ქართულმა ღვინომ, პეკინის როტარი კლუბის (Rotary Club of Beijing) საქველმოქმედო პროექტში ჩინელი ბავშვების თანადგომის მიზნით საკუთარი წვლილი შეიტანა. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩინეთში, ქალაქ პეკინში, კემპინსკის“ სასტუმროში  “როტარი კლუბის” (Rotary Club of Beijing) შეხვედრზე ქართული ღვინის პრეზენტაციადეგუსტაცია და საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა.

 

„როტარი კლუბი“ არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს  მასშტაბით ბიზნესპროფესიონალებსა და ლიდერებს აერთიანებს (1 200 000 როტარელი გაერთიანებულია 33000 როტარი კლუბში, 200 ქვეყანაში). „როტარი კლუბი“ ბაზრებსა და ბიზნეს სივრცეში ბიზნეს-ეთიკის უმაღლესი სტანდარტების დანერგვას უდგას სათავეში. ასევე, ჩართულია წარმომადგენლობით ქვეყნებში საქველმოქმედო პროექტების განხორციელებაში. ჩინეთის მასშტაბით 3 როტარი კლუბია, პეკინის კლუბი 47 როტარელს აერთიანებს. ჩინეთში კლუბის წევრობა შეუძლია მხოლოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და/ან მაკაუს და ჰონკონგის პასპორტების მფლობელებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ჩინეთში Mersedes-Benz, Wolkswagen, Beijing Global Strategy Consulting Co., Ltd, ჰონკონგის Victoria Commerce Consulting (HK) Ltd  და სხვა მსხვილი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლობების პრეზიდენტები და ხელმძღვანელები.

შეხვედრაზე სიტყვით საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ჩინეთში, დავით აფციაური  გამოვიდა და სტუმრებს საქართველო და ქართული ღვინის კულტურა გააცნო.  ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ სხვადასხვა ღვინის მწარმოებელი კომპანიის 6 დასახელების ქართული პრემიალური ღვინო. ღვინეობის წარდგენას ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალური წარმომადგენელი ჩინეთში მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა.

ქალბატონმა მაიამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ „როტარი კლუბის“ ღონისძიება ქართული ღვინის საქველმოქმედო აუქციონით დასრულდა. აუქციონს როტარელი და Mersedes-Benz-ის მენეჯერი ბატონი ელი უძღვებოდა. კლუბის წევრებმა საქველმოქმედო აუქციონზე 12 ბოთლი ქართული ღვინო შეიძინეს: „შატო მუხრანის“ 2010 წლის “პრინცის რეზერვი”, უსახელაურის „უსახელაური“, დავით მაისურაძის 2005 წლის “მუკუზანი”, „თელედას“ 2012 წლის “რქაწითელი” და 2012 წლის “საფერავი” და „თელიანი ველის“ 2012 წლის “საფერავი გაუფილტრავი”. შემოსული თანხა 6100 RMB (დაახლოებით 1000 აშშ დოლარი) 21 აპრილს ბავშვთა ორგანიზაციას „Chunmiao Little Flower“ საზეიმოდ გადაეცემა.

პროექტის მხარდაჭერისათვის, პეკინის „როტარი კლუბის“ პრეზიდენტმა დანიელ ალბრეხტმა (Daniel Albrecht) მადლობა გადაუხადა ღვინის ეროვნულ სააგენტოს და საქართველოს ელჩს ჩინეთში, დავით აფციაურს, ღონიძიებაში მონაწილეობისა და უნიკალური ქართული ღვინით საქველომოქმედო პროექტის მხარდაჭერისათვის.

„მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება მნიშვნელოვანია არამარტო ქართული ღვინის, არამედ მთელი ქვეყნის პოპულარიზაციისათვის. ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორია ის სოციალური ფენაა, რომელსაც კარგად ესმის ღვინო და უპირატესობას მაღალი ხარისხის ღვინოებს ანიჭებს. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ჩინეთის ბაზრის მაღალი სეგმენტისათვის ქართული ღვინის გაცნობა და საუკეთესო იმიჯის შექმნა, რადგან დადასტურებულია, რომ ერთი წარჩინებული ჩინელის და მითუმეტეს, უცხოელის მოსაზრება მკვეთრად განსაზღვრავს დანარჩენი 50 ჩინელის გემოვნებას.

ბაზარზე მარტო პროდუქტის გამოჩენა არ არის მიშვნელოვანი, მთავარია როგორი ეთიკური ნიშით დამკვიდრდება საზოგადოებაში. საამაყოა, რომ ქართულმა ღვინომ „როტარი კლუბთან“ ერთად ჩინელი ბავშვების დასახმარებლად საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეიტანა“ – განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩინეთში, მაია ცქიტიშვილმა.