ერთ საინტერესო ისტორიას გიამბობთ პატარა გოგონაზე, რომელსაც ბედმა დაუვიწყარი დიდება არგუნა. მთელი მსოფლიო ამ ფრანგ გოგონას კლიკოს ქვრივის სახელით იცნობს.
ის 1777 წელს დაიბადა რეიმსში, პროვინცია შამპანის დედაქალაქში, იმ ქალაქში, სადაც ფრანგი მეფეების უმეტესობა თავზე გვირგვინს იდგამდა. ეს ყველაფერი დაიწყო 16 დეკემბერს – პატარა გოგონა, სახელად ნიკოლი, ნიკოლა პონსარდანის ოჯახში მოევლინა ქვეყნიერებას. მამამისი ტექსტილის წარმოებით იყო დაკავებული. ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მისი ქალიშვილი უდიადესი შამპანური ღვინის მწარმოებელი გახდებოდა ოდესმე. პირიქით, მისი ამბიცია მხოლოდ და მხოლოდ კარიერა და ქალიშვილის სარფიანად გათხოვება იყო. ყოველთვის სურდა, რომ გოგონა მიეთხოვებინა რომელიმე დიდგვაროვანი ფრანგისთვის და როგორმე რაიმენაირი ტიტული მაინც მოეპოვებინა საკუთარი თავისთვის.
ამ მიზნებით შეპყრობილი პატარა ნიკოლის მამა გამუდმებით ფიქრობდა საკუთარი ოცნების ასრულებაზე, მაგრამ ქვეყანაში განვითარებულმა სოციალურმა და პოლიტიკურმა მოვლენებმა მისი ამბიციური ოცნებები საბოლოოდ დაანგრია. ამიტომაც საკუთარი მეგობრის ერთადეთ ვაჟიშვილს მიათხოვა უფროსი ქალიშვილი ნიკოლი.
ქორწინება მოხდა ფარულად, ჩუმად, 1798 წელს, ღვინის სარდაფში. ნიკოლის მეუღლე გახდა ფრანსუა კლიკო, რომლის მამას, ასევე ტექსტილის წარმოება ჰქონდა. ამავე დროს კლიკოს ოჯახს ჰქონდა პატარა ღვინის საწარმო შამპანის პროვინციაში. სამწუხაროდ, ფრანსუა არ აღმოჩნდა წარმატებული ბიზნესმენი. ნაკლებ შრომისუნარიანი, უფრო მეოცნებე კაცი იყო. სურდა რაღაც მეურნეობის განვითარება და საკუთარი ბრენდის შექმნა, მაგრამ არ დასცალდა, რადგან 1804 წელს თავი მოიკლა, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ტიფისგან გარდაიცვალა.
ფრანსუას გარდაცვალების შემდეგ მისმა ქვრივმა, აწ უკვე კლიკოს ქვრივად ხსენებულმა ნიკოლ პონსარდანმა (სრული სახელი – მადამ ბარბ ნიკოლ პონსარდან კლიკო) ისე განავითარა მისი გარდაცვლილი მეუღლის მეურნეობა, რომ მთელმა მსოფლიომ გაიცნო არაჩვეულებრივი ცქრიალა ღვინო შამპანის პროვინციიდან.
რეიმსის ამ უგვირგვინო დედოფალმა შამპანური ღვინის წარმოებაში უდიდესი რევოლიციური იდეა განახორციელა. ის შევიდა შამპანურის ისტორიაში, როგორც პროგრესული ტექნოლოგიების ავტორი. ამ ქალბატონმა მოიგონა შამპანური ღვინის წარმოების დაჩქარებული მეთოდი.
რას ნიშნავს ეს? მოგეხსენებათ, შამპანიზაციის მეთოდი რთული პროცესია და გულისხმობს სხვადასხვა სტადიაზე ღვინის სხვადასხვა ტექნოლოგიურ ასპექტებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი არის სითხის, ანუ ღვინის დაწმენდა, გაფილტვრა. როგორ არის ეს ღვინო ასეთი კამკამა, გამჭვირვალე, ოქროსფერი, ჯანსაღი, მას ხომ დუღილის პროცესში სხვადასხვა ტიპის მყარი სხეულების გამოყოფა ახლავს თან?! სწორედ კლიკოს ქვრივმა მოიგონა ე.წ. დეგორჟაჟის მეთოდი, ეს ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს შამპანურის ბოთლიდან ნალექის მოხსნას გაყინვის მეთოდით.
ვცადოთ, წარმოვიდგინოთ ვიზუალურად.
მანამდე შამპანის ყველა მწარმოებელი ბოთლს ჰორიზონტალურად ინახავდა და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი ბოთლის კედელზე ილექებოდა ნალექი, მერე რთულად და ფაქიზად ხდებოდა ამ ნალექის მოშორება ღვინიდან. კლიკომ მოიფიქრა ბოთლის მოთავსება ვერტიკალურ პიუპიტრზე, რის შედეგადაც ეს ნალექი თავს იყრის ბოთლის ყელში და რადგან ბოთლი ასეა მოთავსებული, ლექი საცობს ეკრობა, ემაგრება. შემდგომ კი, გაყინვის მეთოდით, საცობზე მიმაგრებული ეს ნალექი ადვილად სცილდება. სწორედ ეს დეგორჟაჟის მეთოდი მოიგონა კლიკოს ქვრივმა და მას უნდა უმადლოდეს შამპანური ღვინის ყველა დღევანდელი მწარმოებელი ასეთ დაჩქარებულ მეთოდს.
ნარკვევის წერისას ვაგემოვნებ “კლიკოს ქვრივს Yellow Label (იელოუ ლეიბელ) ბრიუტი”-ს, რომელიც 1987 წლიდან გაერთიანდა ჯგუფში, რომელშიც შედის ჰენესი და ლუი ვიტონი, გლენმორაჯი. დღეს სახეზე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და პრესტიჟული პროდუქტი. ვაგემოვნებ რა ღვინოს “იელოუ ლეიბელ ბრუტს”(ექსტრამშრალი შამპანური), თვალწინ მიდგას რეიმსის გარეუბნებში გაშლილი ვენახების სიმეტრია, რომელიც ასე ჰარმონიულია შამპანის ლანდშაფტებისთვის. თვალწინ მიდგას ამ დიადი ქალის პორტრეტი, ქალისა, რომელსაც მარადიული დიდების გარდა, დამსახურებულად ერგო რეიმსის უგვირგვინო დედოფლის სახელი.
სამი კეთილადშობილი ყურძნის ჯიშისგან – შარდონე, პინო ნუარ და პინო მენიე ¬– ღვინომ არისტოკრატიული ხასიათი შეიძინა. ამ ყურძნის ჯიშებიდან მხოლოდ შარდონე არის თეთრი და ეს საოცარი სითხე, რომელიც მე მიჭირავს ხელში, არის ორი წითელი ყურძნის ჯიშისა და ერთი თეთრი ყურძნის ჯიშის “ასამბლიაჟი”.
მაშ ასე, შარდონე, პინო მენიე და პინო ნუარ – “კლიკოს ქვრივი ბრიუტი იელოუ ლეიბელ” – რა ახასიათებს? ამ არაჩვეულებრივ სითხეს აქვს ახლადგამომცხვარი პურის, თბილი პურის სურნელი, ასევე – თეთრი ყვავილების, ერბოს, ატმისა და მწიფე ვაშლის სურნელი. ეს ის არომატებია, რაც, ცხადია, კლიკოს ქვრივს მეტ ღირსებას სძენს, მაგრამ არანაკლებია მისი გემო: დაბალანსებული, ხავერდოვანი, ოდნავ ცელქი და ონავარი. ყველა ამ კომპონენტის ერთიანობით “კლიკოს ქვრივი იელოუ ლეიბელ” წარუშლელ შთაბეჭდილებას ქმნის. საცქერლად სასიამოვნო “პერლიაჟი” (ცქრიალი) კი ნეტარების და ნებივრობის განცდას გვიტოვებს.
შამპანური მშვენირი აპერიტივია. ყველამ ვიცით, რომ შამპანური არაჩვეულებრივად უხდება დესერტს, მაგრამ “კლიკოს ქვრივი იელოუ ლეიბელ ბრიუტ” დიდებული აკომპონიმენტია ნებისმიერი ვახშმისთვის, ზამთარში იქნება ეს, თუ – ზაფხულში. ახლა, ამ ზამთრის ცივ ამინდში “კლიკოს ქვრივი იელოუ ლეიბელ ბრიუტ” გაგითბობთ გულს და მშვენიერ განწყობას შეგიქმნით მთელი დღის განმავლობაში.