საქართველოში მიმდინარე ამბასადორიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს სასწავლო ცენტრის დირექტორის, მაია ყიფშიძის ინიციატივით, სამინისტროში გაიმართა ქართული ღვინოების მასტერკლასი და დეგუსტაცია, ქართველი ელჩების მეუღლეებისათვის.
მასტერკლასს უძღვებოდა საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქართული ღვინის საპატიო ელჩი, შალვა ხეცურიანი.
მასტერკლასში 36 ქართველი ელჩის (სლოვენია, ავსტრალია, ამერიკა, ირანი, არგენტინა, ჩინეთი, დანია, მოლდოვა, ყაზახეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, სამხრეთ აფრიკა, გერმანია, თურქეთი, საბერძნეთი, ნორვეგია, ბრაზილია, კანადა, იტალია, რუმინეთი, კვიპროსი და სხვა) მეუღლე მონაწილეობდა.
ქალბატონებმა დააჭაშნიკეს თეთრი და წითელი მშრალი ღვინოები:„წინანდალი“, „რქაწითელი“, „საფერავი“ და ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო „ქინძმარაული“.
შალვა ხეცურიანი მათ ასევე ესაუბრა ქართული ღვინის 8ათასწლოვან ისტორიასა და კულტურაზე, დაწურვის ტექნოლოგიებსა თუ მის თავისებურებებზე, ქართულ და უცხოურ ბაზარზე ღვინის დღევანდელი მდგომარეობის თაობაზე.
დეგუსტაციის დროს მასტერკლასის მონაწილეებმა ქართული სამზარეულოსა და ქართული ღვინის ერთმანეთთან შეხამებაზეც ისაუბრეს. ღვინის საპატიო ელჩმა საკმაოდ დეტალურად მიმოიხილა, რომელ ქართულ კერძთან რომელი ქართული ღვინის დაგემოვნება უმჯობესია.
დეგუსტაციის დასასრულს ითქვა, რომ სომელიეთა ასოციაცია ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით იღებს მრავალსერიან დოკუმენტურ ფილმს ღვინოზე, რომლის ავტორიცაა თავად შალვა ხეცურიანი, ხოლო რეჟისორია ქალბატონი ნანა ჯორჯაძე. იქვე გაიმართა ამ ფილმის ტრეილერის პრემიერა.