქვევრის დამზადებისათვის გამოსაყენებელი იარაღები, დაქირავებული მუშები არიან, მათი ვინაობა უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, ისინი ამავე სოფლის მკვიდრნი უნდა ყოფილიყვნენ.

ზოგადად, ქვევრის კეთება, დაწყებული საქვევრე თიხის მოძიებით, მოზიდვით, დახარისხებით, მოზელვის პროცესით, ქვევრის აშენებით, გამოშრობითა და გამოწვით, მეტად რთული პროცესია და მოითხოვს გამოცდილი ოსტატის ხელს. ამ საქმეს გარკვეული რისკიც ახლავს გამოშრობისა და გამოწვის პროცესში…