მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ „დეკანტერი“-ს კონსულტანტ-რედაქტორი, WSET-ის საპატიო პრეზიდენტი სტივენ სპურიე საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტის, შალვა ხეცურიანის მოწვევით, 6-9 ოქტომბერს საქართველოს სტუმრობდა.
ბატონი სტივენი ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსის ჟიურის თანათავმჯდომარე იყო და 19 ნომინაციაში საუკეთესო ქართული ღვინოების გამოვლენაში მიიღო მონაწილეობა.
ბატონი სპურიე ესწრებოდა კონკურსის საზეიმო დაჯილდოების ცერემონიასაც, რომელიც 8 ოქტომბერს „ივენთ ჰოლ“-ში გაიმართა. მან დიპლომები გადასცა როგორც კონკურსში გამარჯვებული ღვინოების მწარმოებლებს, ასევე – თბილისის ღვინის სკოლისა და WSET-ის კურსდამთავრებულებს. მან მონაწილეობა მიიღო ასევე სომელიეთა ინაუგურაციაში.
საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ კი მაღალი რანგის საპატიო სტუმარი, ბატონი სტივენ სპურიე, ღვინის სამშობლოდ საქართველოს აღიარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის “ქართული ღვინის ორდენი” -თ დააჯილდოვა.
ვიზიტი განხორციელდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ტურიზმის ადმინისტრაციისა და „მარანი ხეცურიანი“ -ს მხარდაჭერით.