სამცხე-ჯავახეთში, ხიზაბავრის  ისტორიულ მესხურ ტერასებს სიცოცხლე უბრუნდებათ. ტერასების პირველი 12 ჰა უკვე აღდგენილია. აქ მესხური ვაზის 18 უიშვიათესი ჯიში გაშენდება, ნახევარი მილიონის ინვესტიცია ჩაიდება, რაც ამ რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულ მიმართულებას კვლავ ააღორძინებს.

საქართველოს ამ უძველეს და ულამაზეს მხარეში ვაზის მოშენებასა და ღვინის დაყენებას უდიდეს  ყურადღებას რომ  უთმობდნენ, ამაზე არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ძველისძველი ქვევრები და მარნებიც მეტყველებს.  ივანე ჯავახიშვილის ჩანაწერების მიხედვით ცნობილია, რომ „ამ ადგილების  მთაგორიანობა და მიწის სიმცირე ჩვენს წინაპარს აიძულებდა, ვენახები უმთავრესად ხელოვნურად დაბაქნებულ, მოვაკებულ ნიადაგებზე გაეშენებინათ”.

10 წელია, რაც მესხური ტერასების აღდგენის იდეის განხორციელებისთვის უნიკალურ ვაზის ჯიშებს მთელ საქართველოში აგროვებს აქაური მკვიდრი, გიორგი ნათენაძე, თუმცა ტერასების აღდგენის გრანდიოზული პროექტის დაწყება მხოლოდ მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც გიორგი ნათენაძემ და „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ერთმანეთი ჟურნალისტ ოლიკო ბაბლუანის გადაცემაში გაიცვნეს. შემდგომ კი სპეციალურად ამ პროექტის განსახორციელებლად შეიქმნა ორგანიზაცია „ვარძიის ტერასები“, რომლის დამფუძნებლები თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, მისი მოადგილე  ბადრი ჯაფარიძე და გიორგი ნათენაძე არიან.

„მესხური ტერასები თურქობის დროს განადგურდა და მოსახლეობამ ვაზი დაივიწყა. აქაურთა დიდი ნაწილი საქართველოს სხვადასხვა მხარეში გადასახლდა და ზოგიერთი ვაზის ჯიშიც წაიღო, რითაც ისინი გადაშენებას გადაარჩინეს „- ამბობს „ვარძიის ტერასების“ დირექტორი გიორგი ნათენაძე და იმ პერიოდს იხსენებს, როცა 10 წლის წინ  მესხური ჯიშების მოძიებას მამის თხოვნით შეუდგა, თუმცა ეს საქმე მაშინ უტოპიად და უპერსპექტივოდ ეჩვენებოდა.

ამჯერად  კი, გიორგი ნათენაძე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ხიზაბავრის ტერასებზე ვაზის ჩასაყრელად ჩამოსული ქართული საზოგადოების მთავარი მასპინძელი იყო…

აღდგენილ ტერასებზე ვაზის ჩაყრის საზეიმო ცერემონიალს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო და სხვა სტუმრებთან ერთად, თავადაც დარგო „თამარის ვაზი“-ს ერთი ნერგი.

2

4

11

 

8

“ეს არის ადგილი, სადაც თამარ მეფემ ფეხშიშველმა გაიარა იმისთვის, რომ ელოცა ქვეყნის გამარჯვებისთვის და ვაზი, რომელიც დღეს ირგვება, არის თამარ მეფის სახელის მქონე ჯიშის ვაზი. ეს სიმბოლურია და შემთხვევითი არ არის. ეს არის საქართველოს აღორძინების ძალიან მკაფიო ნიშანი.

ძნელია, აღწერო ის ემოცია, რომელიც ახლა მე გამაჩნია. უდიდესი საქმე გაკეთდა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო  მივიწყებული, აღვადგინეთ. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს, გიორგი ნათენაძეს, მეუფე თეოდორეს, საქართველოს ეკლესიას თანადგომისთვის  და განსაკუთრებული მადლობა  მესხური ტერასების აღდგენის პროცესში დასაქმებულ ადამიანებს, სხვადასხვა პროფილის ხელოსნებს.“- განაცხადა თავის მისასალმებელ სიტყვაში მთავრობის მეთაურმა.

ისტორიულ ტერასებზე ვაზის ჩაყრას ესწრებოდნენ ასევე:ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე,  სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, ჯიღაურას საჯიშე მეურნეობის ხელმძღვანელი ლევან უჯმაჯურიძე, ასევე – ფერმერთა ასოციაციის, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის და მედიის წარმომადგენლები.

მამუკა ხაზარაძემ კი მესხურ ტერასებზე ვაზის ჩაყრას მსოფლიო მნიშვნელობის დღე უწოდა და განაცხადა:“ დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე ამ სოფლისთვის, ამ მხარისთვის, საქართველოსთვის და მე ვფიქრობ, – მთელი მსოფლიოსთვის. არ ვაჭარბებ, როცა ამას ვამბობ, რამეთუ, მოგეხსენებათ, რომ საქართველო არის ღვინის ქვეყანა და სწორედ ღვინო დაიწყო  ამ კუთხიდან,  აქ აღორძინდა და აქ ჩაეყარა საფუძველი იმას, რითაც დღეს ჩვენ ვამაყობთ მთელს მსოფლიოში – ქართული ღვინით და ქართული ვაზით. სულ მალე  მსოფლიოს მეღვინეობას ექნება საშუალება, რომ დააგემოვნონ ამ ტერასებზე მოყვანილი ისეთი ჯიშების ღვინოები, რომლებიც სხვაგან, მთელ მსოფლიოში  არსად არ არის. ეს არის ამ კუთხის და ამ საქმის უნიკალურობა.

დიდი მადლობა გიორგი ნათენაძეს და ყველა იმ გლეხს, რომელმაც ეს ჯიშები თავიანთი წინაპრებისგან თითო-თითო ეგზემპლიარად შემოინახა და ჩვენ, ბატონ ლევან უჯმაჯურიძისა  და სხვა  ჩვენი არაჩვეულებრივი მევენახეებისა თუ  მეცნიერების დახმარებით მათი გამრავლების საშუალება მოგვეცა.“

lado da levani

წელს ჩაყრილი ვაზის მოსავალს დაახლოებით სამ წელიწადში ელოდებიან. ამ იშვიათი მესხური ჯიშების ყურძნისგან საუკეთესო ღვინის დაყენებას კი პროექტის დამფუძნებლები მხოლოდ და მხოლოდ საუკეთესო ქართველ მეღვინეს, ბატონ ლადო უზუნაშვილს ანდობენ, რომელიც თავადაც აქტიურად იყო ჩართული ჯიშების მოძიებასა და  შერჩევაში.

***

იმავე დღეს პროექტის ორგანიზატორებმა სტუმრებს წარუდგინეს კიდევ ერთი პროექტი, რომელიც უძველესი სოფლის, ჭაჭკარის (ვარძიის მიმდებარედ) რეაბილიტაციას ითვალისწინებს. პროექტი გულისხმობს უნიკალური ისტორიული ძეგლის გაცოცხლებას და მისთვის ტურისტული დატვირთვის მინიჭებას.

გადმოცემის მიხედვით, ჭაჭკარიდან ხდებოდა ვარძიის სამეურნეო მარაგის შევსება: კლდეში ნაკვეთ საწნახელებში დიდი რაოდენობის ღვინო იწურებოდა. ღვინო ტიკებით ვარძიაში შეჰქონდათ, სადაც ქვევრებში აყენებდნენ, ჭაჭა კი – სოფელში რჩებოდა. ვარაუდობენ, რომ სოფლის სახელწოდება ჭაჭკარი („ჭაჭის კარი“) სწორედ აქედან მოდის. სოფელში, გარდა დაზიანებული ტერასებისა და 50–მდე კლდეში ნაკვეთი საწნახელისა, დღემდე შემორჩენილია 4 საუკუნოვანი ვაზიც. აქვეა კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი დარბაზი და წმ. გიორგის ეკლესია, ხალხური საცხოვრებლის ნიმუშები (მიწურ–ბანიანი სახლები, მესხური დარბაზები) და სხვ. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ჭაჭკარი უძველესი მეურნეობის მქონე სოფელია.

სოფელს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

ჭაჭკარი11

სოფელ ჭაჭკარის რევიტალიზაცია არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, თიბისი ფონდისა და კავშირ „ქართული სახლის“ ერთობლივი ინიციატივა.

პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მესხური ტერასების აღდგენით სამცხე-ჯავახეთში არამარტო უძველესი ტრადიციის, მეღვინეობა-მევენახეობის გაცოცხლება მოხდება, არამედ მას უდიდესი კულტურული და ეკონომიკური დატვირთვა აქვს, ვინაიდან სოფელ ხიზაბავრში გაშენებული ტერასები სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს. რაბათის ციხე, ხერთვისი, ვარძია, განახლებული ჭაჭკარი და მესხური ტერასები მთლიანობაში ერთ ტურისტულ მარშრუტს ქმნის, რომელიც უცხოელი სტუმრებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იქნება.

 

ნატო გუბელაძე

ფოტოები  თინათინ დვალიშვილის