“დღეს ქვევრის ღვინო არის ქართული ღვინის ემბლემა და შეგვიძლია, მთელ მსოფლიოში ვისაუბროთ და ვიამაყოთ ამით!”

ღვინის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლიდან ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე ლევან დავითაშვილი გიორგი სამანიშვილმა შეცვალა. ბატონი ლევანი კი სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი მევენახეობა–მეღვინეობის დარგის წარმომადგენელთათვის უცნობი კადრი არ არის. 38 წლის გიორგი სამანიშვილს ძალიან საინტერესო და საამაყო, წარმატებული მეღვინის წარსული აქვს: დაწყებული საქართველოს აგრარული უნივერსიტეტიდან, გაგრძელებული საფრანგეთში, ბურგუნდიისა და ბორდოს უნივერსიტეტების მაგისტრის ხარისხით, ელზასური და პროვანსული ღვინოების დამზადების ტექნოლოგიის შესწავლით და დამთავრებული ქართული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანით.

ბიოგრაფიული პროლოგი

– მეღვინის ოჯახიდან არ ვარ, თუმცა ჩემს წინაპრებს, როგორც ყველა ქართველს, ღვინოსთან კავშირი ჰქონდათ. სიმონეთელი გახლავართ, 100%–ით იმერელი, – ასე დაიწყო თავისი ცხოვრების გამორჩეულ ეპიზოდებზე საუბარი ბატონმა გიორგი სამანიშვილმა, – ბაბუაჩემი, ახლა რომ ვიხსენებ, ღვინოსაც კარგს აკეთებდა და ძალიან კულტურულადაც მოიხმარდა. ის, როგორც ახლა მე, ყოველ დღე სვამდა სამ ჭიქა ღვინოს და იმაზე მეტს – მხოლოდ ქეიფებში. ასე რომ, ბაბუა კარგი მაგალითია ჩემთვის…

კომაროვის სკოლის დამთავრების შემდეგ პროფესია თავისი ინტერესით აირჩია, აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის ფაკულტეტზე ჩააბარა, მერე სწავლა ბურგუნდიის უნივერსიტეტში გააგრძელა, მაგისტრატურა კი მეღვინეობის დარგის კანონმდებლობის განხრით ბორდოს უნივერსიტეტში დაამთავრა. მისი სადიპლომო ნაშრომი იყო: “ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა. “ქართული კონიაკის” შეფასება საერთაშორისო, ევროპული და ქართული კანონმდებლობის მიხედვით”.

გიორგი საფრანგეთში სწავლის პერიოდში და შემდგომაც რამდენიმე წელი საფრანგეთის მეღვინეობის რეგიონებში, ელზასსა და პროვანსში, მეღვინედ მუშაობდა. კერძოდ: მარანი “Domaine de la Courtade” (პროვანსი, საფრანგეთი); მარანი “Domaine Auther” (ელზასი, საფრანგეთი).

ფრანგულგანათლებამიღებული ქართველი მეღვინე 2001 წელს საქართველოში დაბრუნდა და მაშინ ყველაზე დიდ და წარმატებულ “ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ში” დაიწყო მუშაობა მეღვინედ.

მერე, ცოტა ხნით “ტიფლისკი მარანის” აღმასრულებელი დირექტორი იყო, სამეცნიერო მუშაობასაც ეწეოდა ჯიღაურას კვლევით ცენტრში, დღემდე არის სადეგუსტაციო კომისიის წევრი, ცოტა ხნით კომისიის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა. 2008 წელს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვაზისა და ღვინის დეპარტამენტის “სამტრესტის” თავმჯდომარის მოადგილეც იყო.

2011 წლის დეკემბრიდან 2014 წლის ნოემბრამდე გიორგი სამანიშვილი “წინანდლის ღვინის სკოლის” დირექტორი გახლდათ. ის საკვირაო სკოლაში მე-12 კლასელთათვის ლექცია-სემინარებს ატარებდა მევენახეობის, მეღვინეობის და ალკოჰოლური სასმელების ისტორიისა და კულტურის შესახებ. 2012 წლიდან კი, პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების სამმართველოს ხელმძღვანელი იყო. 2014 წლის ნოემბრიდან ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა, ხოლო 2015 წლის თებერვლიდან სააგენტოს თავმჯდომარეა.

* * *
როგორია გიორგი სამანიშვილის ხედვა მევენახეობა-მეღვინეობის დარგში დღეს არსებული პრობლემების მიმართ, რა სტრატეგია აქვს სააგენტოს ღვინის კულტურის პოპულარიზაციისა და ახალი ბაზრების ათვისების მიზნით და რა გამოწვევების წინაშე დგას ღვინის ეროვნული სააგენტო – სწორედ ამ საკითხებზე საუბრობს ბატონი გიორგი ჟურნალ “ღვინო”-სთან ინტერვიუში.

დიალოგი

– ბატონო გიორგი, როგორც ახალი ხელმძღვანელი, რაში ხედავთ ღვინის სააგენტოს მთავარ მისიას, რა არის გაკეთებული და რა გამოწვევების წინაშე დგახართ?

– პირველ რიგში, თქვენ იცით, ალბათ, რომ სააგენტო არის სამართალმემკვიდრე იმ “სამტრესტის”, რომელიც მეოცე საუკუნის ოციან წლებში შეიქმნა. საბჭოთა კაშირის პერიოდში, ფაქტობრივად, “სამტრესტი” მართავდა მევენახეობა-მეღვინეობის დარგს, ის იყო მფლობელი, ის აწარმოებდა, ის ქმნიდა და ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა. საბედნიეროდ, 90-ანი წლების ბოლოს კარგი რეფორმა ჩატარდა. როცა პრივატიზება მოხდა და კერძო სექტორი აქტიურად ჩაერთო დარგის განვითარებაში, “სამტრესტმაც” შეიცვალა ფუნქცია და მარეგულირებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა.

მე, პირადად, პოზიტიურად შევაფასებდი იმ საქმიანობას, რაც “სამტრესტმა” თავის დროზე გააკეთა, თუნდაც აგერ 2011-2012 წლებამდე. იყო მასერთიფიცირებელიც, ფალსიფიკაციასთან მებრძოლიც, მაკონტროლებელიც და ადგილწარმოშობების დასახელებების ძალიან აქტიური დამცველიც.

ჯერ კიდევ 2000-ანი წლების დასაწყისში ჩვენი ღვინის ექსპორტის ნახევარი იყო ქინძმარაული და ხვანჭკარა. ხვანჭკარა იყო იმდენივე, რამდენიც ქინძმარაული და ღირდა დოლარნახევარი. ურთულესი იყო ფალსიფიკაციასთან გამკლავება, მისი გაკონტროლება და დარგის სპეციალისტები ძალიან დიდ შრომას დებდნენ. ამ საკითხში, “სამტრესტთან” ერთად, სხვა ორგანიზაციებიც აქტიურად ჩაერთვნენ და აქამდე მოიტანეს. მეც ვგულშემატკივრობდი მაშინ “სამტრესტს”. დღესაც ჩვენთან მუშაობს ის ხალხი, ვინც შექმნა პირველი კანონმდებლობა, ვაზისა და ღვინის კანონი. სხვათა შორის, ბევრი ქვეყანა არაა მსოფლიოში, სადაც ცალკე კანონი არსებობს ვაზისა და ღვინის შესახებ. საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგ არსებული ვაკუუმი სწორედ ამ კანონით შეივსო. შეიძლება ითქვას, რომ, ალბათ, რევოლუციურიც კი იყო 1997 წელს ვაზისა და ღვინის შესახებ კანონის მიღება.

თუმცა, დრო გავიდა და ნიშანდობლივია, რომ დასახელება “სამტრესტი” შეიცვალა ახალი სახელწოდებით “ღვინის ეროვნული სააგენტო”, რომელსაც შინაარსობრივი დატვირთვაც ახლებური აქვს. გავიარეთ ის პერიოდი, როცა ვებრძოდით ფალსიფიკაციას. შესაძლოა, ფალსიფიკატორებს ჰქონდათ მხარდაჭერა ვიღაცების მხრიდან… მაგრამ უკვე გადავედით ახალ ეტაპზე. დღეს, მე თუ მკითხავთ, ცალსახად ვიტყვი, რომ ფალსიფიკაცია არის ძალიან უმნიშვნელო პრობლემა ჩვენი დარგის და ახლა აბსოლუტურად სხვა გამოწვევები გვაქვს: უნდა გავზარდოთ ქართული ღვინის ცნობადობა იმ ქვეყნებში, სადაც საქართველოს და ქართულ ღვინოს არ იცნობენ. იმ ქვეყნებში, სადაც ქართულ ღვინოს იცნობენ, ცოტა უნდა გავაახალგაზრდავოთ მომხმარებელი და შევუცვალოთ შეხედულებები, რადგან, სამწუხაროდ, უმეტესად უფროსი ასაკის ხალხს ახსოვს ქართული ღვინო და ხშირად ეს არის რაღაც სტერეოტიპები ქართული ღვინის შესახებ. ვგულისხმობ ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. სხვა ქვეყნებში არ გვიცნობენ. იქ თავიდან გვაქვს დასაწყები ყველაფერი – იმიჯი შესაქმნელი ან შესაცვლელი.

ჩვენი ყველაზე მთავარი გამოწვევა, ალბათ, ის არის, რომ საქართველოში ღვინის კულტურა უნდა დავაბრუნოთ! გაჭირვების წლებმა ძალიან უკან დაგვწია, გადავედით ლუდზე და არაყზე. ეს არ არის კარგი ცხოვრებიდან გამოწვეული. ღვინოს მოიხმარს წარმატებული ხალხი და სწორედ წარმატებულ ქვეყნებშია უფრო გავრცელებული.

ღვინის სააგენტოს ამჟამად აქვს ორი ძირითადი მიმართულება:

ეს არის, ერთი – ხარისხის კონტროლი და სერთიფიცირება, რომელიც გაგრძელდება და რომელიც, ჩემი აზრით, უნდა იყოს მკაცრი, მაგრამ მარტივი, ყველასთვის მისაღები. ხშირად ვიმეორებ ხოლმე, რომ კანონის დაცვა უნდა იყოს უფრო ადვილი, ვიდრე – მისი დარღვევა.

მეორე მიმართულება – ეს არის, რაშიც ჩვენი ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი მიდის, ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდა უცხოეთშიც და საქართველოშიც. ანუ საქართველოში იმ ძირითადი პრობლემების გადაჭრაში, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, მთავარი გამწევი ძალა არის ღვინის ეროვნული სააგენტო.

შემდეგი ეტაპები, ალბათ, იქნება, რომ უკვე ყველა ამ პროცესის დელეგირება მოხდეს. ჯერჯერობით, კონტროლს და სერთიფიცირებას, ანუ ხარისხის მართვას და სერთიფიცირებას მაინც სახელმწიფო დაიტოვებს, მაგრამ ქართული ღვინის პოპულარიზაციის თემა უკვე ნელ-ნელა უნდა გავიდეს და თვითონ კომპანიებმა, ასოციაციებმა, ღვინის მოყვარულებმა, რომლებიც დღესაც ჩართულები არიან ამ პროცესში, კიდევ უფრო გაააქტიურონ თავიანთი საქმიანობა. დღესდღეობით, ამ კუთხით, შეიძლება, ღვინის ეროვნული სააგენტო რაღაც ცენტრი არის, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მოთხოვნა, რომ ჩვენ ვიყოთ ძირითადი გამწევი ძალა ამ საკითხში. ჩვენ, ანუ სახელმწიფო, შეიძლება, თანხობრივად უფრო მეტად ვმონაწილეობდეთ ღვინის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ ღონისძიებებში, მაგრამ ნელ-ნელა ეს უნდა გახდეს ბუნებრივი პროცესი და ყველა, ვისაც ამ დარგთან კავშირი აქვს, მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ამ კულტურის პოპულარიზაციაში.

აქვე ვიტყვი, რომ გვინდა ახალი ტერმინიც დავამკვიდროთ: მარტო ღვინის პოპულარიზაცია კი არა, ვაზისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს ჩვენთან, საქართველოში და ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

ალბათ, შორეულ პერსპექტივაში იქნება ის, რომ შეიძლება, კონტროლის სისტემის ისეთი რეფორმა გავაკეთოთ, მისი დელეგირებაც მოხდეს. ბევრ ქვეყანაში თვითონ კომპანიები არიან ამით დაინტერესებული, რათა ერთმანეთი აკონტროლონ. შესაძლებელია, ქართულმა ღვინის კომპანიებმაც თავად შექმნან ორგანიზაცია, ვინც ამას გააკეთებს და ვისაც ანდობენ ღვინის ხარისხის კონტროლს. ჩვენ ვაკვირდებით დარგის განვითარებას და როდესაც ეს საკითხი მომწიფდება, ამ მიმართულებითაც გადავდგამთ ნაბიჯებს.

ჩემი პოზიციაა, რომ დარგის ბუნებრივ განვითარებას ხელი არ უნდა შევუშალოთ. თუ რაღაც პრობლემა გაჩნდა, მაშინ უნდა ჩავერიოთ და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საკმაოდ გამართული დარგი გვაქვს.

_ მოდით, ეს კონტექსტი განვავრცოთ: მაინც როგორია დარგის მდგომარეობა დღეს? არც ისე დიდი ხნის წინ, რამდენიმე წლის უკან, ტელეეკრანებზე ვხედავდით ხოლმე აცრემლებულ გლეხებს, რომლებიც ვაზის გაჩეხვას აპირებდნენ. თუმცა, დღეს ვიცი, რომ ვაზის გაშენება უფრო პოპულარული გახდა. უკეთესობა აშკარად გვაქვს, მაგრამ საინტერესოა, თქვენი გადმოსახედიდან რა მდგომარეობაა ამჟამად მევენახეობა-მეღვინეობაში, რა ეტაპზე ვართ, ხშირად არის სახელმწიფოს ჩარევის აუცილებლობა?

_ დარგის განვითარება მართლაც ძალიან თვალნათელია… ხშირად, როცა ლექციის წაკითხვა მიწევს ქართული ღვინის ისტორიაზე, სპეციალური სლაიდებიც მაქვს მომზადებული, ვაზის ფართობის მიხედვით ვყვები ისტორიას მევენახეობა-მეღვინეობაზე. ფართობი აჩვენებს ხოლმე, როდის მიდიოდა კარგად საქმე და როდის – ცუდად. და ის, რომ ბევრი ვენახი იყო, არ ნიშნავს, რომ კარგად მიდიოდა საქმე. გრაფიკს თუ შევხედავთ, 70-იანი წლების ბოლოს იყო ვენახების ფართობის პიკი და ეს არ იყო საუკეთესო პერიოდი ღვინისთვის.

დღეს რა მდგომარეობაა?.. ალბათ, ყველაზე დიდი ჩავარდნა იყო 90-იანი წლები, როდესაც, თავისთავად ცხადია, საბჭოთა სისტემიდან კომპანიები ვერ გადავიდნენ საბაზრო ეკონომიკაზე. ეს, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო და ამას ვერც ვერავის დავაყვედრით. 90იანების მეორე ნახევარში უკვე ბუნებრივად წამოვიდა დარგი თავისით. ჩვენ გვაქვს მეღვინეობის ისეთი ისტორია და კულტურა, რომ აქ არ სჭირდება რაიმეს ხელოვნურად მოგონება და ჩართვა. ბუნებრივად გაჩნდა მოთხოვნილება, შეიქმნა ერთი კომპანია, მეორე, მესამე, მათ შექმნეს ახალი ქართული მეღვინეობის სტილი, რომელსაც, ალბათ, დღესაც მივყვებით. ამ სტილში იგულისხმება ის, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნები შემოიტანეს დარგში.

ფართობები შემცირდა – 90-იანებში განსაკუთრებით. მას შემდეგ, რაც რუსეთი დაიკეტა, იყო საუბარი, რომ თითქოს ვენახები იჩეხება, მაგრამ მთლად ასე, ალბათ, არ იყო. გაჩეხვა არ ხდებოდა. თუმცა, მევენახეებს უჭირდათ. ეს ფაქტია.

მთავარი პრობლემა, ახლა რომ ვთქვათ, არის არასტაბილური გაყიდვები. ის ბაზრები, სადაც ჩვენი ღვინო იყიდება, არ არის სტაბილური. 2014-ში კარგად გაიყიდა. ყურძენი ძვირი ღირდა, ყურძენიც კარგად ჩაბარდა, ფასი მაღალი იყო. 2015 წელს ფასი, ალბათ, ისეთი მაღალი აღარ იქნება და ალბათ, ამ რთველზე გამოჩნდება ხალხი, ვინც იტყვის, რომ უკმაყოფილოა რთველით.

– რატომ, რა არის ამის მიზეზი?

– იმიტომ, რომ გაყიდვები 2015 წელს არ იქნება ისეთი მაღალი, როგორც იყო 2014 წელს. იგივე რუსეთის, უკრაინის ბაზრებიდან გამომდინარე, ანუ ეს ბაზარზე მოქმედებს. სახელმწიფო შეეცდება, მინიმალურად ჩაერიოს.

სახელმწიფო ვერ შექმნის მოთხოვნას ვერც ღვინოზე და ვერც ყურძენზე. ჩვენი პოლიტიკაა, რომ უბრალოდ, ეს იყოს ნაკლებად მტკივნეული ბაზრის ყველა მოთამაშისთვის.

ჩვენგან მთავარი მესიჯი იქნება ის, რომ მევენახემ, მეღვინემ და გამყიდველმა თვითონ უნდა დაალაგონ ურთიერთობა ერთმანეთში და სახელმწიფო მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში ჩაერიოს. ჯერჯერობით, ამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ეს სისტემა ლაგდება: მევენახეები კომპანიებთან თანამშრომლობენ, კომპანიები ბაზრებში ასე თუ ისე უკვე გაერკვნენ და კარგად ყიდიან და საკმაოდ დივერსიფიცირებულიც არის ჩვენი გაყიდვები. ცალსახად შემიძლია, გითხრათ, რომ მდგომარეობა არის კარგი, უკეთესი გვინდა და ბარეორ ქვეყანაზე წინ ვდგავართ.

– ბატონო გიორგი, დარგის შიდა რეგულაციებზეც გვითხარით რამდენიმე სიტყვა. როგორია ის დღეს და როგორი უნდა იყოს სამომავლოდ?

– ჩვენ გვაქვს კანონი „ვაზისა და ღვინის შესახებ“ და ამ კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც ჩვენს დარგს არეგულირებს. დაწყებული გვაქვს ამ კანონის რეფორმა, არა იმიტომ, რომ კანონი ცუდი იყო. არა. უბრალოდ, დრო გადის და სიახლეების აუცილებლობა ჩნდება. საერთაშორისო სიახლეები გავითვალისწინეთ. იმედია, ამ კანონს წელს მიიღებს პარლამენტი.

შემდეგ ნელ-ნელა დავიწყებთ კანონქვემდებარე აქტების რეფორმასაც. პოლიტიკა არ შეიცვლება, გამარტივებისკენ წავალთ უფრო მეტად. ან დავაზუსტებთ იმ საკითხებს, რომელიც შესაძლოა, ბუნდოვანი იყოს დღევანდელი კანონით. არის სიახლეები ტერმინოლოგიაში, საერთაშორისო ტერმინოლოგია უნდა გავითვალისწინოთ, რომ ექსპორტის დროს პრობლემები არ წარმოშვას. ადგილწარმოშობის ღვინოებზე იყო მკაცრი კონტროლის წესები. ალბათ, ეს უფრო მოქნილი გახდება, რადგან ეს იმდენად მკაცრი იყო, რომ ხანდახან ძალიან რთული იყო მისი დაცვა.

– ადგილწარმოშობების რეგისტრაციები ხომ არ იგეგმება კიდევ?

– კანონმდებლობით შემოვა ახალი ტერმინი “გეოგრაფიული აღნიშვნის ღვინო”, რომელიც თითქმის იგივეა, რაც ადგილწარმოშობის ღვინო, თუმცა ცოტა უფრო ნაკლები ბმა არის ადგილთან. უფრო რეპუტაციაზეა ორიენტირებული. სახელის რეპუტაცია როცა ცნობილია, მაგალითად –“ალაზნის ველი”, ეს სახელი იმდენად პოპულარულია, რომ უკვე “ალაზნის ველი” ისხმება მოლდოვაში, უკრაინაში და ა.შ. გვინდა, რომ “ალაზნის ველი” იყოს დაცული, როგორც გეოგრაფიული აღნიშვნა, რომელიც საქართველოზე იქნება მიბმული.

– ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად, კანონმდებლობაში რაიმე ცვლილებები ხომ არ გვაქვს გასატარებელი?

– 1997 წელს, როცა კანონი მივიღეთ, მიმართულებად მაშინ ავირჩიეთ ევროკავშირის კანონმდებლობა. თავიდანვე იყო სურვილი, რომ კანონმდებლობა თანხვედრაში ყოფილიყო ევროკავშირისა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან. მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, ვაზისა და ღვინის კანონში რაიმეს შეცვლის საჭიროება არ გვაქვს. ჩვენი ღვინო გადიოდა, მოგეხსენებათ, ევროპაში, ამის პრობლემა არც მანამდე გვქონდა. კანონმდებლობებიც ოფიციალურად შესაბამისობაში იყო.

ღვინის ეროვნული სააგენტო ოფიციალურად არის რეგისტრირებული ევროკავშირში, როგორც უფლებამოსილი, გასცეს სერთიფიკატი ევროკავშირში ღვინის შესატანად და ჩვენი ლაბორატორიები არიან იმ ოფიციალურ სიაში, რომელთაც უფლება აქვთ, ევროკავშირში შესატანი ღვინის ანალიზები ჩაატარონ.

– ბატონო გიორგი, ალბათ დამეთანხმებით, რომ ხარისხის კონტროლის მხრივ ქართული სუფრის ღვინოები შედარებით უკონტროლოა, ისინი ბაზარზე გამოსვლამდე სახელმწიფო დეგუსტაციას არ ექვემდებარებიან. როგორია თქვენი ხედვა ამ საკითხზე, რაიმე ცვლილებები ხომ არ იგეგმება?

– უკონტროლოს მთლად ვერ ვიტყვით… ზოგადად, რომ იცოდეთ, ღვინის სერთფიცირების პროცედურა მოიცავს: პირველი – ღვინის ოფიციალური მწარმოებელი უნდა იყოს რეგისტრირებული ღვინის ეროვნულ სააგენტოში; მეორე – ჩვენ უნდა მოგვაწოდოს ინფორმაცია, რამდენი ყურძენი მოკრიფა თუ ჩაიბარა, რამდენი ღვინო მიიღო, რა დასახელების ღვინოები აწარმოა. თუ აქვს ადგილწარმოშობის დასახელებები, მაგალითად, წინანდალი, უნდა ვიცოდეთ წინასწარ, რომ ის აპირებს და შემდეგ რომ გაამზადა ამდენი ლიტრი წინანდალი. საფერავი, უსახელოური რომ აქვს, ეს უნდა ვიცოდეთ. ანუ ჩვენ ვაწარმოებთ ყველა კომპანიის ღვინოების რაოდენობრივ აღრიცხვას. ამ პერიოდში სააგენტო წინასწარი აფიშირების გარეშე ახდენს კომპანიების ინფორმაციების გადამოწმებას. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს: ადგილზე მოწმდება, რამდენად სწორი ინფორმაცია აქვთ მოწოდებული. როგორც წესი, ყველა კომპანიას საკმაოდ დალაგებული აქვს ეს სისტემა.
მეორე ეტაპი _ სერტიფიცირების, უფრო საექსპორტო ღვინოებზეა, ანუ ამ კომპანიას მიაქვს ნიმუშები აკრედიტებულ ლაბორატორიაში და აანალიზებს ამ ნიმუშებს კანონის მოთხოვნის მიხედვით. ადგილწარმოშობის ღვინოები მოდის სადეგუსტაციოდ, ისინჯება, შეესაბამება თუ არა მოთხოვნებს, რაც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს უნდა ჰქონდეს და ეს ყველა ინფორმაცია შემდეგ ჩვენთან იყრის თავს: დეგუსტაცია, ანალიზები, ნაშთები, წინასწარ მოწოდებული ინფორმაციები. აქედან გამომდინარე, გაიცემა სერთიფიკატი.

სხვაობა სუფრის ღვინოსა და ადგილწარმოშობის ღვინოებს შორის არის მხოლოდ ის, რომ სუფრის ღვინოები დეგუსტაციას არ გადიან. ყველა დანარჩენ პროცედურას მაინც გაივლის. იყო საუბარი, რომ შემოვიღოთ სუფრის ღვინოების დეგუსტაციაც, როგორც კონტროლი. ამას დადებითი მხარეებიც აქვს და უარყოფითიც. დღეს შესაძლოა, ეს ძალიან დიდ პრობლემას არ ქმნის, თუმცა ცუდი არ იქნება. შესაძლოა, ამაზე ვიფიქროთ. ამავე დროს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ დამატებითი კონტროლის შემოტანა ასაწონ-დასაწონია.

ზოგადად, თუ შევხედავთ, ეს არამარტო იმისთვისაა, რომ ხარისხის კონტროლის სისტემა არსებობს, ქართული ღვინის ხარისხი საკმაოდ მაღლა არის ასული და ახლა მხოლოდ დეტალებზე და სტილისტიკაზე ვსაუბრობთ. საბედნიეროდ, ის ცუდი ღვინოები ქვეყანაში თითქმის აღარ გვაქვს.

– ანუ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაში რუსულმა ემბარგომ დიდი წვლილი შეიტანა?

– ცოტა რთული სათქმელია… მეც ხშირად მომისმენია, მაგრამ არ მომწონს ეს ფორმულირება. კი, 2005 წელში იყო კომპანიები, რომლებიც ძალიან დაბალი ხარისხის ღვინოს უშვებდნენ რუსეთში, მაგრამ, მე მგონი, ამდენი ხანი ის კომპანიები ვერ გაძლებდნენ… არ ვიცი… ყოველ შემთხვევაში, ზუსტად ვიცი ის, რომ რუსეთის ემბარგოთი იზარალეს კარგი ღვინის მწარმოებლებმა და ის ცუდი ღვინის მწარმოებლები გადაერთვნენ სხვა ბიზნესზე. მათ არც დიდი ინვესტიციები ჰქონდათ ჩადებული და არც არაფერი. ერთის მხრივ, კარგი იყო, კი, რომ ის კომპანიები, ფაქტობრივად, აღარ არსებობენ ან სულს ღაფავენ. საბედნიეროდ, კარგი ღვინის მწარმოებელი კომპანიებიც გადარჩნენ, მიუხედავად დიდი ფინანსური დარტყმისა.

ამ ემბარგომ დაგვანახა ისიც, თუ რატომ არ უნდა მოვახდინოთ ფოკუსირება მხოლოდ ერთ ბაზარზე. რუსეთი და საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები ერთ რეგიონად ითვლება, ფაქტობრივად. ახლა უკვე კომპანიებმა იციან, რომ ერთ ქვეყანაზე არ შეიძლება ლოკალიზება და უნდა გაშალონ გაყიდვები.

– დღეს ფალსიფიკაციისგან სრულად დაცული ვართ?

– ექსპორტზე ფალსიფიკაცია არ გადის, 99,99 %… ადგილობრივ ბაზარზე ბოთლში ფალსიფიცირებული ღვინო არ იყიდება, რამდენადაც ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას. ზოგადად, ახლა ყველამ ვიცით, რომ ფალსიფიცირებული ან გაფუჭებული ღვინო შეიძლება, შეგვხვდეს ბაზრობებზე, ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ ბაზრობაზე ღვინოს ნუ იყიდიან. მით უმეტეს, 1-2 ლარად.

ფალსიფიცირებული ღვინო უფრო გვხვდება რიტუალურ სუფრებზე, მაგალითად, გასვენებებში. ქორწილებში უკვე აღარ არის, მე მგონი. უფრო ისეთ სუფრებზე, სადაც ხალხი ღვინოს ნაკლებად სვამს და სადაც ყველამ იცის, ვისია ეს ღვინო. იმ სუფრებზე, სადაც ფალსიფიცირებული ღვინო არის ხოლმე, ამას თვითონ უკვეთავენ – ასეთი ღვინო მინდა იაფადო… ასე რომ, ესეც, მე მგონი, პატარა პრობლემაა.

რესტორნებში, შესაძლოა, შეგხვდეთ წყალგარეული ღვინო, გაზავებული. ესეც ფალსიფიკაციაა. ესეც რისკის მაღალი ჯგუფია. რესტორნებზე სახელმწიფო მუშაობს უკვე, სურსათის ეროვნული სააგენტო აკონტროლებს, ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან, თუმცა ჩვენ არ ვაკონტროლებთ რესტორნის ღვინოებს. გეგმა ერთობლივად დაიწერა, შემსრულებელი და მთავარი წამყვანი ძალა კი აქ არის სურსათის ეროვნული სააგენტო. ჩამოსასხმელ ღვინოებს ამოწმებენ და რესტორნის მენეჯმენტს ავალდებულებენ, რომ არ ჰქონდეთ ფალსიფიცირებული ღვინოები. თუმცა, ესეც დროებითია, ჩემი აზრით და თანდათან უნდა გადავიდეთ ღვინის უფრო კულტურულ მომსახურებაზე. ანუ, როცა რესტორანში შევალ და მოვითხოვ ხარისხს და იქ არ იქნება კარგი ღვინო, მე იმ რესტორანში მეორედ აღარ მივალ, რესტორნის მფლობელი კეთილს ინებებს და მოიტანს კარგ ღვინოს. არამარტო ფალსიფიცირებას ვგულისხმობ, კარგ და ცუდ ღვინოებზეა საუბარი.
ნელ-ნელა ეს შემოდის. ეტყობა, რომ მომხმარებელი გაცილებით მომთხოვნი ხდება. თუმცა,მაინც ისე არა, როგორც უნდა იყოს. იგივე _ ზოგ რესტორანში ბოთლის ღვინის ფასს თუ ვნახავთ, ისეთი ფასებია, რომ ამით ხშირად აიძულებენ კლიენტს, რომ ბოთლის ღვინო არ დალიოს და ვთქვათ, ლუდი დალიოს, მაგრამ ესეც დროის ამბავია. თუ შევადარებთ დღევანდელ სიტუაციას 5-10 წლის წინანდელს, ალბათ, დამეთანხმებით, რომ ძალიან წინ ვართ წასული.

– ანუ, გინდათ თქვათ, რომ დღეს რესტორანში ხალხი თავისი ღვინის ბოცებით აღარ დადის?

– თავისი ღვინით დადიან, მაგრამ ის რესტორნები, რომლებიც თავის თავს პატივს სცემენ, უკვე ძალიან არ მოსწონთ ეს ამბავი და ცდილობენ, თავად ჰქონდეთ კარგი ღვინო. მე შემიძლია, ცალსახად ვთქვა, რომ თბილისში კარგი ღვინის შოვნა არ არის ძნელი. თუნდაც ჩამოსასხმელის სახით. არის მაღაზიები, საფირმო მაღაზიები, სუპერმარკეტები. ბოთლის ღვინო არც ისე ძვირია,როგორც ხშირად ჰგონიათ. სუპერმარკეტში შეგვიძლია, ერთი ბოთლი კარგი ღვინო 4.90 ლარად ვიყიდოთ. ეს ნამდვილად არ არის ძვირი, რადგან ამ თანხის ნახევარი, ფაქტობრივად, მარტო შეფუთვის ხარჯია. ხუთლიტრიან პლასტმასის ბოთლებშიც კი შეგვიძლია, კარგი ღვინო შევიძინოთ თბილისში, ბათუმში, ალბათ, ქუთაისშიც. რეგიონებში ცოტა პრობლემაა, მაგრამ ნელ-ნელა ეს საკითხიც მოგვარდება.

კარგი ნიშანი იმისა, რომ მომხმარებელი უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება და კულტურა იზრდება, არის ის ფაქტი, რომ თბილისში საღვინე ბოკალების გაყიდვები იზრდება. რომ შემოდის პარტია, ძალიან მალე იყიდება. ეს იმის მანიშნებელია, რომ კარგ ჭიქაში ცუდ ღვინოს ვერ გავსინჯავთ, არ მოგვეწონება. ის პატარა ჭიქებიც, რა თქმა უნდა, კარგია და ჩვენი კულტურის ნაწილია, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ხალხი უფრო მეტად ინტერესდება. ღვინის ბოთლის გასახსნელებიც დღეს თითქმის ყველა ოჯახშია, ადრე ეს იშვიათობა იყო. შემოსავლების გაზრდასთან ერთად, საქართველოში ღვინის კულტურა დაბრუნდება.

– ბატონო გიორგი, ქვევრის ღვინის კლასიფიკაციაზეც მაინტერესებს თქვენი ხედვა. ფაქტია, რომ ქვევრის ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათია მთელს მსოფლიოში, მისი დამზადების უძველესი ტექნოლოგია იუნესკომაც აღიარა. თუმცა, როგორც ვიცი, აქ ორი მიმართულება გვაქვს: ერთი, აბსოლუტურად ბუნებრივი მეთოდით ღვინის დაყენება და მეორე – ჩვეულებრივი ტექნოლოგიით ღვინის ქვევრში დამზადება. მაინც, უფრო მნიშვნელოვნად რომელი მიმართულების წარმოჩენა მიგაჩნიათ?

– სრულყოფილი პასუხი რომ გამომივიდეს, მოდით, თქვენი კითხვა ორ ნაწილად გავყოთ. მსოფლიოში ღვინის წარმოების სხვადასხვა მეთოდებია გავრცელებული. მაგრამ მთელი მსოფლიო შეთანხმებულია იმაზე, თუ რა არის ღვინო და როგორ უნდა დამზადდეს ის. სხვათა შორის, ღვინო იშვიათი პროდუქტია, რომელზეც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ტრადიციულია და ბევრი ჩარევა არ შეიძლება. არსად არ არის ეს დაშვებული.

მაგრამ ბოლო 10-15 წელია, ამ ღვინოს გამოეყო ერთი ახალი მიმართულება, ე.წ. ბუნებრივი, ნატურალური ღვინოების მიმართულება, რომელიც არის ორგანული ღვინოების ერთგვარი გაგრძელება. მსგავსი მიდგომაა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ორგანულ ღვინოებს უნდა ჰქონდეს ოფიციალური სერთიფიკატი. ორგანულ ღვინოებში არის კიდევ ბიოდინამიკური ღვინოები, რომელშიც გაცილებით მკაცრი წესებია, რაც გულისხმობს მინიმალურ ჩარევას, დაწყებული ვენახიდან. არის სია, რომელი პრეპარატების გამოყენება შეიძლება და რა არ შეიძლება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ბიოდინამიკაში ის მიდგომა, რომ, მაგალითად, მე მახსოვს, ბაბუაჩემი მოსავლის აღებისას მთვარის ფაზებსაც კი ითვალისწინებდა. ბიოდინამიკაში ესეც გათვალისწინებულია. მასაც უნდა ჰქონდეს სერთიფიკატი, რომელიც გარკვეული თანხა ჯდება.

ამიტომ ბიოდინამიკის მიმართულება გააგრძელეს ე.წ. ნატურალური ღვინის მწარმოებლებმა, რომლებიც სერთიფიკატის გარეშე, თვითონ ამბობენ, რომ ერევიან მინიმალურად. და ცალკე ნიშა შეიქმნა, რომელიც რაოდენობრივად არ არის დიდი, 1%-ზე ნაკლებია, ზოგადად, დარგის, მსოფლიოში და თითოეულ ქვეყანაში. მაგრამ არის ძალიან პოპულარული, რადგან ბევრი ადამიანი საუბრობს ბუნებრივ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე და ა.შ. და ა.შ. ეს ნიშა მზარდია, მაგრამ ძალიან მცირეა მაინც.

ეს ბუნებრივი მიმართულება მარტო ქვევრში დამზადებასაც არ გულისხმობს, ეს შეიძლება, იყოს ცისტერნაშიც, ბეტონის ჭურჭელშიც. რაც შეეხება ქვევრს. ქვევრის ღვინო ძალიან პოპულარული გახდა ბოლო 10 წელია. 10 წლის წინ მეღვინეები ვიკრიბებოდით ხოლმე და ვსინჯავდით სხვადასხვა მეღვინის დამზადებულ ქვევრის ღვინოს და მაშინ არც კი ვფიქრობდით, რომ ეს პოპულარული გახდებოდა. მაგრამ ნელ-ნელა წამოვიდა, წამოვიდა და აღორძინდა. ამაში ბევრი კარგი მეღვინის დიდი დამსახურებაა, რომლებმაც ძალიან ბევრი ისაუბრეს ამ თემაზე. ჯერ ჩვენ თვითონაც დავიჯერეთ, რომ ქვევრის ღვინოს ჰქონდა პოტენციალი და შემდეგ ეს გასცდა ქვეყნის ფარგლებს. დღეს ქვევრის ღვინო არის ქართული ღვინის ემბლემა, ნიშანი და შეგვიძლია, მთელ მსოფლიოში ვისაუბროთ და ვიამაყოთ ამ თემით. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იუნესკოში არის დაცული.

და ეს ორი კითხვა რომ გავაერთიანოთ, ძალიან კარგი ადგილი იპოვა ქვევრის ღვინომ ამ ნიშურ ე.წ. ნატურალური ღვინოების სეგმენტში იმიტომ, რომ თიხა, მიწისქვეშ დაფლული თიხა, მცირე მწარმოებლები (ახლა ქვევრის ღვინო რომ აწარმოო, 100 ქვევრიც რომ გქონდეს, 200000 ლიტრზე მეტს ვერ აწარმოებ, თანაც, მოგეხსენებათ, 100 ქვევრის მოვლა რა სირთულეებთან არის დაკავშირებული) პოპულარული ხდება. ანუ ამ პატარა ნიშაში, სადაც შეგიძლია, ძალიან ბევრი ისაუბრო ღვინოზე, მის განსაკუთრებულობაზე და მით უმეტეს, როცა ქვევრზე არის მიბმული ქართული ტრადიციული კახური მეთოდი, სადაც განსხვავებული გემოს ღვინო დგება, ქვევრი პოპულარულია, ზოგადად, ყველგან, მაგრამ განსაკუთრებით ამ ნატურალური ღვინის მიმართულებაში. ამიტომ არის, რომ ხშირად ქვევრის ღვინო ნატურალურ ღვინოსთან ასოცირდება, რაც ცუდი არ არის იმიტომ, რომ ესეც გვეხმარება.

ნატურალური ღვინოების გამოფენებზე ქართველი მეღვინეები დგანან, როგორც ლიდერები, რომლებთანაც ხალხი მიდის და რჩევას ეკითხება, როგორ ამზადებენ ღვინოებს. ასე რომ, ორივე მიმართულება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ქვევრის ღვინო ჩვეულებრივი ღვინოების სეგმენტშიც, აქაც ძალიან ბევრი საუბარი შეგვიძლია. იგივე საერთაშორისო გამოფენებზე, სადაც ფრაკებით დადიან დეგუსტატორები, როცა გაიცნობენ, აფასებენ ქვევრის ღვინოს.
ჩვენი ოფიციალური პოზიცია ის არის, რომ ორივე მიმართულებას ვეხმარებით და ორივე მიმართულებას პრიორიტეტულად ვთვლით.

– და მაინც, ქართული ღვინის პოპულარიზაციაც, ცნობადობაც ფასდება შედეგებით, ანუ – გაყიდვებით. იქნებ, უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ ბაზრების შესახებ, რა იგეგმება ახალი ბაზრების ასათვისებლად?

– ის, რომ ბაზრები დივერსიფიცირებული უნდა ყოფილიყო და რაც შეიძლება, უნდა გავშალოთ ეს მარაო, ამაზე ყველა თანხმდებოდა. მაგრამ, რაც შეეხება 2006 წელს, კარგი მაგალითი იყო – გაყიდვების 87% მოდიოდა რუსეთზე. სწორედ ამიტომ რუსეთის დაკეტვა კატასტროფა აღმოჩნდა დარგისთვის და ის ძლივს დადგა ფეხზე. მას შემდეგ, განსაკუთრებით ბოლო წლებში, დარგის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, კომპანიები განსაკუთრებით აქტიურობდნენ, ასოციაციაც შეიქმნა და აი, მათთან ერთად დაიგეგმა დარგის განვითარების პერსპექტივები: შეირჩა პრიორიტეტული ბაზრები, განისაზღვრა,სად უფრო მეტი მუშაობა არის საჭირო და სად ღირს მუშაობა, რაც ახლა პროფესიონალებმა უფრო უკეთ შეაფასეს. ხშირად იყო ხოლმე არასწორად არჩეული ბაზრები და ისეთ ქვეყნებში იხარჯებოდა ფული, სადაც პოტენციალი ნაკლებად იყო.

საბოლოოდ, დღეისათვის შერჩეულია 4 ძირითადი მიმართულება: ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს აქტივობები არის უფრო მნიშვნელოვანი.

ამ ოთხი ბაზრის გარდა, გადავწყვიტეთ, რომ ყველა მნიშვნელოვან გამოფენაში მიიღოს საქართველომ მონაწილეობა, აქ ხდება კომპანიების წარმოდგენა. სააგენტო თანხის ნაწილს ხარჯავს, ნაწილს კომპანიები თავად აფინანსებენ. კომპანიები ხშირად მხოლოდ იმიტომ მოდიან გამოფენებზე, რომ თავისი წვლილი შეიტანონ ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდაში. ეს არ არის მათთვის პირდაპირი ბიზნესაქტიურობა. ასე რომ, დარგი ერთობლივად ცდილობს, ყველგან ისაუბროს ქართულ ღვინოზე და ესეც შედეგებს იძლევა.

ახლახანს, მაგალითად, საფრანგეთიდან გვყავდა სტუმრები, რომლებმაც 2016 წელს კონფერენციაზე მიგვიწვიეს საფრანგეთში და გვითხრეს: ჩვენთანაც დაიწყეს თქვენზე საუბარი და უკვე გვინდა, რომ უფრო ახლოს გაგიცნოთო. ეს არ არის ბიზნესი, უბრალოდ, ისინი დაინტერესდნენ: მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, სტატიები იწერება საქართველოზე, მეღვინეები საუბრობენ ქართულ ღვინოზე და ჩვენ უფრო მეტი გვინდა, ვიცოდეთო. ანუ ეს არის იმის ნაყოფი, რაც დარგმა ზოგადად, ყველამ ერთად გააკეთა.

ამ დროისთვის ექსპორტის დიდი ნაწილი მაინც მოდის ძირითადად იმ ქვეყნებზე, სადაც ქართულ ღვინოს იცნობენ. ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნები: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია. ევროპიდან პოლონეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მზარდი ბაზარი. 10 წლის წინ საერთოდ არ გადიოდა აქ ღვინო, შარშან კი მილიონ ბოთლს გადასცდა, მილიონ ორასი ათასი იყო და არ ჩერდება ეს ვექტორი, სტაბილურად იზრდება.

გვინდა, ცოტა უფრო ვიაქტიუროთ ბალტიის ქვეყნებში, სადაც ბაზარი ისე არ იზრდება, როგორც ალბათ, უნდა იყოს. აქ ცოტა იმიჯის შეცვლაზეა საუბარი და ამ საკითხში სომელიეთა ასოციაცია და მისი ხელმძღვანელი, შალვა ხეცურიანიც, არის ჩართული. ჩინეთის ბაზარიც მზარდია. 0.3 %-–ია ამჟამად, თუმცა, ამ ხუთწლიან პერსპექტივაში 1%-იც რომ იყოს (მეტი დაგეგმილიც არ გვაქვს), მნიშვნელოვანი და საკმარისი იქნება ჩვენთვის. გვინდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ცოტა მეტად გაიზარდოს გაყიდვები, რადგან ძალიან დიდ პოტენციალს ვხედავთ. ქვევრის ღვინის მწარმოებლები კარგად ყიდიან, მაგალითად, საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში გააქტიურებას აპირებენ.

– ახალი ბაზრების ათვისებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ალბათ, ცნობადობისა და პოპულარობის ზრდა. რას აკეთებს სააგენტო ამ მიზნით?

– ეს არის გამოფენები (რომ ყველა მნიშვნელოვან გამოფენაზე იყოს ქართული ღვინო წარმოდგენილი), დეგუსტაციები, პრეზენტაციები. იმ ქვეყნებში, სადაც წარმომადგენლები გვყავს, ისინი აწყობენ ამ დეგუსტაციებს. ხანდახან ჩვენც ჩავდივართ ხოლმე. დეგუსტაცია-პრეზენტაციები პოსტსაბჭოვა ქვეყნებშიც ტარდება იმიჯის შესაცვლელად; უცხოურ მედიასაშუალებებში სტატიების განთავსება, ღვინის ჟურნალისტების ჩამოყვანა, ის ხალხი, ვინც შემდეგ დაწერს ან წავა და მოყვება. შარშან თბილისში ჩატარდა ღვინის ტურიზმის საერთაშორისო კონფერენცია, წელს ტარდება შამპანში და მიწვეულები ვართ. მოხსენება უნდა გავაკეთო. ასევე, ვიცი, რომ შესაძლებელია, საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის (A.S.I.) ასამბლეას მომავალ წელს საქართველომ უმასპინძლოს.ყველა არსებულ საშუალებას ვიყენებთ, რომ მთელს მსოფლიოს მეტი გავაგებინოთ ქართული ღვინის შესახებ.

საქართველოშიც ვმონაწილეობთ გამოფენებში – “თბილისობა”,“ღვინის დღე”. აქტიურად ვართ ჩართული ამ ტიპის ღონისძიებებში. რამდენიმე წიგნი დავაფინანსეთ, რამდენიმე დოკუმენტური ფილმი გადავიღეთ. განსაკუთრებით სულმოუთქმელად ველოდებით ფილმს ღვინოზე, რომლის რეჟისორიც ნანა ჯორჯაძეა.

ეპილოგი

– და მაინც, ბატონო გიორგი, რა არის ღვინო თქვენთვის?

– ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან ღვინო, ალბათ, გაცილებით მეტია, ვიდრე მე შემიძლია, სიტყვებით გამოვხატო. მეღვინე გახლავართ, პროფესიონალი ამ დარგის და ღვინო ჩემი ცხოვრების ნაწილია ემოციურადაც და შინაარსობრივადაც. როგორც ყველა ქართველი, მეც ვფიქრობ, რომ როცა გარკვეულ ასაკში შევალ, ჩემი ვენახი მექნება და ჩემს ღვინოს დავაყენებ, რომელიც არ იქნება მხოლოდ კომერციული დანიშნულების… თუმცა, მე მგონი, ამაში გამონაკლისი არ ვარ.

* * *
ჯერჯერობით კი, გიორგი სამანიშვილს თერჯოლაში აქვს მამა-პაპისეული მცირე საოჯახო ვენახი, სადაც და-ძმასთან და ცოლ-შვილთან ერთად რთველში ყოველთვის მონაწილეობს, ღვინის დაწურვაში ერთვება და შემდეგ მათი დიდი ოჯახი სიამოვნებით მიირთმევს კიდეც წინაპართა ფუძეზე მოყვანილ ვაზის ნაჟურს.

ნატო გუბელაძე