2017 წლის 5 ოქტომბერს, ლონდონში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) სათაო ოფისში გაიმართა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის მიერ გადაღებული ფილმის “ღვინის ნულოვანი მერიდიანი”-ს საერთაშორისო პრემიერა. პრემიერის ორგანიზატორი გახლდათ საქართველოს საელჩო დიდი ბრიტანეთის სამეფოში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, ბიზნესწრეების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ღვინის კრიტიკოსები და ჟურნალისტები, მათ შორის ცნობილი ბრიტანელი ღვინის კრიტიკოსი და მწერალი, ჟურნალ „დეკანტერი“-ს კონსულტანტ-რედაქტორი – სტივენ სპურიე, რომელიც ამ დღეს იუბილარი გახლდათ.
ჩვენების შემდეგ გაიმართა ფილმის განხილვა, რომელშიც მონაწილეობდნენ ფილმის ავტორები: საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი და რეჟისორი ნანა ჯორჯაძე და ასევე ბატონი სტივენ სპურიე.
სტუმრებისათვის მოეწყო ქართული ღვინის დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო „შატო მუხრანი“ -ს, „შილდა“ -ს, „საქართველოს ველები“ -ს და „GWS“ -ის ღვინოები.
ფილმი “ღვინის ნულოვანი მერიდიანი” გადაიღო საქართველოს სომელიეთა ასოციაციამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოსა და „მარანი ხეცურიანი“ – ს ფინანსური მხარდაჭერით.
ფილმის რეჟისორია ქალბატონი ნანა ჯორჯაძე, კონცეფციის ავტორი და პროდიუსერია შალვა ხეცურიანი, სცენარის ავტორი – თამარ ბართაია, ოპერატორი – მიხეილ კვირიკაძე.
ფილმმა უკვე მოიპოვა რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის არაერთი მაღალი ჯილდო.