საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და თბილისის მერიიის მხარდაჭერით “თბილისობის” დღესასწაულზე წელს პირველად “ღვინის ქალაქი” მოაწყო. რიყეზე საინფორმაციო-საგანმანათლებლო დატვირთვის მქონე სიმბოლური “ღვინის სახლები” დაიდგა: “კახეთი”, “იმერეთი”, “რაჭა-ლეჩხუმი”…
აქ დღესასწაულის მონაწილეებს შეეძლოთ, არამარტო სხვადასხვა კომპანიის რჩეული ღვინოები დაეგემოვნებინათ ან ფასდაკლებით შეეძინათ, არამედ “სახლების კედლებსა” თუ სპეციალურ ბანერებზე დაბეჭდილი საინტერესო ინფორმაციებიც წაეკითხათ – ქართული ღვინის ისტორიის, ჯიშების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა თუ მთავარი მწარმოებლების შესახებ.
ამავე დროს, “თბილისობის” სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, სასიამოვნო მუსიკით დამტკბარიყვნენ, რადგან სპეციალურად მათთვის “ღვინის ქალაქის” სცენაზე კონცერტებს ჯგუფი “ფრანი” მართავდა.
“ღვინის ქალაქი” თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტების, თეატრ “ნაბადის”, ღვინის კომპანიების წარმომადგენლებისა და ქართველი სომელიეების მიერ თეატრალიზებული ღვინის აღლუმით გაიხსნა (რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი).
აღლუმის მონაწილეები მეტეხის ხიდის გავლით მიადგნენ “ღვინის ქალაქს”, სადაც “კარიბჭე” სიმბოლური გასაღებით გახსნეს საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ღვინის საპატიო ელჩმა შალვა ხეცურიანმა, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა.
“ღვინის ქალაქის” გასაღები საზეიმოდ გადაეცა თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას, როგორც ამ ქალაქის მთავარ მეციხოვნესა და მცველს…
“ღვინის ქალაქში” ცხოვრება ორი დღის მანძილზე დუღდა, ღვინის სახლები სტუმრებს ვერ აუდიოდნენ, ბევრი ღვინო და ინოვაციური ჭაჭის კოქტეილი დაჭაშნიკდა, სოფლებიდან საგანგებოდ ჩამოტანილი ნობათი – ჩურჩხელა თუ თათარა დაგემოვნდა… და “თბილისობა 2014”-მა წარსულში გადაინაცვლა.
“ღვინის ქალაქიც” მომავალ “თბილისობამდე” დაგვემშვიდობა…