პირველად საქართველოში, ოქროულობის და ანტიკვარიატის სალონიდიადემა, ღვინის კომპანია „გიუაანი“-ს მხარდაჭერითა და პარტნიორობით, ძველი ქართული სასმისების გამოფენა მასპინძლობს, სახელწოდებით – „მეტყველი სასმისები“.

გამოფენაზე წარმოდგენილია ძველი ქართული კულტურული მემკვიდრეობიდან შემორჩენილი და კერძო კოლექციებში დაცული სასმისების უნიკალური და ორიგინალური ეგზემპლარები, რომელთა ანალოგებიც არ მოიპოვება.

აღნიშნული გამოფენა მიზნად ისახავს ქართული კულტურული მემკვიდრეობის წამოჩენას და პოპულარიზაციას საზოგადოების ფართო ფენებს შორის. აქ თქვენ შეხვდებით ვანო სარაჯიშვილის, დავით დადიანის, ალექსანდრე დადეშქელიანის და სხვა ცნობილი პიროვნებებისადმი მიძღვნილ ექსკლუზიურ სასმისებს. გაეცნობით მათ კულტურულ ღირებულებებს და სურვილის შემთხვევაში, შეგეძლებათ კიდეც მათი შეძენა.

გამოფენა 9 დეკემბერს გაიხსნა და 16 დეკემბრამდე გრძელდება.

ამ უნიკალური გამოფენის დასათვალიერებლად მისულებს, სალონ „დიადემას“ ხელმძღვანელი      მარინა ცალქალამანიძე გვიამბობს, რომ ისინი,  ყოველწლიურად აწყობენ ხოლმე ანტიკვარულ  თემაზე გამოფენებს, ჰქონიათ უძველესი თოჯინების გამოფენა, მინანქრის გამოფენა, თუმცა სასმისების გამოფენა განსაკუთრებულია, რადგან საქართველოში მსგავსი ჯერ არ ჩატარებულა.    თვით სახელწოდება „მეტყველი სასმისები“ სიმბოლურად გვეუბნება, რომ ეს ცოცხალი გამოფენაა… ზოგიერთი სასმისი თავად აცოცხლებს თითქოსდა ქვევრში მიძინებულ ღვინოს, როცა ისხმება ვიწროყელიან  ან მოგრეხილყელიან სასმისებში, ის ცოცხლდება, ხმას გამოსცემს. მერე კი  ვიწროყელიანი სასმისიდან ძალიან ნელა ისმება ღვინო, ცოტა ისმება, ანუ ღვინოსაც უფრთხილდებოდნენ ჩვენი წინაპრები და ეს არის ნამდვილად კულტურული ფენომენი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ „დიადემა“-ს პარტნიორმა , ღვინის კომპანია „გიუაანმა“ ძალიან დიდი მხარდაჭერა გაგვიწია და შევძელით ამ სასმისების კატალოგის დაბეჭდვა, რაც, ფაქტობრივად, ისტორიული მნიშვნელობისაა, რადგან მოხდა ყველა ნივთის არამარტო გამოფენა, არამედ, გარკვეულ დონეზე შესწავლა და დაფიქსირება. – გვეუბნება ქალბატონი მარინა.

 

კომპანია „გიუაანის“ დირექტორი და მეღვინის ასისტენტი თორნიკე თუშიშვილი კი,  სიამაყით აცხადებს; „ჩვენ ვართ თანაორგანიზატორები, თუნდაც იმიტომ, რომ ღვინის კომპანიისთვის ყველაზე ახლობელი თემაა სწორედ სასმისები, რომელიც საუკეთესო წარმომჩენია ქართული კულტურის და ისტორიის. ეს გამოფენა ძირითადად ემსახურება იმას, რომ საზოგადოებამ გაიცნოს, რა კულტურის წარმომადგენლენი ვართ, საიდან მოვდივართ, სადაა ჩვენი ფესვები, რა ვიყავით და დღეს რას ვაკეთებთ. აქ არის ფასდაუდებელი ნამუშევრები, ძველისძველი, რომელთაც ანალოგი არ გააჩნიათ, ეს არ ყოფილა არასოდეს მასობრივი წარმოების, ეს იყო ყოველთვის ხელნაკეთი და ფასეული.

თავად კომპანია „გიუაანი“ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მხოლოდ სამი მოსავლის ღვინო გვაქვს, თუმცა ვართ ხარისხზე ორიენტირებულები და ამის შედეგია ის ფაქტი, რომ ჩვენმა ღვინოებმა მარტო წელს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 16 ჯილდო მიიღო“ – გვეუბნება ბატონი თორნიკე და იქვე ბოკალებში ცამოსხმული „გიუაანი“-ს „რქაწითელი“-ს, „საფერავი“-სა და „მანავი“-ს დასაგემოვნებლად გვეპატიჟება.

ჩვენს საუბარს ბატონი გიორგი ახვლედიანი შემოუერთდა, რომელიც შეიძლება ითქვას, „დიადემა“-ს ძველი გვარდიის წარმომადგენელი და ამ კომპანიის ერთ-ერთი მესაკუთრის, რატი ახვლედიანიის მამაა.

– გამოფენის იდეა სპონტანურად მოვიდა,- იხსენებს ბატონი გიორგი,-  ანტიკვარიატის სალონში შემოვიდა რამდენიმე ძალიან საინტერესო ისტორიული სასმისი და იდეაც დაიბადა, რომ მოდი, გავკეთოთ გამოფენა.

დავიწყეთ მუშაობა და, მართლაც, ოჯახებში მრავალი საინტერესო ნივთი აღმოჩნდა.

მე ცოტა ხნის წინ სომელიეთა ასოციაციის თბილისის ღვინის სკოლის კურსი მოვისმინე და იქ ბატონ შალვა ხეცურიანთან და სხვა ლექტორებთან საუბრისას ხშირად თქმულა, რომ საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში, ფაქტობრივად, ყველა შატოსთან ხდება ისტორიული ნივთების გამოფენა. საქართველოშიც დაწყებულია ასეთი ტენდენცია, და  ჩვენც, ღვინის კომპანია „გიუაან“-თან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ეს ღვინის უძველესი ჭურჭელი თანამედროვე საზოგადოების ფართო ფენებისთვის გაგვეცნო.

სხვათაშორის, გამოფენის მომზადებისას გავიცანით ერთი პიროვნება, რომელსაც უამრავი ქართული სასმისი აღმოაჩნდა ოჯახში  და სურვილი აქვს გაყიდვის, თანაც, ის არ არის ქართველი და შესაძლოა, დატოვოს კიდეც ქვეყანა, ამიტომ ჩვენ განსაკუთრებით ვიჩქარეთ კატალოგის გაკეთება, ამ ნივთების დაფიქსირება, რომ თუ მათი ქვეყნიდან გატანა მოხდება, არსებობდეს წყარო, რომ ეს საქართველოდანაა, ქართულია.- გვითხრა ბატონმა გიორგი ახვლედიანმა.

ჩვენს საუბარს შემოუერთდა „დიადემა“-ს ძვირფასი ქვების სპეციალისტი, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ია ახვლედიანი, რომელიც  გამოფენაზე წარმოდგენილი სასმისების კულტურულ და ისტორიულ ღირებულებეზე გვესაუბრა.

„ეს ნივთები საინტერესოა არამარტო ვიზუალური მხარით, არამედ -თავისი კუთვნილებით. ზოგი კარგად გავარკვიეთ, ზოგის გარკვევა არცისე ადვილია. გამოკვლევას დრო სჭირდება – ამბობს ქალბატონი ია და გამორჩეულ სასმისებს გვაცნობს:

აი, მაგალითად ერთ-ერთი სასმისი, რომელსაც ქვია ხრიკა, გიორგი ლევანის ძე დადიანის კუთვნილებაა, ეს იყო ცნობილი ლიტერატორი მე-19 საუკუნეში,  კოლხიდელის სახელით.

ერთ-ერთ სასმისს, კულას კი  აწერია დავით დადიანი . თუმცა, დადიანებში იმდენი დავითი იყო, მამის სახელის ცოდნის გარეშე ძნელი დასადგენია, რომელ დავით დადიანზეა საუბარი.

გამოფენაზე წარმოდგენილია ასევე ვერცხლის  ყარყარები, ვერცხლის აზარფეშები, რომელიც მორთულია სევადით; გვაქვს მოოქროვილი აზარფეშაც და ასევე – მოძრავი ირმის ფიგურით.

ბავრია საქორწილო თასები, რომელზეც გამოსახულია ქორწილის სცენები, გვაქვს სარაჯიშვილის დოქი, ჭიქა, არაჩვეულებრივი ორნამენტებით. სასმისებზე ხშირად გვხვდება ასევე სალაღობო წარწერები.

გამოფენის მნიშვნელობისა და სასმისების ისტორიულ-კულტურულ ღირებულებაზე ვესაუბრეთ  ქართული ღვინის  მკვლევარს, სომელიეთა ასოციაციის „ღვინის ორდენის“ კავალერს და თავადაც საუკეთესო საღვინე ჭურჭლის საოჯახო მუზეუმის შემქმნელს, ბატონ გიორგი ბარისაშვილს.

-ნამდვილად, არაჩვეულებრივი იდეის ხორცშესხმის მონაწილენი ვართ – გვითხრა ბატონმა გიორგიმ. „დიადემა“-ს წარმომადგენლები მე თავიდანვე დამიკავშირდნენ, რადგან გარკვეული გამოცდილება მაქვს სასმისების კუთხით. პირველი, რაც გავაკეთეთ, ჩემი იდეა იყო, რომ „მეტყველი სასმისები“ დაგვერქმია გამოფენისთვის. რადგან ხშირ შემთხვევაში, სასმისებზე გაკეთებული წარწერები ბევრ რამეს გვიამბობენ. ისინი თავად მეტყველებენ საკუთარ წარსულზე.

აქ წარმოდგენილია სასმისები სხვადასხვა კერძო კოლექციიდან, მათ შორის არის  ჩემი კოლექციიდანაც,  ანტიკური პერიოდის (მე-5-და პირველი საუკუნეების)ფიალები, მე-18-მე-19 საუკუნეების ვერცხლის სასმისები.მე-19 საუკუნის დოქები .

მნიშვნელოვანია იმით, რომ საქართველოში ჯერ მსგავსი რამ არ ჩატარებულა და ეს გამოფენა პირველია. ბევრმა არც კი იცის, რა სახელები ქვია ამა თუ იმ სასმისს, რომ ესაა ყარყარა, ესაა ბადია, აზარფეშა, კულა, ხრიკა… ყანწი ყველამ იცის, მაგრამ სხვები – არა. პოპულარიზაცია უნდა მოხდეს ამ სასმისების, ეს ყველაფერი უნდა დაბრუნდეს ქართულ ყოფაში და არ იყოს მარტო სამუზეუმო ექსპონატები.

სასმისების დიდ ნაწილზე გამოსახული არიან ისტორიული პირები, მეფეები, მთავარსარდლები და სხვა.მაგალითად, თამარ მეფე, ქეთევან დედოფალი, გიორგი სააკაძე. გვხვდება სცენები „ვეფხისტყაოსნიდან“. ამ ნახატებით და წარწერებით  იმ ეპოქის სუნთქვის წაკითხვა შეიძლება. ჩვენ ვხვდებით, რაზე ფიქრობდნენ მაშინ, იმიტომ, რომ რაც ყველაზე ძვირფასი იყო მაშინ, იმით ამკობდნენ სასმისებს.

მუზეუმებს ძალიან დიდი კოლექციები აქვთ, თუმცა ფონდებშია ეს ყველაფერი და საზოგადოება ნაკლებად იცნობს. ამითაცაა საინტერესო, რომ „დიადემა“-მ გააკეთა ეს გამოფენა. არ იქნება ცუდი, თუ მუზეუმებიც პერიოდულად გააკეთებენ სასმისების გამოფენას.წელიწადში ერტხელ მაინც ღვინის ჭურჭლის გამოფენას.

-კიდევ ერთ საინტერესო თანამშრომლობას ვგეგმავთ ერთობლივად- გვეუბნება ბატონი გიორგი, –  დიადემასთან ერთად უნდა გავაკეთოთ აზარფეშა, ვერცხლის, მელხიორის ან სხვა მეტალისგან. გვინდა, რომ ის იყოს შედარებით იაფი ვარიანტი. ამ დროისთვის რაც მოსახლეობაში, საოჯახო კოლექციებში გვხვდება, იმ აზარფეშების ფასი ძალიან მაღალია – 10000 დოლარი და მეტი. ჩვენ გვინდა, რომ ბევრად ნაკლებფასიანი გავაკეთოთ, რომ ვისაც გულით ენდომება, შეეძლოს მისი ყიდვა. ეს კი სწორედ ამ უძველესი სასმისის თანამედროვე ყოფაში გაცოცხლებას შეუწყობს ხელს.- გვეუბნება გიორგი ბარისაშვილი.

გამოფენის დამთვალიერებელთა  შორის  ცნობილი მწერალი დათო ტურაშვილი შევნიშნეთ და, ბუნებრივია, შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

-ძალიან მომეწონა გამოფენა, მითუმეტეს, მე დაინტერესებული  ვარ, საერთოდ, ღვინის თემატიკით… იცით, ალბათ, რომ მომავალ წელს ბორდოში, ღვინის მუზეუმში, საქართველოს ექნება საშუალება, წარმოაჩინოს ღვინის ისტორია, თავისი ღვინის თავგადასავალი. ღვინის ჭურჭელი განსაკუთრებით საინტერესოა სწორედ ისტორიასთან მიმართებაში, რადგან ის კარგად გამოხატავს ადამიანების დამოკიდებულებას ამ სითხისადმი და ღვინის კულტურას. ანუ როგორი ჭურჭელიც გქონდა საუკუნეების მანძილზე, როგორც ექცეოდით  ღვინოს, ისეთი კულტურა გქონდა, იმ ცივილიზაციის ნაწილი ხარ. ამიტომ სასმისები თავად საუბრობენ იმ ეპოქაზე, რა გამოვიარეთ, როგორი გემოვნება ჰქონდათ ადამიანებს. მეტიც, იმის მიხვედრაც შეიძლება, რა სადღეგრძელოებსაც ამბობდნენ.

ამ გამოფენაზე წარმოდგენილი სასმისების ნაწილს ვიცნობდი, წიგნიც მაქვს დაწერილი ქართული ღვინის ისტორიაზე, მაგრამ ახლა თავიდან ვწერ სხვა წიგნს. იმიტომ რომ დრო გავიდა,ბევრი რამ შეიცვალა.  დიდი ხნის წინ დავწერე “მისი უდიდებულესობა ქართული ღვინო“.  ჩვენ მაშინ ღვინო არ გვქონდა, მაშინ გვქონდა საბჭოთა ღვინო, დაკარგული გვქონდა ღვინო. რუსებმა გვიშველეს, სხვათაშორის, რომ გამოგვაგდეს ბაზრიდან, იძულებული გავხდით, აღგვედგინა ნამდვილი ქართული ღვინის ხარისხი.

ასეთი გამოფენების მნიშვნელობა ისაა, საზოგადოებამ ზედაპირულად არ იცოდეს, რომ ჩვენ ღვინის ქვეყანა, სამშობლო ვართ. პირიქით, ამ ისტორიის ყველა დეტალი მისთვის უნდა იყოს ღია და გასაგები. რატომღაც გვგონია, რომ მარტო ყანწის ხალხი ვართ და ესე არ არის, ისეთი მრავალფეროვანია ჩვენი სასმისები, რომ თითოეულს თავისი მნიშვნელობა და ისტორია აქვს, არ ვართ მარტო ყანწის ქვეყანა. – გვეუბნება დათო ტურაშვილი და ჩვენტან ერთად აგრძელებს სასმისების დამღების ამოკითხვას და სალაღობო წარწერების კითხვას.

„დიადემა“-ს ანტიკვარიატის სალონში გამოფნილ ღვინის უძველეს „მეტყველი სასმისებზე“  საუკუნეების წინ ამოტვიფრული სალაღობო წარწერები კი კვლავ აგრძელებენ ჩვენს გაოცებას:“ვინც დალიოს, გაუმარჯოს!“; „მოახმაროს მომგებს, გაუმარჯოს წამგებს, ალავერდი ახში.პიპ.ჩ“; „უძღვნი ჩარექას მშვენიერს ნინას საბედნიეროთ მოსახმარისათ 1890 ელისაბედ, ქ, ორბელიანმა, იანვარ 14“.

ნატო გუბელაძე

sa2 sas1 sas3 sas4