მზადდება ოთხი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაცია – “ახალქალაქის კარტოფილი”, “ქუთაისის მწვანილი”, “ტყიბულის ჩაი”, “მაჭახელას თაფლი”
სოფლის მეურნეობის პროდუქციის – ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების და გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ერთობლივ ღონისძიებებს გეგმავენ.
გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა წარმოადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს. აგრეთვე, მიჩნეულია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად.
ამჟამად საქართველოში წარმოებული პროდუქციიდან 30-ზე მეტი (ღვინო, მინერალური წყალი, ყველი და სხვ.) რეგისტრირებულია როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის დიდი ნაწილი ქართული ექსპორტის საგანს წარმოადგენს.
2014 წელს ევროკავშირის პროგრამის ENPAღD-ის ფარგლებში (მოიცავს საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს) მომზადდა სპეციფიკაციები ოთხი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის – “ახალქალაქის კარტოფილი”, “ქუთაისის მწვანილი”, “ტყიბულის ჩაი”, “მაჭახელას თაფლი” – რეგისტრაციისათვის, ჩამოყალიბდა ამ სახელების გამოყენების მენეჯმენტის ოთხი ასოციაცია.
როგორც წინასწარი შეფასებები გვიჩვენებს, საქართველოს ამ თვალსაზრისით გააჩნია გაცილებით დიდი პოტენციალი. პრაქტიკულად ყველა რეგიონს, იქ არსებული უნიკალური ბუნებრივი პირობებიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე, აქვს რეალური შესაძლებლობა, აწარმოოს გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული მრავალფეროვანი პროდუქცია და შესაბამისად, ხელი შეუწყოს რეგიონის განვითარებას.
მაღალხარისხიანი და კონკურენტუნარიანი სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს გეოგრაფიული აღნიშვნები წარმოადგენს. გეოგრაფიული აღნიშვნა არის გეოგრაფიული არეალის სახელი, რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის აღსანიშნავად, რომლის განსაკუთრებული თვისებები და ხარისხი უშუალოდ არის განპირობებული ამ გეოგრაფიული ადგილის დამახასიათებელი (ხშირად უნიკალური) გარემო-პირობებით (ნიადაგი, წყალი, ჰავა, ტრადიციული წარმოების წესი).
დღესდღეობით მსოფლიოში ცნობილია ათი ათასამდე გეოგრაფიული აღნიშვნა, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 80 მლრდ. დოლარს. ზოგიერთი მათგანი, მაგ.: შამპანური, კონიაკი, პარმასანი, როქფორი, ბორდო,დარჯელინგის ჩაი, ბასმასის ბრინჯი – დიდი ხანია, საყოველთაოდ არის ცნობილი მსოფლიოში, თუმცა ბოლო ათწლეულებში სულ უფრო მეტი ახალი გეოგრაფიული აღნიშვნა ხდება აღიარებული და პოპულარული როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის ყველაზე განვითარებული სისტემა მოქმედებს ევროკავშირში, სადაც ამჟამად დაცულია 3500-ზე მეტი, ყველა სახის (ღვინო, სპირტიანი სასმელები, ხილი, ბოსტნეული, ყველი, ხორცის ნაწარმი და სხვ.) სოფლის მეურნეობის პროდუქტი.
ყოველწლიურად ევროკავშირის ქვეყნები არეგისტრირებენ 100-ზე მეტ ახალ, გეოგრაფიული აღნიშვნით დაცულ, პროდუქციას. როგორც გამოკვლევები აჩვენებენ, გეოგრაფიული აღნიშვნის მატარებელი პროდუქციის ღირებულება, საშუალოდ, 2.5-ჯერ აღემატება სხვა ანალოგიური პროდუქტების ფასს და სარგებლობს ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნილებით.
გეოგრაფიული აღნიშვნები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ქვეყნების რეგიონალურ განვითარებაში. კერძოდ, მათი გამოყენება შესაბამის რეგიონებში ხელს უწყობს:
• ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და შემოსავლების საგრძნობ ზრდას;
• ამცირებს რეგიონებიდან სამუშაო ძალის გადინებას და პირიქით, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობის ადგილებზე დამაგრებას;
• ზრდის რეგიონის ცნობადობას და ხელს უწყობს აგრარული ტურიზმის განვითარებას.
“საქპატენტსა” და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს შორის უკვე შედგა წინასწარი შეთანხმება ამ მიმართულებით ძალისხმევის გაერთიანების და ერთობლივი სამუშაოების ჩატარების თაობაზე, რომელიც ამჟამად ფორმდება შესაბამისი მემორანდუმით.