ჩინეთში ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტი ვან ტიანჩიუანი საქართველოში ვიზიტის პერიოდში, სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდა.
შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაი“ ფარგლებში სამეგრელოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისა და ჩაის ახალი ჯიშების გაშენების საკითხების განხილვა იყო.
შეხვედრაზე მხარეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები ქვეყნებში ჩაის წარმოების პოტენციალის შესახებ.
როგორც ოთარ დანელიამ შეხვედრაზე აღნიშნა, ჩაის წარმოების ხელშეწყობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს.
,,ჩაის პლანტაციების აღდგენა უზრუნველყოფს დარგის განვითარებას, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას და ფერმერთა სტიმულირებას. მნიშვნელოვანია, რომ ქართულ ჩაის კარგი საექსპორტო პოტენციალიც გააჩნია“, – აღნიშნა ოთარ დანელიამ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩაის წარმოების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.
,,ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ახალი, მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოტანა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას. აღნიშნულ კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი წინადადებები და სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონების მოსახლეობისთვის, მათი დასაქმებისა და შემოსავლების ზრდისთვის “, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ჩინური კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ჩინეთსა და საქართველოში ჩაის კულტურის ისტორიას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ჩინეთის შემდეგ, საქართველო ჩაის მეორე სამშობლოდ ითვლება.
,,ჩვენი ვიზიტის მიზანია, გავეცნოთ საქართველოს ნიადაგებს და გარემო პირობებს, რათა სწორად მოხდეს ჩაის ჯიშების შერჩევა. ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოს ჩაის წარმოების კარგი პოტენციალი აქვს. ჩვენი სურვილია, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში ჩაის წარმოების კულტურის აღდგენას. ვგეგმავთ საქართველოში ავაშენოთ ქარხანა და ვაწარმოოთ საექსპორტო პროდუქცია“, – აღნიშნა „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და სამინისტროს უწყებაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.