13-15 მარტს გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა „Prowein Dusseldorf 2016“ გაიმართა, სადაც მსოფლიოს 50-მდე ქვეყნის 6000 კომპანიის ღვინოები იყო წარმოდგენილი, დაახლოებით 52000 დამთვალიერებელი და 1000 ჟურნალისტი მონაწილეობდა მთელი მსოფლიოდან.
Prowein Dusseldorf ითვლება ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საუკეთესო ექსპერტების შეხვედრის ადგილად მსოფლიოში.ის მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენაა და წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან მათ საშუალება ეძლევათ, დაამყარონ ახალი კონტაქტები და მოიძიონ იმპორტიორები, გაეცნონ თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მომსახურებებს.
გამოფენის გახსნას საქართველოს ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბატონი ლადო ჭანტურია დაესწრო .
გარდა იმისა, რომ გამოფენაზე მოწყობილი იყო სხვადასხვა ფორმატის სადეგუსტაციო სივრცეები, ასევე – იმართებოდა მასტერკლასები, პრეზენტაციები, კულინარული შოუები, კონფერენციები, დისკუსიები.
დიუსელდროფის გამოფენა პირველად 1994 წელს ჩატარდა და როგორც ცნობილია, საქართველო აქ ერთიანი ეროვნული სტენდით 2000 წლიდან მონაწილეობს.
წელს Prowein Dusseldorf 22-ედ ჩატარდა და ქართული ღვინის მწარმოებელი 15 კომპანია მონაწილეობდა.
დამთვალიერებელთა მხრიდან ქართული ღვინის მიმართ ინტერესი საკმაოდ დიდი იყო. მათ საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ შემდეგი ქართული კომპანიების პროდუქცია: ბაგრატიონი 1882, ვაზიანი კომპანი, ვაინმენი, თბილღვინო, კორპორაცია ქართული ღვინო, კორპორაცია ქინძმარაული, GWS, მეღვინეობა ხარება, შატო მუხრანი, შუმი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, თელავის ღვინის მარანი, ბესინი, კახური და თელიანი ველი.
ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ღვინის ბიზნესის განვითარების ხელშემწყობი და ბაზრების კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, აგრეთვე იმ კომპანიების ხელმძღვანელობასთან, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან.
კომპანიების Prowein-ზე მონაწილეობას ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით უზრუნველყვეს: ასოციაციამ „ქართული ღვინო“ და კახეთის „მეღვინეთა გილდიამ“.