საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი ღვინოზე, სახელწოდებით „ღვინის ნულოვანი მერიდიანი”. ფილმი ეძღვნება ქართული ღვინის წარმოების 8000-წლიან უწყვეტ ისტორიას და კიდევ ერთხელ წარმოაჩენს საქართველოს, როგორც ვაზის და ღვინის სამშობლოს.
იგი მოგვითხრობს ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურაზე, მსოფლიოს წამყვან ღვინის ქვეყნებზე, ღვინის დაყენების ტრადიცულ მეთოდებსა და მის ნაირსახეობებზე. გვაცნობს საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის მთავარ რეგიონებს, წამყვან ჯიშებს, მარნებსადამეღვინეებს.
ფილმის რეჟისორია ცნობილი ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძე, კონცეფციის ავტორი და პროდიუსერია – საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, „მარანი ხეცურიანი“-ს დამფუძნებელი შალვა ხეცურიანი, სცენარის ავტორია თამარ ბართაია, დამდგმელი ოპერატორი – მიხეილ კვირიკაძე, აღმასრულებელი პროდიუსერი – ჟანა სარდლიშვილი, მთავარ როლშია – რევაზ ხეცურიანი.
ფილმი „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“ უკვე რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია:
FILM FESTIVAL OENOVIDEO
WINE & CAVA INTERNATIONAL FILM FESTIVAL, MOST 2016
HOLLYWOOD INTERNATIONAL INDEPENDENT DOCUMENTARY AWARDS
HOLLYWOOD INTERNATIONAL MOVING PICTURES FILM FESTIVAL
WORLDFEST HOUSTON
ფილმი შეიქმნა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „მარანი ხეცურიანი”-ს ფინანსური მხარდაჭერით.
ქართული ფილმის, „ღვინის ნულოვანი მერიდიანი“-ს საერთაშორისო საპრემიერო ჩვენებები უკვე გაიმართა დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. საქართველოში ფილმის პრემიერა დაგეგმილია 2018 წლის გაზაფხულზე.