2015 წლის “იაგოს ჩინური”-ს პირველი ქვევრი “თბილისის ღვინის სკოლელებმა” დააჭაშნიკეს
იაგოს მარნის 2015 წლის მოსავლის პირველი ქვევრის დაჭაშნიკების პატივი „თბილისის ღვინის სკოლის“ სტუდენტებს ხვდათ წილად.
ცნობილმა ქართველმა ნატურალისტმა მეღვინემ, სოფელ ჩარდახში, საკუთარ მარანში ჯერ მასტერკლასი ჩაუტარა მეღვინეობით დაინტერესებულ სტუმრებს, ხოლო შემდეგ 3 ტონიან ქვევრს ყველას თვალწინ მოხადა სარქველი და 2015 წლის „იაგოს ჩინური“ მათთან ერთად დააგემოვნა.
„დაახლოებით 10 წლის წინ არათუ რაიმე სკოლა, ის ადამიანებიც კი ძალიან ცოტანი იყვნენ, ვისთვისაც შეგეძლო, რაიმე გეკითხა ამ სფეროში. მიხარია, რომ დღეს ასეთი ინტერესია მეღვინეობის მიმართ საქართველოში, უკვე არის რამდენიმე სკოლა, არიან ადამიანები, ვინც ატარებენ სალექციო კურსებს, უფრო მეტი და მეტი მსურველი იღებს ამაში მონაწილეობას. ეს არ არის პატარა ამბავი. პირადად მე ძალიან მიხარია, რადგან ამ ყველაფერს მოაქვს ქვეყანაში ღვინის კულტურის ჩამოყალიბება და გაზრდა, რაც პირდაპირ აისახება ღვინის ხარისხზე. ადრე ბოთლის ღვინო იყიდებოდა მხოლოდ მაშინ, თუ საჩუქრად გვინდოდა. არ გვქონდა არცერთი ღვინის ბარი თბილისში. დღეს აბსოლუტურად შეცვლილია ეს ყველაფერი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
ქართული ღვინო ქვეყნის შიგნით ხდება პოპულარული და ესა არაა პატარა საქმე, რადგანაც იმ ქვეყნებში, რომელსაც დღეს ღვინის ქვეყნები ქვია, ძირითადად მაინც შიდა ბაზრის მოხმარებაზე დგას მეღვინეობა, – ასე დაიწყო საუბარი იაგო ბიტარიშვილმა საქართველოს სომელიეთა ასოციაციასთან არსებულ „თბილისის ღვინის სკოლის“ წარმომადგენლებთან და შემდგომ საკუთარ გამოცდილებაზე, ნატურალურ მეღვინეობაზე, ასევე – ბიო და ბიოდინამიკურ მიმართულებებზე ესაუბრა მათ.
რა არის ნატურალური მეღვინეობა, რა არის იაგო ბიტარიშვილისთვის ნატურალური ღვინის ფილოსოფია, რა განსხვავებაა ბიომიმართულებასა და ბიოდინამიკას შორის, რატომ არ მოყავს 3 ტონაზე მეტი ყურძენი,შესაბამისად ვერ აკეტებს 5000 ბოთლზე მეტ ღვინოს, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მოსავალს, ფაქტობრივად, წინასწარ ყიდის ევროპაში, ამერიკასა თუ იაპონიაში. რატომ განიცდის, რომ ვერ ახერხებს ღვინის დაძველებას და კიდევ უამრავ საინტერესო თემაზე შედგა საუბარი იაგოს მარანში, ბუხრის პირას გაშლილ სუფრასთან.
ამ დეტალებზე სულ მალე მოგითხრობთ სომელიეთა ასოციაციის ჟურნალ „ღვინო“-ს უახლოეს ნომერში, რომლის დამფუძნებელი, გამომცემელი და მთავარი რედაქტორი გახლავთ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი.
ნატო გუბელაძე