კადრი №1

საფერავისთვის ექსკლუზიური ბოკალის აუცილებლობაზე ფიქრი საქართველოს სომელიეთა ასოციაციის დამფუძნებელმა ჯერ კიდევ 2001 წლიდან დაიწყო, როცა თავად პირველად აღმოჩნდა გეორგ რიდელის ვორქშოფზე“. მსოფლიოში ცნობილი ბოკალების მწარმოებელი, ავსტრიული კომპანია რიდელის“ მეოთხე თაობის წარმომადგენელი, გრაფი რიდელი დამაჯერებლად ყვებოდა, თუ რა მნიშვნელობა აქვს ღვინის ჯიშის, მისი გემოვნური თვისებებისა  და არომატის აღსაქმელად სასმისის ფორმას.

მაშინ მხოლოდ ოცნების სფეროს განეკუთვნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ქართული ღვინის ერთ-ერთი უნიკალური ჯიშისთვის, საფერავისთვის, სწორედ რიდელი შექმნიდა ექსკლუზიურ ბოკალს. არადა, რიდელის კოლექციის ოცეულში მოხვედრა საფერავის საერთაშორისო ცნობადობის გაზრდის საუკეთესო შესაძლებლობა იქნებოდა…

“პირადად მე ერთი წუთითაც არ შემიწყვეტია ფიქრი იმაზე, თუ როგორ დამეინტერესებინა ცნობილი ავსტრიელი ოსტატი და დამერწმუნებინა იგი, რომ საფერავის ჯიშისგან დამზადებული ღვინო უდავოდ იმსახურებდა ექსკლუზიურ ბოკალს და მის კოლექციაში მოხვედრას,” – ამბობს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი და იხსენებს ერთ საინტერესო ფაქტს: “2013 წელს ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში 15-მა საერთაშორისო ღვინის კრიტიკოსმა მოვაწყვეთ საფერავის დახურული დეგუსტაცია, მოვიწვიეთ თავად ბატონი რიდელი და შევარჩიეთ რამდენიმე პროტოტიპი, რომელიც საუკეთესოდ მივიჩნიეთ საფერავის გემოვნური თვისებების აღსაქმელად… სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რიდელმა ფიქრი საფერავის ბოკალზე, იგი არამარტო დაინტერესდა, არამედ აენთო კიდეც და რამდენიმე თვეში თავად შექმნა ორი უნიკალური ფორმა, რომელიც, მისი აზრით, საფერავისთვის კარგი იქნებოდა. ეს ბოკალები მან თავის სხვა თექვსმეტ ბოკალში „ჩამალა“ და ჩამოიტანა საქართველოში, რათა ქართველ მეღვინეებს, ღვინის ექსპერტებსა თუ სომელიეებს თავად ამოერჩიათ საუკეთესოთა შორის საუკეთესო“.

და, ასე დაიწყო ბროლის სიმფონია საფერავისთვის, თავდაპირველად,  თბილისში…

კადრი №2

საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მოწვევითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, 5-7 ივნისს თბილისს მსოფლიოს წამყვანი ღვინის ჭიქების მწარმოებელი ავსტრიული კომპანია RIEDEL-ის მფლობელი გეორგ რიდელი სტუმრობდა. მან საქართველოს გამორჩეულ მეღვინეებთან, სომელიებთან და ექსპერტებთან ერთად, საფერავის ექსკლუზიურ ღვინის ჭიქის პროტოტიპი შეარჩია

მშობლიური ავსტრიისთვის დამახასიათებელი კონსერვატიული მანერებით, მშვიდი ტემბრითა და ოდნავ აქცენტშეპარული ინგლისურით გეორგ რიდელი ესალმება დარბაზში შეკრებილ სტუმრებს. ყურადღებას იპყრობს მისი იდეალური დგომის მანერა, მაღალი შუბლი, გამჭოლი ლურჯი თვალები. იგი კარიერის ზენიტში მყოფ დიპლომატს უფრო მოგაგონებთ, გამოზომილი, დინჯი მოძრაობით, ასეთივე გამოზომილი საუბრით – გაჯერებული მოკრძალებული იუმორითა და ხალხმრავალ აუდიტორიასთან მრავალწლიანი გამოცდილებით.

მაგიდებზე სიმეტრიულად განლაგებული სხვადასხვა ზომის ბოკალების ფონზე ჭარბობს წითელი და შავი: რიდელის ფერები.

გეორგ რიდელმა, რომელიც საქართველოს ორი დღით სტუმრობს, ქართველ მეღვინეებთან, სომელიეებთან, ღვინის კრიტიკოსებთან ერთად, უნდა გამოავლინოს საფერავის ჭიქის პროტოტიპი. პირველ დღეს კი უთმობს, ზოგადად, რიდელის ფენომენის გაცნობას. ამ ფენომენმა, დაახლოებით 50 წლის წინ, ფაქტობრივად, კვანტური ნახტომი მოახდინა მინის წარმოების ისტორიაში, როდესაც გეორგის მამამ, კლაუს რიდელმა შექმნა ექსკლუზიური ბოკალი წითელი ბურგუნდიული ღვინისთვის. დღეს ეს ბოკალი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის ექსპონატია. ამ ქმნილებით კლაუსმა კომპანია დააყენა მომავლის გზაზე, შესთავაზა რა მსოფლიოს თავისი აღმოჩენა, რომ ღვინის მიღებისას ჭიქის მოცულობას და დიზაინს შეუძლია, არსებითად იმოქმედოს ჩვენს ხუთივე გრძნობის ორგანოზე.

გეორგის სახით კი, მეთერთმეტე თაობაში, ავსტრიელ მინის ოსტატთა დინასტიამ საყოველთაოდ გაითქვა სახელი იმით, რომ წარმოადგინა ახალი მიდგომა, ახალი ფილოსოფია – თითოეულ ყურძნის ჯიშს სჭირდება თავისი შესაფერისი ჭიქა, რომ მთლიანად წარმოჩინდეს ღვინის თვისებები. როგორც თავად გეორგი გვიყვება, ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი ამ აზრის მიმართ და გვთავაზობს, თავად შევაფასოთ, ღირს დაჯერება თუ არა…

პროცესი იწყება, წარმოდგენილი სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის სასმისი თითოეული მონაწილისთვის ერთი სახეობის ღვინის სხვადასხვა სურათს ხატავს და უფრო და უფრო ძნელდება – არ დაიჯერო…

რიდელის სადეგუსტაციო შოუ ნაწილობრივ ფიზიკის ლექციად იქცევა, როდესაც გვიხსნის, რომ სასმისის სიმაღლის შეცვლით და ასევე ღვინის ზედაპირის ფართობის შეფარდებით ბოკალის ზედა დიამეტრთან, ხდება მძიმე აქროლადი ნივთიერებების აღქმის გაძლიერება ან შესუსტება. ბოკალის ფეხი კი, სიგრძიდან გამომდინარე, სასმელს მიმართავს ენის ახლო ან შორეულ ზონებში, რომლებიც სხვადასხვა გემოვნებით შეგრძნებებს გვიტოვებენ: წინა ზონა – ტკბილს, უკანა  – ცხარესა და მწარეს, გვერდითი – მჟავესა და მლაშეს.

მეორე დღეს, გეორგი “საფერავის” ბოკალის პროტოტიპის შერჩევას ანდობს უკვე ჩვენი ქვეყნის წამყვან ღვინის სპეციალისტებს, რა თქმა უნდა, თავისივე მოდერატორობით და მრავალჯერ ნაცადი მეთოდით. 16 წარმოდგენილი ნიმუშიდან დამსწრე საზოგადოების უმრავლესობამ, ორსაათიანი ძიების შედეგად, გამოავლინა ერთი – “საფერავი”-სთვის ყველაზე მოხდენილი, მისი არომატის, ვიზუალისა და გემოს ყველაზე ეფექტური გადმომცემი. 11 – არის  ამ, თითქმის ერთსულოვნად ამორჩეული, ჭიქის ნომერი (ეს ჭიქა “შირაზის” ღვინისთვის აქვს რიდელს შექმნილი).

 როდესაც რიდელი წყვეტს, შექმნას სასმისი კონკრეტული ჯიშისთვის,  ეს ნიშნავს,  რომ ეს ჯიში ღირსეულია. ეს ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე აღიარების დასაწყისია და მომავალში მსგავს წარმატებებს სხვა ქართული ღვინის ჯიშებისთვისაც შეიძლება, მივაღწიოთ. მომავალში  ვგეგმავთ, ექსკლუზიური ჭიქა ქვევრის თეთრი ღვინისთვის და ჭაჭისთვის  შეიქმნას, – აცხადებს რიდელის მთავარი მასპინძელი საქართველოში და ამ პროექტის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ღვინის საპატიო ელჩი შალვა ხეცურიანი.

უკვე ამ წუთიდან იზრდება საფერავის ცნობადობა, მისი გასინჯვის სურვილი და იკაფება ახალი გზები ქართული ღვინის უკეთ “დინებისთვის”.

საფერავის ბოკალის სიმფონია ავსტრიაში გაგრძელდა…

 

100_3104

კადრი №3

ქართველი ექსპერტების მიერ შერჩეული საფერავის ბოკალის პროტოტიპი გეორგ რიდელმა კვლავ ავსტრიაში წაიღო და მასზე დაყრდნობით შექმნა საფერავის ჭიქის 12  უნიკალური ფორმა. ამ თორმეტი უნიკალური ფორმიდან  სამის შესარჩევად და საქართველოში ჩამოსატანად ამჯერად ავსტრიას შალვა ხეცურიანი სტუმრობდა, “რუსთავი 2”-ის გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ გადამღებ ჯგუფთან ერთად.

ჟურნალისტ თენგიზ გოგოტიშვილის მომზადებულ სიუჟეტში გეორგ რიდელი ამბობს: ყურძნის ყველა ჯიშს საკუთარი დნმ აქვს. ჩვენი ჭიქის ამოცანა ამ დნმ-ის გამოვლენაა. მთავარია, რისი გამოყოფა გსურს ამა თუ იმ ღვინოში, სასმისის ფორმაც და ზომაც ამის მიხედვით იქმნება. საფერავის შემთხვევაში პინო ნუარის ჭიქამ არ იმუშავა, არც კაბერნეს ჭიქამ. შირაზის მხოლოდ რამდენიმე ჭიქამ გაამართლა. დავრწმუნდი, რომ საფერავს ახალი, საგანგებო სასმისი სჭირდება ჩვენს კოლექციაში. მეღვინე, რომელიც ამ ჭიქით გასინჯავს საკუთარ ღვინოს, იტირებს! აცხადებს გრაფი რიდელი.

ავსტრიაში, რიდელის კომპანიაში გამართული დეგუსტაციის შედეგად “საფერავის” 12 ფორმიდან სამი საუკეთესო შეირჩა, რომელიც კვლავ თბილისში “დაბრუნდა” ერთი საუკეთესოს ამოსარჩევად. სომელიეთა ასოციაციაში შეკრებილმა 50-მდე ადამიანმა კი დეგუსტაციის შედეგად, ხმათა უმრავლესობით ერთი საუკეთესო შეარჩია.

საფერავის ბოკალის დასრულებული ვერსიის პრეზენტაცია  თბილისში, 4 ოქტომბერს, ახალდაწესებულ ღვინის დღეს გაიმართა

 

100_3155

კადრი №4

საფერავის ბოკალის დაბადების აღსანიშნავი საზეიმო მიღება “თბილისი-მარიოტში” საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან დავითაშვილის ინიციატივით გაიმართა.

მიღებას ესწრებოდა თბილისის მერი დავით ნარმანია, ასევე ესწრებოდნენ ბიზნესის, ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები.

ქართველმა სომელიეებმა სტუმრებს წარუდგინეს გეორგ რიდელის მიერ შექმნილი, საფერავის ექსკლუზიური ბოკალი.

იმ დღესვე ღვინის პირველი ორი ექსკლუზიური ჭიქა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს გადაეცათ.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საფერავის ბოკალის დაბადების ისტორია მნიშვნელოვან ეპიზოდად შევა საქართველოს სომელიეთა ასოციაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ერთობლივ პროექტში – ფილმი ქართულ ღვინოზე, რომლის რეჟისორიც არის  ქალბატონი ნანა ჯორჯაძე.

აქვე წარმოგიდგენთ, რომ კომპანია “რიდელის” ბრენდამბასადორი საქართველოში იქნება სომელიეთა ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი, თემურ ბენიძე, რომელიც მსურველებს რიდელის შექმნილი ბოკალებისა თუ ღვინის აქსესუარების შეძენაში კონსულტაციებს გაუწევს.

***

მაშ ასე, ღვინის ენთუზიასტებისთვის “ საფერავის” დაგემოვნება, ალბათ, წარმოუდგენელი იქნება მისთვის შექმნილი სასმისის გარეშე, რომელიც საქართველოსთვის რიდელმა შექმნა, ხოლო რიდელის დამფასებლებისთვის გაიზრდება ინტერესი საფერავის მიმართ. ქართველ მეღვინეებს კი უფრო მეტი ხალისი მიეცემათ, აწარმოონ უმაღლესი ხარისხის სასმელი. მარტივია…

ისღა დაგვრჩენია, ავირჩიოთ დეკანტერი – ღვინისთვის განკუთვნილი მინის ჭურჭელი, რომელშიც ისევ რიდელი დაგვეხმარება, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა…

ნატო გუბელაძე;

ნინო კაკიაშვილი.