ბენედიქტის მონასტრის ოტვილიერის სააბატოს ისტორიის მანძილზე, რომელიც საფრანგეთის პროვინცია შამპანში მდებარეობს, მხოლოდ ერთხელ არ აღსრულდა ცისკრის ლოცვა. ეს მოხდა ადრეული შემოდგომის დილას, 1668 წელს, როცა მონასტრის მევენახე პიერ პერინიონმა აბატს გასასინჯად მის მიერ მომზადებული სასმელი მიართვა. მღვდელმა ერთი ბოკალი სასმელი დალია, მეორეც, მესამეც… იმ დღეს იგი თავისი სულიერი ძმების წინაშე არ წარმდგარა.

ქაფიანმა ღვინომ პოპულარობა სწრაფად მოიხვეჭა. იმის გამო, რომ მისი საიდუმლოს ამოცნობას დიდი ხნის მანძილზე ვერავინ ახერხებდა, თავიდან შამპანური| პროვინციის ცნობილ ღვინოებთან შედარებით, ძვირი ღირდა.

დროთა განმავლობაში პიერ პერინიონის საიდუმლო ამოიხსნა, ხოლო შამპანის დედაქალაქი რეიმსი ახალი, ყველასგან განსხვავებული ღვინის – შამპანურის წარმოების ცენტრად იქცა. ყველაზე დიდი წარმატება წილად მადამ კლიკოს (ქალიშვილობაში ნიკოლ ბარბი) ხვდა.

“მხიარული ქვრივი” შამპანიდან

ოდესღაც ფრანგებმა შამპანურზე სიმღერა შექმნეს, მასში ასეთი სიტყვებია: “მხიარულებით სამყარო დავალებულია ბერისგან და ქვრივისგან”… ეს ჭეშმარიტება გახლავთ.

დომ პერინიონმა მუქი ნალექი გამოყო ცქრიალა ღვინისგან და გადაწყვიტა, რომ ღვთიურ სასმელს სწორედ ის აფუჭებდა. ეს საქმე გააგრძელა მეღვინე ფრანსუა კლიკოს ქვრივმა, ნიკოლ ბარბ კლიკო-პონსარდენმა. სწორედ მადამ კლიკომ მოიფიქრა ხერხი, ეს ნალექი ღვინისგან როგორ გამოეყო. მას შემდეგ რეიმსში დამზადებული ღვინო შამპანის მეღვინეთა მთავარი საზრუნავი და უდიდესი სიამაყეა. შამპანური კი მთელს სამყაროს სიხარულსა და მხიარულებას ანიჭებს.
მადამ ნიკოლ ბარბ კლიკო-პონსარდენი არასოდეს ითვლებოდა მიმზიდველ, გამჭრიახი გონების ან ელეგანტურ ქალბატონად. ამიტომაც არ უყვარდა პოზირება. შემორჩენილია მისი მხოლოდ ერთი პორტრეტი, საიდანაც გვიმზერს თითქოსდა ყველაფრით უკმაყოფილო ქალბატონი, რომელსაც ვერაფრით ვუწოდებთ ქარაფშუტა ან მხიარულ ქალს. სიამოვნების მომგვრელია მისი შთამომავლების მიერ წარმოებული “Veuve Clicquot Ponsardin”.

ცნობილია, რომ ნიკოლ ბარბ კლიკო-პონსარდენი მსუბუქი ზნე-ჩვეულებით, კეთილშობილებით, ხელგაშლილობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ 200 წელზე მეტია, მის სახელს ყველა კონტინენტზე აღფრთოვანებულ სადღეგრძელოებს უძღვნიან, ისმის სიცილი, მხიარულება და სახლებს ადამიანების ღიმილი ანათებს.

***
მადამ კლიკო-პონსარდენმა 89 წელი იცოცხლა. ის თანაშემწეებსა და კონკურენტებს მეწარმის მოუთოკავი სულისკვეთებით აოცებდა, იჩენდა სიმტკიცესა და ნებისყოფას თვით მცირე საქმეშიც. შვილები არ ჰყოლია, ამიტომაც შამპანში მის ოჯახურ საწარმოს შორეული ნათესავები მართავენ. მათი უცვლელი მოთხოვნაა “კლიკოს შამპანური მხოლოდ საუკეთესო ხარისხის უნდა იყოს”, რაც კარგად შეიმეცნეს და წესებსა და ტრადიციებს განუხრელად წმინდად იცავენ კლიკოს სახლში.
სადღეისოდ ღვინის სახლი “Veuve Clicquot Ponsardin” შამპანურის ნამდვილი იმპერია გახლავთ. მისი ვენახები 286 ჰექტარზეა გადაჭიმული, ხოლო ამ ფირმის წარმოებული შამპანურის 85%-ზე მეტი იგზავნება ექსპორტზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ამჟამად, ქალბატონ კლიკო-პონსარდენის ფირმა სოლიდური კონცერნის L.V.M.H. (Louis Vuitton-Moet-Hennessy)-ის სრულუფლებიანი წევრია (1987 წლიდან). მისი პროდუქციის 85%-ზე მეტი მსოფლიოს 110 ქვეყანაში იგზავნება. ამ ღვინის სახლის ფილიალები განთავსებულია ბრაზილიაში, იაპონიაში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში. მათი საფირმო ნიშანი დიდი ხანია, პრესტიჟისა და ცხოვრების ხელოვნების ნიშნად გადაიქცა.

“კლიკოს ქვრივი” უძილობისგან კურნავს

შამპანური ღვინოების ცნობილი სახლი Veuve Clicquot უძილობის პრობლემით დაინტერესდა. კომპანიამ საკუთარი სასტუმროსთვის ცნობილ დიზაინერს, მეთიუ ლეონეს სპეციალური საძინებელი შეუკვეთა, რომელშიც ჯანმრთელი და სრულფასოვანი ძილის ყველა პირობა იქნებოდა შექმნილი.

სწორედ ამ მოთხოვნის მიხედვით დამზადებული უჩვეულო საძინებელი, რომელსაც Once Upon a Dream (ერთხელ სიზმარში) ჰქვია, წარმოადგინეს მათ მსხვილ საერთაშორისო გამოფენაზე Design Miami. ის სპეციალურად სასტუმრო Veuve Clicquot Hotel du Marc-ისათვის შეიმუშავეს.

ყველას, ვინც Once Upon a Dream-ში დაიძინებს, ჯანმრთელი და ღრმა ძილი გარანტირებული აქვს: საწოლის გარშემო ჯერ ნელ-ნელა ეშვება ფარდები, ტემპერატურაც ოდნავ იკლებს და შუქიც ქრება. ყველაფერი ისე ხდება, თითქოს ბუნებაში იძინებთ. ანალოგიურად ხდება გაღვიძებაც – განათება ნელ-ნელა იმატებს და ტემპერატურაც 21 გრადუსს აღწევს. უფრო მეტიც, ჯადოსნური საძინებელი მათაც დაეხმარება, ვინც საათობრივი სარტყელის გამო სიმშვიდეს კარგავს.

საძინებელში გატარებული 20 წუთი ერთი საათის განსხვავებას მოგიხსნით დროში, შესაბამისად, ერთსაათიანი ძილი – სამ საათობრივ სარტყელს უდრის. ამგვარი საძინებელი სწორედ რომ წაადგებოდა მადამ კლიკოს, რომელიც უძილობით იტანჯებოდა. თუმცაღა, ქალბატონის სახელი მადლიერი თაობების მეხსიერებაში არა მისი უძილობით, არამედ არაჩვეულებრივი გამოგონებებით შემორჩა: 1816 წელს “ღვინის ქვრივმა” რემუაჟის (ცქრიალა ღვინის ნალექის დაწდომის პროცესი) პირველი მოწყობილობა შექმნა, რომელიც დღესაც გამოიყენება მეღვინეობაში.

რესტავრაციის შემდეგ ახლად გახსნილ სასტუმრო Hotel du Marc-ში, უცნაურ საძინებელთან ერთად, XIX საუკუნის სტილში მოწყობილ სპეციალურ პავილიონებსაც იხილავთ. აქ სტუმრებს შეუძლიათ, შამპანურითა და მუსიკით ისიამოვნონ. სასტუმროს პავილიონების დიზაინზე ბრაზილიელმა სპეციალისტმა იმუშავა.