8 ოქტომბერს, საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ “ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი 2017”–ის გამარჯვებულები გამოავლინა.
ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, თბილისის მერიის და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში.
ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი უკვე მეოთხედ ტარდება და მისი მიზანია, გამოავლინოს საქართველოში წარმოებულ ღვინოებს შორის საუკეთესოები. კონკურსის საზეიმო დაჯილდოებაზე ტრადიციულად, დასახელდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ დაწესებული “ქართული ღვინის ორდენი“-ს სამი კავალერი:
- სტივენ სპურიე, საქართველოს ღვინის სამშობლოდ აღიარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის;
- ახალი ღვინის ფესტივალი (იაგო ბითარიშვილი და მალხაზ ხარბედია) – ღვინის მცირე მეწარმეობის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
- საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში (La Cité du Vin) ქართული ღვინის ისტორიისა და კულტურის წარმოჩენისა და გამოფენის -„საქართველო – მევენახეობის აკვანი” Georgia, cradle of Viticulture ორგანიზებისთვის ქართული ღვინის ორდენები გადაეცათ: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრს „საქპატენტს“.
კონკურსის პროფესიული ჟიურის წევრები იყვნენ ენოლოგები და სომელიეები. წელს პროფესიულ ჟიურის ორი თანათავმჯდომარე ჰყავდა: შალვა ხეცურიანი (საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, „მარანი ხეცურიანი”-ს დამფუძნებელი) და სტივენ სპურიე – მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი ღვინის ექსპერტი, ჟურნალ “დეკანტერი”-ს (Decanter) კონსულტანტ-რედაქტორი, საფრანგეთში ღვინის აკადემიის (L’Academie du Vin) და კრისტის (Christie’s) ღვინის კურსების დამფუძნებელი, ღვინის წიგნების ავტორი.
აღსანიშნავია, რომ კონკურსში მონაწილეობდა ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელთა უმრავლესობა, მათ შორის – მცირე მარნებიც.
ტრადიციულად, კონკურსზე წარმოდგენილი ღვინოები დააგემოვნა სახალხო ჟიურიმაც, რომლის წევრები წელს დიპლომატები იყვნენ. სახალხო ჟიურის თავმჯდომარე კი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ბატონი დავით ჯალაღანია გახლდათ.
კონკურსის საზეიმო დაჯილდოების ცერემონია „ივენთ-ჰოლში“ გაიმართა, სადაც საპატიო სტუმართა შორის იყვნენ ქალბატონი ნანი ბრეგვაძე და ანსამბლი „ქართული ხმები“ .
ქართული ღვინის მე-4 ეროვნული კონკურსზე გამარჯვებული ღვინოები 19 კატეგორიაში გამოვლინდა. ასევე, თითოეულ კატეგორიაში, ჟიურის ქულების მიხედვით შედგა ფინალში გასული ღვინოების რეიტინგი. გამარჯვებულებს სპეცილური დიპლომები და პრიზები გადაეცათ, რომელიც საგანგებოდ კონკურსისთვის შეიქმნა.
ღონისძიებაზე სერტიფიკატები მიიღეს ასევე „თბილისის ღვინის სკოლის“ (მათ შორის, WSET-ის) კურსდამთავრებულებმა.
ცერემონიაზე საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ სომელიეს სტატუსი მიანიჭა სოფო კობაიძეს და ნათია ლომიძეს, ხოლო ასისტენტ სომელიეს სტატუსი – მარიამ ლეკიშვილსა და ირაკლი ნონიაშვილს.
პროექტის პარტნიორები არიან: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, ქ. თბილისის მერია, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სასტუმროები: Rooms Tbilisi, Iota Tbilisi , Fabrika და პარფიუმერიულ მაღაზიათა ქსელი “Voulez-Vous”
აქვე გაგაცნობთ კონკურსში გამარჯვებული ღვინოებს:
- საუკეთესო წინანდალი
კახური ღვინის მარანი – წინანდალი 2010
კონჭო და კომპანია – წინანადალი 2013
- საუკეთესო მწვანე
კახური ღვინის მარანი – მანავის მწვანე 2014
შუმი – მწვანე 2013
- საუკეთესო რქაწითელი
მათრობელა – რქაწითელი 2016
- საუკეთესო თეთრი ღვინო
შატო მუხრანი – საიდუმლო კოლექცია 2015
- საუკეთესო ვარდისფერი ღვინო
თელიანი ველი – საფერავი. ვარდისფერი ღვინო 2015
- საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო
შატო მუხრანი – საიდუმლო კოლექცია 2014
კონჭო და კომპანია – ალექსანდროული 2014
- 7. საუკეთესო წითელი ნახევრადმშრალი და ნახევრადტკბილი ღვინო
იკანო – საფერავი/მერლო ნახევრადტკბილი ღვინო 2015
- 8. საუკეთესო საფერავი
ტიფლისკი ვინნი პოგრებ – საფერავი 2016
თელიანი ველი – საფერავი 2016
- საუკეთესო მუკუზანი
კონჭო და კომპანია – მუკუზანი 2013
- საუკეთესო პრემიალური საფერავი
ქართული ღვინის სახლი – საფერავი 2015
- საუკეთესო ხვანჭკარა
თბილღვინო – ხვანჭკარა 2016
- საუკეთესო ქინძმარაული
შილდა – ქინძმარაული 2015
- საუკეთესო უსახელოური
შილდა – უსახელოური 2015
- საუკეთესო ქვევრის ბუნებრივი ქარვისფერი ღვინო
თორნიკე მეტრეველი – რქაწითელი ქვევრის 2015
შატო სვანიძე – რქაწითელი ქვევრის 2013
დათო ჩიხლაძე – კახური მწვანე ქვევრის 2015
- საუკეთესო ქვევრის ბუნებრივი წითელი ღვინო
პაპუნას მარანი – საფერავი 2016
პეტრიაანთ მარანი – საფერავი 2016
შაქარაშვილი – საფერავი 2016
დორემი – ოჯალეში 2016
თეგანი – საფერავი 2016
- საუკეთესო ქვევრის ქარვისფერი ღვინო
დანიელი – ქისი 2016
ვინეპონტო – ხიხვი 2016
გავაზი ქვევრის თეთრი – 2013
ვინეპონტო – ქისი 2016
- საუკეთესო ქვევრის წითელი ღვინო
ქვევრის ღვინის მარანი – საფერავი 2016
კონჭო და კომპანია – საფერავი 2013
ვინივერია – საფერავი 2014
შუხმან ვაინს ჯორჯია – საფერავი 2015
გავაზი ქვევრის წითელი- 2010
ვიტავინეა. საფერავი 2015
- საუკეთესო ჭაჭა
თელიანი ველი – ჭაჭა ვერცხლი
- საუკეთესო ჭაჭა, დავარგებული
კახური ღვინის მარანი – ჭაჭა დავარგებული
დიპლომატების ჟიურის რჩეული ღვინოები:
- საუკეთესო წინანდალი
გავაზი – წინანდალი 2014
- საუკეთესო ვარდისფერი ღვინო
თელიანი ველი – საფერავი როზე ნახევრადმშრალი 2015
- საუკეთესო პრემიალური საფერავი
შილდა – ნაფარეული 2015
- საუკეთესო ქვევრის ქარვისფერი ღვინო
ჩელთი – რქაწითელი/მწვანე 2016
- საუკეთესო ქვევრის წითელი ღვინო
ქვევრის ღვინის მარანი – საფერავი 2016