“ხვანჭკარაზე” დავა ჩინეთში წარმატებით დასრულდა. დავა გრძელდება “წინანდალზე”, “ქინძმარაულსა”და “ჭაჭაზე.”
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის (SAIC) სასაქონლო ნიშნების უწყებამ “ხვანჭკარის” რეგისტრაცია გაუუქმა ფიზიკურ პირს, რომელსაც არაკეთილსინდისიერად ჰქონდა დარეგისტრირებული ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელება.
ასევე არაკეთილსინდისიერად დარეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებებზე “წინანდალი”,“ქინძმარაული” და გეოგრაფიულ აღნიშვნაზე, “ჭაჭა” დავა “საქპატენტსა” და ორ ჩინურ კომპანიას შორის 2014 წლის თებერვლიდან მიმდინარეობს. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი” იმედს გამოთქვამს, რომ სარჩელი სხვა სადავო დასახელებებზეც დაკმაყოფილდება.
2013 წლის 23 მაისს “საქპატენტმა” ჩინეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სახელმწიფო ადმინისტრაციის სასაქონლო ნიშნების უწყებაში შეიტანა 6 განაცხადი ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებების: “ტვიში”, “ხვანჭკარა”, “წინანადალი”, “ქინძმარაული”, “მუკუზანი” და ქართული გეოგრაფიული აღნიშვნის “ჭაჭა” დასარეგისტრირებლად. ჩინეთის სასაქონლო ნიშნების უწყებამ 4 განაცხადზე უარყოფითი გადაწყვეტილება გამოიტანა იმ მოტივით, რომ ისინი მსგავსი იყო უკვე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებისა. მხოლოდ ორ დასახელებაზე – “მუკუზანი” და “ტვიში” – ექსპერტიზა გაგრძელდა ჩვეულებრივ რეჟიმში. 2015 წლის იანვარში ორივე მათგანზე გაიცა რეგისტრაციის მოწმობა.
“საქპატენტი“, დიდი ალბათობით, “ხვანჭკარაზე” გასაჩივრებას არ ელის, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელების მფლობელად ავტომატურად საქართველო დარეგისტრირდება.