ყოველთვის მაინტერესებდა დიდ ქართველ რეჟისორთან, ოთარ იოსელიანთან შეხვედრა, მასთან საუბარი. და, აი, ის თბილისშია, თავისი ფილმის გადასაღებად. ჩემს მეგობრებთან, თამარ ბართაიასთან და ჟანა სარდლიშვილთან ერთად, ვეწვიე სახლში. რას ნიშნავს ღვინო ისეთი ადამიანისთვის, როგორიც ოთარ იოსელიანია, ჩემთვის მუდმივად საინტერესოა. ამიტომ ჩვენი საუბარი ბუნებრივად იწყება ღვინოზე და მის როლზე ბატონი ოთარის შემოქმედებასა თუ ცხოვრებაში…
ოთარ იოსელიანი: საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, ორი ფუნქცია აქვს ღვინოს. ევროპაში ეს უფრო გასტრონომიულია, განსაკუთრებით, იტალიასა და საფრანგეთში. ისინი საჭმელს ჭამენ ღვინოსთან ერთად და მორჩა, იქ ღვინის დანიშნულება სულ ეს არის. ჩვენთან და რუსეთშიც კი, ღვინოს სულიერი ფუნქცია აქვს. საერთოდ, სმა – ეს არის ძალიან სერიოზული რამ, ეს არის განწმენდის და ურთიერთობის, სუფრის პროცესი. საქართველოში ეს ყველაფერი სულიერების მომენტია – კარგი თამადა, სუფრისა და სადღეგრძელოს ტრადიცია. ჩვენთან წესი იყო ასეთი: სუფრასთან კარგი გამონახე ადამიანში, საზიზღარ ნაძირალაშიც კი, და შეაქე, იმ კარგში დაუჭირე მხარი, გეზი აჩვენე, რომ კარგი გზით იაროს, ცუდს ნუ იტყვი მასზე, ისედაც ხომ იცი, ვინც არის.
ადამიანში კარგი თვისებების მხარდაჭერა ხდება ღვინის სმის საშუალებით. გამოცდაც იყო ქართველი კაცისთვის სუფრა. ხომ გსმენიათ: ამასთან მე სუფრასთან აღარ დავჯდები, აურია, ფინთად მოიქცაო. როდესაც სუფრასთან ვსხდებით ქართველები, ერთმანეთის ნდობა და ურთიერთობის დიდი გამოცდილება უნდა გვქონდეს, ვინ როგორ იქცევა და ვინ რისი მკადრებელია. მაშინ არის, ხოლმე, საოცარი აღფრთოვანება და დროსტარება, რასაც მერე მოჰყვება სიმღერა. სიმღერა აუცილებელია იმიტომ, რომ ვინც ვერ მღერის, უბედურია, რადგან ეუბნებიან – გაჩერდი რა, ჩუმად იყავი. ვინც მღერის, ის არის უბედნიერესი კაცი. სიმღერის დროს ამოდის ის, რაც მავნებელია ღვინოში, ორთქლდება… ამიტომ სმა არის მთელი რიტუალი, წესები, მაგრამ ამ წესების დაცვა საბჭოთა კავშირის დროს გადაიზარდა ტყუილსა და მლიქვნელობაში. სადღეგრძელო იყო ტყუილი. აქებდნენ ადამიანს, რომელიც ამას არ იმსახურებდა. თან, ვითომ სარგებელს პოულობდნენ ამაში – ისე კარგად მივიღეთ სტუმარი, მოველაქუცეთ, კუდის ქნევით დავხვდით, ალბათ, კმაყოფილი წავიდა და შესაძლოა, “ჩინ-მენდლებიც” მივიღოთო.
– თქვენ, ძირითადად, საფრანგეთში ცხოვრობთ. მოდით, ამაზე ვისაუბროთ…
– საერთოდ, ფრანგები ძალიან გეოგრაფიული ხალხია. მნიშვნელობას ანიჭებენ ტერუარების ადგილმდებარეობას. ღვინოზე ბევრი გამოთქმაა, მაგალითად, In Vino Veritas… რამდენიც გინდათ, იმდენი ანდაზაა, მაგრამ ყველგან არ იყო ღვინო. დარწმუნებული ვარ, რომ ის ოქროს ვერძი საქართველოში – ეს იყო ღვინის წარმოების საიდუმლოება, თვითონ ჭურისა თუ მარნის ტრადიციის არსებობა, ღვინის მოვლა – რომ ახდი დიდი მოცულობის ქვევრს, მერე აუცილებლად უნდა გადაასხა მცირე მოცულობის ქვევრში, ქვევრიდან ქვევრში, თან ამ ქვევრს მოვლა უნდა – გარეცხვა, გაწმენდა. ქვევრი არ არის ამფორა. ამფორა იყო ღვინის გადაზიდვის საშუალება, მაგრამ ღვინის დაყენების წესი არ იყო ამ ამფორაში. ამიტომ ჩვენ საამაყო გვაქვს, აი, ეს დამზადების ტრადიცია…
თვითონ ღვინის არსებობას, ღვინის მიმართ პატივისცემას მოჰყვა ყველაფერი – სადღეგრძელოების, თამადობის, უფროსობის, მერიქიფეს, სიმღერის წესი. შეიძლება, ასე გადავრჩით… ღვინომ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს არსებობაში, საერთოდ. მე ძალიან ახლოს ვიყავი იოანე პავლე მეორესთან. ის მეუბნებოდა ხოლმე, მე ვიცი, რა ქვეყნიდან მოდიხარ შენ და ჩვენ კიდევ ვიბოროვას მეტი, არაფერი სასმელი არ გვაქვს, ჩემს პოლონეთში მეტი არაფერი არსებობსო.
– გასტრონომიული თვალსაზრისით, ალკოჰოლური სასმელებიდან ყველაზე ახლოს რომელია თქვენთან?
– კალვადოსი. კალვადოსი არის ვაშლის არაყი, აკეთებენ ნორმანდის პროვინციაში. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძველი კალვადოსის დალევა, რადგან კასრში დაყენებულ კალვადოსში ტანინები აღწევენ თანდათან, რაც კალვადოსზე უფრო ძლიერია. კალვადოსი უნდა იყოს მსუბუქი, გამჭვირვალე, ჩალისფერი და ისმევა ძალიან კარგად. სხვათა შორის, წინათ რომ იყო 8 ნომერი კახური ღვინო, ისმებოდა ძალიან ადვილად და მისი დალევა შეიძლებოდა ბლომად. საფრანგეთში გაქრა ეგ წესი, თუ არ ვიცი, რა მოხდა, რა მოუვიდათ ფრანგებს. ალექსანდრე დიუმას რომანების მიხედვით, პორთოსი სვამდა შვიდ-რვა ბოთლ ღვინოს. სად არის ეს ხალხი? გაქრნენ, აღარ არიან. ახლა ფრანგს რომ ნახევარი ბოთლი ღვინო დაალევინო, უკვე აღსანიშნავია.
– თქვენ რითიც დაიწყეთ საუბარი, შეიძლება, ეს არის ზუსტად იმის პასუხი, რომ საფრანგეთში ღვინო გასტრონომიული ატრიბუტი გახდა და არა – სადღესასწაულო. მათთვის ეს ყოველდღიურია უკვე.
– ჯერ ერთი, ფრანგი სადღეგრძელოს არ ამბობს. ერთხელ, ვენეციაში, ფრანგების მიერ გამართულ წვეულებაზე ვიყავი. უბრალოდ, ავწიე ჭიქა და ვთქვი – ქალბატონებს გაუმარჯოს! იქ იყო მაგათი პრემიერ-მინისტრის მეუღლე და მეუბნება, სადღეგრძელო უნდა ითქვას სუფრის დასასრულსო. თქვენი აზრით, სადღეგრძელოს თქმა შეიძლება სუფრის დასაწყისშიო? მე ვუპასუხე: ქალბატონო, ეს აუცილებელია, უნდა დალოცო სუფრა, უნდა მოეფერო იმ ადამიანს, რომელიც შენთან ერთად არის სუფრასთან, ლექსიც უნდა უთხრა, უნდა ასიამოვნო კიდეც, და მაშინ ისმევა ღვინო.
– ბატონო ოთარ, ერთი ასეთი კითხვა გამიჩნდა: ახლახანს ვიმოგზაურე ფრანგულ სოფლებში ბურგუნდიაში, ლუარაღში, ლანგედოკში და ა.შ. ორ რამეს მივაქციე ყურადღება. პირველი, რომ ეს ხალხი ყველა დასაქმებულია. ძალიან მცირე საწარმოები აქვთ – ზოგი ძეხვს აწარმოებს, ზოგი – თაფლს, ზოგი ტრუფელს აკონსერვებს, ზოგი მცირე ოდენობით ღვინოს აკეთებს – ანუ ყველა საქმეს აკეთებს. მეორე – ყველაფერი ძალიან ჩაწკრიალებულია, ღრმა სოფლებშიც კი. რომ დავდიოდით, შედარებისთვის ვამბობდი ხოლმე: ახლა ჩვენ ვართ ადგილზე, რომელიც სიდიდით არის ამბროლაურის ტოლი, ახლა ჩვენ ვართ ზესტაფონში, ახლა ჩვენ ვართ ოყურეშში. არ დევს გარეთ ცოცხი, არ ყრია თოხები, ყველაფერი ძალიან შეკრეჭილია, არის ლანდშაფტური დიზაინი. ეს ხდება ძალიან ღრმა სოფლებში, პატარა სოფლებში. არ არის ჭუჭყი, ხალხი არ ბირჟაობს, ქუჩაში არავინაა საერთოდ. ჩამოვედი ჩემთვის ასჯერ უფრო საყვარელ საქართველოში, ვიდრე საფრანგეთი ან სხვა ქვეყანაა და ისე მოხდა, რომ ჩამოფრენის მეორე დღეს წავედით საზანოში. აბსოლუტურად ყველაფერი საპირისპიროდ არის. როგორ ახსნით ამას?
– მე ვფიქრობ, რომ ამ ყველაფრის ფესვები მაინც “რუსის მოსვლასთანაა” დაკავშირებული. ზოგადად, რუს ხალხს არაფერს ვერჩი, მე ვერჩი რუს ადმინისტრაციას, წარსულსაც და დღევანდელსაც. შენ მოდიხარ და ძალით იპყრობ ქვეყანას და რყვნი მას, შენ თვითონ ტურტლიანი ხარ, ხალხიც ტურტლიანი გყავს, გაქვს მონათმფლობელური წყობილება, ხალხი გაზარმაცებული გყავს და მოდიხარ კულტურულ ქვეყანაში იმისთვის, რომ ის გახრწნა. რაც მთავარია, საეკლესიო მსახურება მიგყავს ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის უცხო ენაზე, თანაც, ეს იმ მოსახლეობისათვის, რომელიც შენზე 700 წლით ადრე იყო ქრისტიანი. ეს იყო ადმინისტრაციული გადაწყვეტილება… გაიხრწნა ქვეყანა, ქრთამი დამკვიდრდა, უსამართლო სასამართლო შემოვიდა, ჩინოვნიკების მმართველობა დამყარდა. მაშინ ყაჩაღი იყო საპატივცემულო ადამიანი, ის იყო მეამბოხე, “მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ” – ასეთი მორალი იყო. ნუ, შემდეგ რაც დაგვემართა, ხომ ხედავ. ნელ-ნელა, ნელ-ნელა შევტოპეთ, ყველაფერი, რაც გვქონდა, გაირყვნა და ამიტომ აღარც სისუფთავე დარჩა, აღარც არაფერი… აი, მაგალითად, ოჯახში რომ შეხვალ, ყველაფერი სუფთაა, მაგრამ, აბა, ქუჩაში გაიარე, რა ხდება…
– აი, როგორ ახსნით მაგას… ეს კატასტროფაა…
– საერთო სიმდიდრე, საერთო ქონება, საერთო სისუფთავე, საერთო სისპეტაკე აღარ გვწამს და ამის ბრალია. იძახიან, რომ გამოსწორდება… ჯერ ღვინიდან დავიწყოთ, კარგი ღვინო გავაკეთოთ და მერე ვნახოთ.
– ბატონო ოთარ, აშკარაა, რომ თქვენ ღვინის თემასთან დაკავშირებით არ გაქვთ გულგრილი დამოკიდებულება, რადგან თქვენთვის ღვინო უფრო მეტია, ვიდრე გასტრონომიული ატრიბუტი…
– პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ ბევრს ვსვამ.
– ღვინოს, თუ კალვადოსს?
– ყველაფერს. ტვინზე ცუდად არ მოქმედებს, პირიქით.
– რომელი ღვინო გიყვართ განსაკუთრებულად?
– რვა ნომერი. აღარ არის, მე მგონი, ხომ ახლა? კახური ღვინო იყო…
– დიახ, კახური ღვინო იყო, ქვევრის ღვინოს რომ ეძახიან.
– ნუ, ეს ისე გეუბნებით, თორემ წითელი ღვინის დალევა ბევრის არ შეიძლება.
– ბატონო ოთარ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება მოგვიყვეთ, როგორ დაიბადა თქვენი ფილმი In Vino Veritas და რას ეძღვნება?
– პირველ რიგში, ფრაზა In Vino Veritas, ალბათ, გასაგებია… “ღვინოშია ჭეშმარიტება”! საქმე იმაშია, რომ ამ ფილმში არის ორი კეთილშობილი ადამიანი. ერთი – უბედური, თავის მამულში ჩაკეტილი არისტოკრატი, რომელიც ცოლის, ოჯახის და რა ვიცი, კიდევ რის მონად არის ქცეული. მეორე – უბრალოდ, ლოთი, მაწანწალა. ეს ლოთი სახლში მიიყვანა ამ არისტოკრატის შვილმა, ჩაიყვანა ღვინის სარდაფში, სადაც გასინჯეს ღვინო და ა.შ. ლოთი გამოვიდა და დაიწყო სეირნობა. სახლის პატრონმა დაინახა და ეკითხება ამ ლოთს:
– თქვენ რამეს ეძებთ? – რამე რომ დავლიო, – პასუხობს ლოთი. – და რა გინდათ, რომ დალიოთ? – არა აქვს მნიშვნელობა, რას… და ისინი სხდებიან, სვამენ და მღერიან. ორივემ ერთი და იგივე სიმღერები იცის… ეს “არა აქვს მნიშვნელობა, რას” ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. რატომ?! რადგან ისინი დასხდნენ და დაიწყეს სიმღერა და აწყვეტინებდნენ რა ერთმანეთს, მათ მოსინჯეს ყველა სიმღერა: შენ ეს იცი? – ეკითხებოდნენ ერთმანეთს და ისევ მღეროდნენ, შემდეგ ისევ სვამდნენ. აი, რაშია საქმე. ამას ვერავინ გაიგებს იმიტომ, რომ ასეთ ფილმებს არავინ უყურებს, არავის ეს არ სჭირდება.
დაე, იყოს ასე. ჩვენ ახლა ჩავიფიქრეთ კინო, რომელსაც არავინ უყურებს, მაგრამ ჩვენ მას მაინც გადავიღებთ!