ისტორიული მესხური ტერასების აღდგენა უტოპიიდან რეალობად იქცა, უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების პროცესი დაიწყო და ამ საქმეში „ლომის წილი“ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის. სწორედ ამიტომ, ამ უნიკალური პროექტისა და, საერთოდ, ქართული ღვინის პერსპექტივებზე ჩვენ მამუკა ხაზარაძეს ექსკლუზიურად ვესაუბრეთ.

  • ბატონო მამუკა, თქვენთვის ღვინის თემა უცხო არ არის… ჟურნალ „ღვინო“-სთვის მოცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ ამბობთ: „ღვინით მაშინ დავინტერესდი, როცა მუხრანბატონის სასახლე ვნახე. რომ არ შევხებოდი ამ ისტორიას, რაც მუხრანში დამხვდა, ღვინის თემაში ისე არ შევიდოდი“… ამჯერად მესხური ტერასების აღდგენას იწყებთ, აქ რა არის თქვენი მოტივაცია, რამ გადაგაწყვეტინათ ამ საქმეში წვლილის შეტანა?
  • ბორჯომის პროექტზე მუშაობისას ხშირად მიწევდა ვარძიის მონახულება. ტერასები ყოველთვის ძალიან დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე, ყოველთვის წარმოვიდგენდი როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადგილი დიდი ხნის წინ, შუა საუკუნეებში. სამცხე-ჯავახეთი მეღვინეობის სამშობლოა და იმისთვის, რომ ვისაუბროთ ქართულ ღვინოზე დღეს, უნდა ვიცოდეთ ჩვენი კულტურის საწყისები. ამეკვიატა ეს აზრიც, რომ უნდა აღვადგინოთ ვარძიის ტერასები. საბედნიეროდ, შევხვდი გიორგი ნათენაძეს, რომელიც ამ კუთხიდან არის, შეყვარებულია ამ საქმეზე და ყოველდღიურად ზრუნავს პროექტის განვითარებაზე, დიდი ენთუზიაზმით უძღვება ამ საქმეს. როგორც იცით, ასეთ გრძელვადიან პროექტს ყოველდღიური ჩართულობა და პატრონობა სჭრიდება და გიორგი სწორედ ესეთი ადამიანია. ამ დროისთვის, ჩვენ უკვე შევძელით 30 ჰექტარიდან, დაახლოებით 10 ჰექტარის აღდგენა და მეათე საუკუნის დროინდელი და უფრო ადრინდელი ყურძნის ჯიშების გაცოცხლება და გაშენება.
  • გვიამბეთ უფრო კონკრეტულად, რას ითვალისწინებს მესხური ტერასების აღდგენის პროექტი სრულად, რომელ ჯიშებს გააშენებთ, როდის იწყებთ, პირველი მოსავლის მიღებას როდის გეგმავთ, ტურისტული თვალსაზრისით რა პოტენციალს ხედავთ და ა.შ.

6

12

  • წელს იგეგმება დაახლოებით 18 ჯიშის დარგვა და მომავალ წელს დავამატებთ კიდევ 5 ჯიშს.წელს დასარგავი ჯიშებია: შავი ასპინძურა (კაპნის ყურძენი), მესხური შავი,თამარის ვაზი, დანახარული, შავკაპიტო, საწური, ჩიტისთვალა შავი, ცხენის ძუძუ შავი, ცხენის ძუა შავი, ახალციხური თეთრი, მესხური მწვანე, ხიხვი, ჯვარი, ჩიტისთვალა  თეთრი, სამარიობო თეთრი, ცხენისძუძუ თეთრი, ხარისთვალა  თეთრი, მესხური  მტევანდიდი. მათ შორის ადგილობრივი უნიკალური ჯიშები – შავი ასპინძურა (კაპნის ყურძენი), მესხური შავი, თამარის ვაზი და და სხვა ჯერ კიდევ კვლევების ქვეშ არსებული ჯიშებია, რომლებიც ყოველწლიურად შეემატება ტერასების საკოლექციო ნაკვეთს. მომავალ წელს ვგეგმავთ შემდეგი ჯიშების დამატებას: . ბეჟანო, კლერტმაგარა, კლარჯული, ხარისთვალა შავი, როკეთულა. პირველ მოსავალს 3 წელიწადში ველოდებით, რომლისგანაც სიმბოლურად პირველი ღვინოც დაყენდება.  რეგიონი საკმაოდ აქტიურია ტურისტული თვალსაზრისით (ახალციხის ციხე, ხერთვისის ციხე, ვარძია). მესხური ტერასები, რომელიც  32 ჰა-ზეა გადაფენილი, იქნება ახალი ტურისტული ობიექტი ამ კომპლექსში. ამ უნიკალური კულტურული მონუმენტის 12 ჰა უკვე აღვადგინეთ. წელს ტერასების უკვე აღდგენილ ნაწილზე მესხეთის უახლეს ისტორიაში პირველი ვაზი გაშენდება. მომატებული ტურისტული აქტიურობის შედეგად, ბუნებრივია, გაჩნდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების საჭიროება, როგორიცაა საოჯახო სასტურმოები, რესტორნები; ადგილობრივი პროდუქციის მიმართ მეტი ინტერესი იქნება. ჩვენს პროექტს, ბუნებრივია, მოჰყვება სხვა ტურისტული ინვესტიციები, რეგიონი გარკვეულწილად გაიღვიძებს და, საბოოლოო ჯამში, სოფელი გაძლიერდება.
  • ბატონო მამუკა, ქართული ღვინის დღევანდელ მდგომარეობასა და პერსპექტივაზეც გვაინტერესებს თქვენი აზრი: როგორ ფიქრობთ, სად არის, რა ადგილი უჭირავს დღეს ქართულ ღვინოს მსოფლიო ბაზარზე? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ „ოკეანეში“ გამოგვარჩიოს მომხმარებელმა, რაშია ჩვენი უნიკალურობა?
  • სამწუხაროდ, დღეს ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე არ არის კონკურენტუნარიანი. ფაქტობრივად, ექსპორტის ამჟამინდელი დონე ძალიან დაბალია მსოფლიო ბაზართან შედარებით – 2015 წელს სულ 96 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ღვინო გაიტანა ქვეყანამ ექსპორტზე. ქართულ ღვინოს აკლია ხარისხის კონტროლი – აქ საჭიროა სახელმწიფოს ჩართულობა პოლიტიკის დონეზე, რათა ღვინის საშუალო ხარისხი იყოს სტაბილურად მაღალი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი. ტენდენცია ამ მხრივ კარგია, რადგან შეიქმნა ბევრი მცირე საწარმო, რომელიც ადგილობრივი მამულის, მწარმოებლის სახელს ატარებს. ეს ხარისხის ერთგვარი გარანტიაა. თუმცა, ამ საქმეს მხოლოდ კერძო სექტორის ძალისხმევა არ ეყოფა. ჩვენი ღვინის უნიკალურობაა ქვევრის ღვინო, რომელიც ტექნოლოგიურად საკმაოდ რთულია. ასევე, ბიო ღვინის წარმოებაა ჩვენი განმასხვავებელი შესაძლებლობა. თუმცა, თუკი ჩვენი მიზანია ღვინო იყოს ქვეყნის წამყვანი ექსპორტი, საჭიროა ბევრი ძალისხმევა, სპეციფიური მარკეტინგის პროგრამის და პოლიტიკის გატარება რათა ქართულმა ღვინომ მნიშვნელოვანი – და ჩვენთვის სასურველი – ადგილი დაიჭიროს  მსოფლიო ბაზარზე. ღვინის ტურიზმი უნდა იყოს უნიკალური გამოცდილების და ხიბლის მატარებელი სტუმრებისთვის. როდესაც ტურისტი რჩება იმ რეგიონში სადაც ღვინო იქმნება, ეცნობა ისტორიას, მონაწილეობას იღებს ღვინის დაწურვაში – მას მიაქვს ეს გამოცდილება და ხდება ქართული ღვინის ელჩი. ამისთვის საჭიროა ინფრასტრუქტურის განვითარება, მაგალითად თელავის აეროპორტში პირდაპირი რეისების ამუშავება მოსკოვიდან, კიევიდან, ტაშკენტიდან და ჩვენი რეგიონის სხვა ქალაქებიდან. ამ პრინციპით მუშაობს ღვინის ცნობილი ტურისტული ცენტრები, როგორიცაა ბორდო საფრანგეთში და ნაპა ველი ამერიკაში.  ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან ღვინის ტურიზმის კონცეფციაზე აქტიურად, სპეციფიურ მარკეტინგზე, ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმაზე და სხვა – რათა ღვინო გახდეს გამოკვეთილი, ქართული ტურიზმის თვითმყოფადი პროდუქტი და უპირატესობა.

3

  • როგორ ფიქრობთ, ღვინის ხარისხი და კონტროლი რა დონეზეა, რა ნაბიჯებია გადასადგმელი?
  • არ უნდა ტოვებდეს ქარხანას არც ერთი ბოთლი ღვინო კონტროლის გარეშე. ღვინო არის ჩვენი ეთნოსის და კულტურის ძირითადი, წამყვანი ნაწილი და სიამაყე. ამიტომ, ქართული ღვინო უნდა იყოს ასოცირებული მაღალ ხარისხთან. არ უნდა არსებობდეს მცნება – დაბალი ხარისხის ან დაბალი ფასის ქართული ღვინო. ღვინოს არ შეიძლება ჰქონდეს იგივე ფასი, რაც მაგალითად, იმპორტირებულ ლუდს. ამისთვის ბევრი ძალისხმევა და ინვესტიცაა საჭირო სახელმწიფო დონეზე. მხოლოდ კერძო სექტორი არაა საკმარისი სტაბილურად მაღალი ხარისხის მისაღწევად.

 

         ნატო გუბელაძე

ფოტოები თინათინ დვალიშვილის