საქართველოს სომელიეთა ასოციაციასთან არსებული „თბილისის ღვინის სკოლის“ პირველი ჯგუფის სტუდენტებს კომპანია „სარაჯიშვილი და ენისელში“ სასწავლო ტური ჩაუტარდათ. მათ მასპინძლობა გაუწია მთავარმა ინჟინერ-ტექნოლოგმა, ბატონმა დავით აბზიანიძემ.

მომავალმა სომელიეებმა არამარტო დაათვალიერეს ქართული კონიაკის საწარმო, არამედ გაეცვნენ მისი დამაარსებლის, დავით სარაჯიშვილის ცხოვრებისეულ ფაქტებს, კომპანიის  ისტორიას, დღევანდელობას და ბრენდის დამზადების ტექნოლოგიებს. ტურის დასასრულს მათ  ერთად დააგემოვნეს „სარაჯიშვილის“ სამი სახეობის საუკეთესო ბრენდი.

მომავალი სომელიეები ბატონ დავით აბზიანიძის მეგზურობით ე.წ. „სამოთხეშიც“ აღმოჩნდნენ, სადაც უძველესი საკონიაკე სპირტების  აორთქლების შედეგად უამრავი სურნელი და არომატი იღვრება, რასაც ფრანგები  „ანგელოზების წილს“ ეძახიან. „თუ გინდა, რომ საუკეთესო კონიაკი დაამზადო, ანგელოზებსაც დიდი წილი უნდა მისცეო“ – ამბობს ბატონი დავით აბზიანიძე.

მან  საუბრის დასაწყისში კომპანიის არსებობის ისტორიიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები გაიხსენა:

  • მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მევენახეობა -მეღვინეობის სამშობლოა და ეს მეცნიერულადაც დამტკიცებულია, ქართული კონიაკის დაბადება მხოლოდ მე-19 საუკუნის შუაწელს უკავშირდება. იმ პერიოდისთვის ცნობილმა ქართველმა მეწარმემ გიორგი ბოლქვაძემ პირველი ქართული კონიაკი დაამზადა ქუთაისში, მაგრამ მან ვერ მისცა ფართო მასშტაბი ამ სასმელს.
  • ქართული კონიაკის წარმოების განვითარება და ოქროს ხანა მთლიანად დაკავშირებულია  ცნობილი ქართველი მამულიშვილის, მეცენატისა  და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის სახელთან. ის სპეციალურად წავიდა საფრანგეთში მეღვინეობის და კონიაკის დამზადების შესასწავლად, იქ დაუმეგობრდა ცნობილ ფრანგ კონიაკის მწარმოებელს ჟან ბატისტ კამიუს, რომლის ძალიან დიდი ნდობა და სიყვარულიც მალე დაიმსახურა. კამიუმ მას ფაქტობრივად ფრანგული კონიაკის დამზადების ტექნოლოგია ასწავლა და როცა თბილისში დაბრუნებულმა დავით სარაჯიშვილმა,  1884 წელს  პირველი ქართული კონიაკის საწარმო გახსნა, კამიუმ  საჭირო აპარატურა საფრანგეთიდან გამოუგზავნა. სარაჯიშვილის პირველი კონიაკის საწარმო მდებარეობდა მელიქიშვილის ქუჩაზე, დღევანდელი სასტუმრო „რუმსის“ ადგილზე. სულ მალე სარაჯიშვილმა მთელ რუსეთის მაშინდელ იმპერიაშიც პირველმა დაიწყო და განავითარა კონიაკის წარმოება.
  • თბილისის გარეუბანში, ავჭალაში კონიაკის ქარხნის მშენებლობას 30-იანი წლების ბოლოს ჩაეყარა საფუძველი , თუმცა მეორე მსოფლიო ომის გამო ქარხნის მშენებლობა შეჩერდა და საბოლოოდ,1954 წელს დასრულდა.
  • თავდაპირველად დავით სარაჯიშვილის გამოშვებულ ბრენდს  „კავკასიური კონიაკი“ ერქვა და ის  რუსეთის იმპერიის ბაზარზე ფრანგულ კონიაკებსაც უწევდა კონკურენციას.
  • მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში 1909 წელს გამოცემული დეკრეტით, „კონიაკი“ მარტო ფრანგულ, კონიაკის სპეციფიკურ მიკროზონაში წარმოებულ სასმელს უნდა ერქვას, მეოცე საუკუნის ბოლომდე დასახელება ქართული „კონიაკი“ მაინც არსებობდა, რადგან საბჭოთა პერიოდში დასავლეთის ბაზრების „კაპიტალისტურ“ კანონებს ანგარიშს არ უწევდნენ.
  • დავით სარაჯიშვილი 1911 წლის 20 ივნისს გარდაიცვალა და მისივე ანდერძის თანახმად, ქონების უდიდესი ნაწილი საქართველოს საკუთრებად იქცა.

datoooooooooooooon

fotooooooooooooooooooooooooooo

 

დავით აბზიანიძემ თბილისის ღვინის სკოლის სტუდენტებს  ის ტრაგიკული ისტორიაც უამბო, როცა საბჭოთა პერიოდში „კაპიტალისტ“ დავით სარაჯიშვილის სახელს „ტაბუ“ ედო და მისი ცხედარი დიდუბის პანთეონიდან ვაკის სასაფლაოს უჩინარ ადგილზე გადაიტანეს. დავით სარაჯიშვილის ამაგისა და საქმიანობის დაფასება კი მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ  გახდა შესაძლებელი, როცა ბიზნესმენმა ელგუჯა ბუბუტეიშვილმა თბილისის კონიაკის ქარხანა შეისყიდა და სარაჯიშვილის სახელის რებილიტაციაზე ზრუნვაც დაიწყო. მისი ინიციატივით, დავით სარაჯიშვილის ნეშტი ვაკის სასაფლაოდან გადაასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს ქაშვეთის ეკლესიის ეზოში, რომელიც თვით დავით სარაჯიშვილის სახსრებით აგებულა თავის დროზე.

დავით სარაჯიშვილის მოწაფეებზე საუბრისას დავით აბზიანიძემ ვახტანგ ციციშვილი განსაკუთრებულად გაიხსენა, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა უძველესი საკონიაკე სპირტები. მან ფაქტობრივად, თავი გაწირა, როცა ხელისუფლებიდან მოსულ ბრძანებას, რომ ყველა სპირტი ფრონტზე გაეგზავნათ, არ დაემორჩილა და მხოლოდ ყველაზე ახალი, რამდენიმეწლიანი  დაძველების სპირტები აჩვენა საწარმოს ნაშთებში. არადა, ამ დროს საწარმოში თვით დავით სარაჯიშვილის მიერ 1893 წელს გამოხდილი სპირტის დიდი მარაგიც კი იყო. რომ არა ციციშვილის ეს გმირობა, დღეს საქართველოს ფაქტობრივად ასეთი მაღალი ხარისხის კონიაკი არ ექნებოდა.

ვახტანგ ციციშვილთან დაკავშირებით ცნობილი შემთხვევაა ისიც, რომ როცა იალტის ისტორიულ კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, უინსტონ ჩერჩილმა ციციშვილის მიერ წარმოებული „ენისელი“ ფრანგული კონიაკისგან ვერ განასხვავა და სიამაყით აღვსილმა სტალინმა ციციშვილი სახელმწიფო პრემიით დააჯილდოვა.

foto666666666666

foto11111111111111111111111111111

 

დავით აბზიანიძის თქმით, კომპანია „სარაჯიშვილი და ენისელი“ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე 2006 წლის რუსული ემბარგოს შედეგად დადგა, მათი ბაზარი მაშინ მხოლოდ რუსეთი იყო და ამიტომ კომპანიის გაყიდვების მაჩვენებელი ერთბაშად 70%-ით შემცირდა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო კომპანიის რებრედინგი და ამან გაამართლა საერთაშორისო ბაზარზე. კერძოდ: მოხდა სახელწოდება „სარაჯიშვილის“გაძლიერება, ხოლო პროდუქციის ხაზიდან საერთოდ ამოიღეს სახელწოდებები „ენისელი“, „ვარციხე“, „გრემი“, რადგანაც ეს დასახელებები, რომლებიც საქართველოს მიკროზონებს შეესაბამებოდა და მხოლოდ პოსტსაბჭოთა ბაზრისთვის იყო ცნობილი, ევროპულ ბაზარზე ბევრ გაუგებრობას ქმნიდა, ფაქტობრივად, მიუღებელი იყო. სწორედ ამის გამო, კომპანიამ გაითვალისწინა საერთაშორისო პრაქტიკა და შესაბამისი აბრევიატურები VS, VSOP და XO შემოიღო. შედეგმაც არ დააყოვნა და  დღეს კომპანია “სარაჯიშვილი” კონიაკის ინდუსტრიის ლიდერია ქვეყანაში და ბაზრის 70% უჭირავს. რაც შეეხება ექსპორტს, პროდუქცია 20-მდე ქვეყანაში გადის, მათ შორის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ევროპაში, ამერიკის შეერთებული შტატებსა და ჩინეთში.

დავით აბზიანიძემ მომავალ სომელიეებს საწარმოს საცავები დაათვალიერებინა, სადაც მუხის კასრებში  ინახება ქართული ღვინომასალებიდან კონიაკის კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული უნიკალური ქართული საკონიაკე სპირტები. როგორც მან აღნიშნა, სპირტები ერთმანეთისგან განსხვავდება როგორც ასაკით, ისე გეოგრაფიული ადგილწარმოშობით, ზოგიერთი საკონიაკე სპირტის ასაკი კი 110 წელს აღემატება.

დავით აბზიანიძის თქმით, კომპანია „სარაჯიშვილი და ენისელი“ დღეს განსაკუთრებულათ ამაყობს რამდენიმე უძვირფასესი სამარკო კონიაკით, როგორებიცაა: „სარაჯიშვილი საიუბილეო“და „მეოცე საუკუნე“.  ეს კონიაკები ძალიან ლიმიტირებული რაოდენობითაა ჩამოსხმული და მათი ფასი შსაბამისად მაღალია.

  • ასწლიანი დაძველების კონიაკით დამზადებულ „სარაჯიშვილი საიუბილეო“-ს, კუპაჟში შევიდა 1893 და 1905 წლებში დავით სარაჯიშვილის მონაწილეობით გამოხდილი ორი სახის სპირტი.
  • „მეოცე საუკუნე“-ს კუპაჟი მომზადდა მეოცე საუკუნის ყველა ათწლეულის ქართული საკონიაკე სპირტით, რომელთაგან ყველაზე ძველი თვით დავით სარაჯიშვილის უშუალო მონაწილეობით არის გამოხდილი 1905 წელს, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 1993 წელს შეიქმნა. სულ 17 სხვადასხვა ასაკის სპირტია გამოყენებული.

 

სასწავლო ტურის დასასრულს, თბილისის ღვინის სკოლის პირველი ჯგუფის სტუდენტებმა განსაკუთრებული ემოციებით  დააგემოვნეს „სარაჯიშვილი VS,“ „სარაჯიშვილი VSOP“ და „სარაჯიშვილი XO“.

555_Sarajishvili_VS21111111111111111

555_Sarajishvili_VSOP21111111111111111

555_Sarajishvili_XO211111111111111111111111

 

სტატიაში გამოყენებულია კობა აბრამიშვილის ფოტოები