ფოტოისტორიები

ფოტოს, რომელსაც  წარმოგიდგენთ, პირობითად “გურჯაანის მარანი” დავარქვით. მასზე მარნის მშენებლობის პროცესია ასახული და 1934 წელსაა გადაღებული კახეთში, გურჯაანში. ფოტოსურათი ისტორიული და ამავდროულად, უნიკალურია.

ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც ქვევრები ქარხნულ მიმართულებაში ჯერ ბუტებმა, ხოლო შემდგომ ლითონის ცისტერნებმა ჩაანაცვლა. ისიც უნდა ითქვას, რომ ქვევრ-მარნები საქართველოში, სურათზე აღბეჭდილი პერიოდის შემდეგაც შენდებოდა, მაგრამ ეს უფრო  – ოჯახურ პირობებში.  ღვინის ქვევრში დაყენება, მართალია, ბოლო პერიოდში შესუსტებული იყო, მაგრამ არასოდეს შეწყვეტილა ჩვენი ისტორიის პერიოდში!

ფოტოზე დაფიქსირებულ მშენებარე მარანში ქვევრები 8 მწკრივადაა ჩალაგებული და მათი საერთო რიცხვი დაახლოებით 120-მდეა. ფოტოსურათის კომპიუტერული შესწავლის შემდეგ ირკვევა, რომ ქვევრები ახლები არაა, ისინი ნახმარია და სავარაუდოდ, სხვადასხვა ადგილებიდანაა მოტანილი, რასაც, ალბათ, წინ უძღოდა მათი შეძლებისდაგვარად დახარისხება, ანუ მარნის მშენებლობის ადგილას თავმოყრილია დაახლოებით ერთი და იმავე მოცულობის 2000-3000 ლიტრიანი ქვევრები. მართალია, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს გრანდიოზულ მასშტაბებთან, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ქართული მარანი სწორედ ამგვარი პრინციპით შენდებოდა. საუბარია იმაზე, რომ თავდაპირველად ითხრება ერთიანი საქვევრე ორმო, რომელშიც გარკვეული კანონზომიერებით ლაგდება ქვევრები, რომლებსაც შემდეგ ყელამდე ეყრება მიწა.

რაც შეეხება სურათზე აღბეჭდილი ქვევრების ფორმებს, თვალნათელია რამდენიმე მექვევრის ხელი და ეს გასაკვირი არცაა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ქვევრები ნახმარია და თან, სხვადასხვა ადგილიდანაა მოზიდული.

ვხვდებით იმერულ სტილსაც, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ქვევრები იმერეთიდანაა ჩამოტანილი. კახეთში არაერთი იმერელი მექვევრე საქმიანობდა როგორც გასულ საუკუნეში, ისე – XIX საუკუნეშიც და სურათზე ნაჩვენები ზოგიერთი ქვევრი, რომელსაც “იმერული ხელი”ეტყობა, შესაძლოა, სწორედ მათ მიერ დამზადებულია.

გიორგი ბარისაშვილი