წლის დასაწყისში ღვინის ექსპორტის სერიოზული მატება დაფიქსირდა
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2016 წლის ორი თვის ექსპორტის შედეგები გამოაქვეყნა.
მათი მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 21 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4 531 556 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 56%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.
აღსანიშნავია, რომ სულ ექსპორტირებულია 10,75 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტის მაჩვენებლები გაზრდილია ბრენდის რაოდენობის მხრივაც. მსოფლიოს 7 ქვეყანაში ექსპორტირებულია 1 431 868 ბოთლი ბრენდი, რაც 165%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. ექსპორტირებულია 3,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი – მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 137%-ს აღწევს.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი – 2 559 795, უკრაინა – 651 792, ყაზახეთი – 337 582, პოლონეთი – 322 038 და ჩინეთი – 219 349 ბოთლი.
წლის დასაწყისში ექსპორტის მატება დაფიქსირდა რუსეთში – 154%, უკრაინაში – 37%, პოლონეთში – 46%, ლიტვაში – 26%, ყირგიზეთშიი – 70%, გერმანიაში – 68% და სხვა.
მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 20 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.