ჩინური ჩაი და მისი სწორი აღქმა

„როცა ცივ ზამთრის ღამეს

ჩემ სახლში მოდის სტუმარი,

მე მას მალევე ვთავაზობ
ცხელ ჩაის…”

(ძველი ჩინური პოემიდან)

ჩაი ძალიან ჰგავს ღვინოს. მისი წარმომავლობა და ისტორია ისევე მდიდარი და ძლიერია, როგორც – ღვინის. ის ისევე მრავალფეროვანია სახეობებით, ადგილწარმომავლობით, ფერით, დამუშავებისა და შენახვის მეთოდოლოგიით, როგორც – ღვინო. ჩაისთვის, ისევე, როგორც ღვინოსთვის, ძალზედ მნიშვნელოვანია ასაკი.

ჩაის სამშობლოდ ჩინეთი ითვლება. პირველ, ყველაზე სრულ ნაშრომს ჩაისა და მისი ისტორიის შესახებ, ჩინეთში, უკვე თანის დინასტიის დროს ვხვდებით. მისი ავტორია ლუ იუ (უ უ – 733-804 წწ). მისი დამსახურება ჩაის კულტურის შესახებ ინფორმაციის წიგნის სახით თავმოყრის კუთხით იმდენად დიდია, რომ ხალხმა ლუ იუს “ჩაის წმინდანი” შეარქვა.

ჩინური ჩაის დაბადებაზე კი ასეთი ლეგენდა არსებობს:
უხსოვარ დროში ჩინეთში ცხოვრობდა ერთი მწყემსი, რომელსაც მშობლებმა თავიდანვე შენ ნონი დაარქვეს, რაც “ღვთაებრივ მწყემსს” ნიშნავს. ისინი თავადაც მეცხოველეობას მისდევდნენ და იცოდნენ, მათი ვაჟიშვილიც მწყემსი იქნებოდა. მაგრამ მისმა სახელმა სრული დატვირთვა მის ხანდაზმულობაში მიიღო.

ერთ ჩვეულებრივ დღეს შენ ნონმა შუადღეზე, ჩვეულებისამებრ, მინდორზე, სადაც მისი საქონელი საძოვარზე იყო გაშლილი, დასასვენებლად კამელიის ხე აირჩია და მის ჩრდილში გადაწყვიტა ცოტა ხნით დაძინება. დაანთო ცეცხლი და ზედ წყალი შემოდგა ასადუღებლად. (ჩინელებს ადუღებული ცხელი წყლის სმის წესი დღემდე აქვთ შემონახული და ითვლება, რომ ის ყოველგვარი დანამატების გარეშეც უებარი საშუალებაა ორგანიზმის წყლის შენარჩუნებისა და გაწმენდისთვის.
სანამ წყალი ადუღდებოდა, მოხუც მწყემსს ჩასთვლიმა.

ძლიერი წყურვილისგან გამოღვიძებულმა შენ ნონმა უკვე შეგრილებული წყლით სავსე ჭურჭელი მოიყუდა და მალევე მიხვდა, რომ წყალი ბევრად უფრო გემრიელი და სასიამოვნო დასალევი იყო, ვიდრე ჩვეულებრივ არის ხოლმე. მაშინვე ფიალას ჩახედა და შიგ კამელიის გამხმარი ფოთოლი აღმოაჩინა. ცოტა ხანში შენ ნონმა საკუთარ ხასიათსაც შეატყო ცვლილება. მიუხედავად მონოტონური და არაფრით განსხვავებული მწყემსის რიგითი დღისა, ის რაღაცამ გაახალისა და შინაგანი ტონუსი მოუმატა. ეს შეგრძნება შენ ნონმა ფიალაში ჩავარდნილ კამელიის ფოთოლს დაუკავშირა და იმავე საღამოს ოჯახის წევრებსაც გაუზიარა. მათ ამ უჩვეულოდ გემრიელი “ჩაით” სტუმრების და მეზობლების გამასპინძლება დაიწყეს.

ასე გამართლდა მწყემსი შენ ნონის სახელი. ჩაის დატვირთვა და მნიშვნელობა ჩინეთის ექვსიათასწლიან კულტურასა და ტრადიციებში იმდენად დიდია, რომ, რა თქმა უნდა, მის აღმომჩენს და გამავრცელებელს მხოლოდ “ღვთაებრივი ნონი” თუ ერქმეოდა.

ჩაის სიცოცხლის გაგრძელება ჭიქაში.

უკვე მოკრეფილი, გამომშრალი, დამუშავებული ჩაის ფოთოლი ჩვენს ჭიქაში მოხვედრის შემდეგ ისევე ცოცხლდება და ისეთივე ცხოველუნარიანი ხდება, როგორიც ჩაის ბუჩქზე ან ხიდან მოწყვეტამდეა.
სხვადასხვა ჩაის სხვადასხვა სახის ჭურჭლიდან ვსვმათ. ამას ღვინოსა და ალკოჰოლურ სასმელებთან მსგავსების მიზეზთან მივყავართ. ზოგიერთი ჩაის სრულად შეგრძნებისთვის, მისი თვისებების გამოვლინების ხელშეწყობისთვის საჭიროა, რომ ის თიხის ძალიან პატარა ჭიქიდან დავლიოთ, ზოგის დალევა უმჯობესია მოზრდილი და ჭიქაშივე მოთავსებული “ფილტრით”, ზოგის – ფიალის მსგავსი კერამიკის ჭურჭლიდან, ზოგის კი – სადა შუშის უყურო ჭიქიდან.

პირადად მე, ჩაის დასალევად შუშის ჭიქას ვანიჭებ უპირატესობას.

ჩინეთში მოგზაურობისას, ჩაის სალონებშიც შეამჩნევთ, რომ ძალიან ხშირად მაგიდაზე სწორედ შუშის ჩაიდანში ან შუშის ჭიქაში მოთავსებულ ჩაის სვამენ.

სწორედ მხოლოდ ასეთი “სასმისი” იძლევა საშუალებას, გავიგოთ ის სამი საიდუმლო, რომელსაც ჩაის ნაყენი უკავშირდება.

დავინახოთ ჩაის ვიზუალური მხარე: ფოთლის მოყვანილობა და მისი ნაყენის გამჭვირვალობა ისეთივე განუყოფელი ნაწილია ჩაისა, როგორც – გემო. გემრიელი ჩაი აუცილებლად ლამაზიცაა. მისით ტკბობას ჩაის ფოთლის ჭიქასა თუ ჩაიდანში მოთავსებამდე უნდა ვიწყებდეთ.
დავაკვირდეთ, სხვადასხვა ტექნოლოგიებით დამუშავებული ფოთლები როგორ იცვლის ფორმასა თუ სახეს მდუღარე წყლის დასხმის შემდეგ, როგორ იღვიძებს თვითონ ჩაის ბუნება. ფოთლები იწყებენ ზევით ცურვას, თითქოს გასაცოცხლებლად, წყალთან ერთად, ჰაერიც სჭირდებოდეთ. შემდეგ, როცა გაიშლებიან, გაიჟღინთებიან ჟანდგბადითა და ორთქლადენილი წყლით, ისინი დაბლა იწყებენ დაშვებას და ჭიქის ფსკერზე წვებიან დასასვენებლად. ჩაით მისაღები სიამოვნების პირველი ნაწილი სწორედ ესაა: თვალი ვადევნოთ მათ ქვევიდან ზევით და ზევიდან ქვევით ლივლივს. ამ ყველაფრის პარალელურად, ყნოსვაც უნდა ჩავრთოთ. უნდა შევისუნთქოთ ცხელი წყლის ორთქლს ამოყოლილი ჩაის გამოცოცხლებულ ფოთლებში ჩვენთვის შენახული არომატები.

თუ ჩაის კარგად ვიცნობთ, შეგვიძლია, მისი სუნისა და ნაყენის ფერისგან არომატი წინასწარ გამოვიცნოთ. თუ ამას შევძლებთ –მხედველობითა და ყნოსვით “გემოს დანახვას”, ეს თანხვედრა ჩაის პირველივე ყლუპის მოსმისთანავე საოცარ ტკბობას მოგვიტანს. არც ამის შემდეგ უნდა დავტოვოთ იგი უყურადღებოდ. ჩაის სმის გაგრძელებისას კვლავ უნდა ვაკვირდებოდეთ, თუ როგორ იცვლის ის გემოს ჩაის სმის დაწყებიდან ბოლო ყლუპამდე. შეიძლება, ერთმა ჭიქა ჩაიმ ხუთი-ექვისი განსხვავებული არომატი გვაგრძნობინოს. ამისთვის უნდა დავლიოთ პატარ-პატარა ყლუპებით, ნელ-ნელა და პერიოდულად ენის წვერი სასას უნდა მივაბჯინოთ. ეს ხელს შეუწყობს გემოთა გარდამავლობის გამძაფრებას.

უფრო კონკრეტულად ჩინურ ჩაიზე:

ჩაის ყველაზე დიდი ძირითადი ჯგუფებია:
1. მწვანე ჩაი,
2. წითელი ჩაი (რასაც ჩვენ შავ ჩაის ვუწოდებთ),
3. ულონის ჩაი,
4. თეთრი ჩაი,
5. ყვავილოვანი ჩაი.

თითოეული ეს ჯგუფი თავისთავად კიდევ მოიცავს ათობით სხვა სახეობის ჩაის.

ცნობილი მწვანე ჩაიებია: “მწვანე მთა, ლურჯი წყალი”, “კიბოს თვალები”, “გაზაფხულის ბამბუკი”, “დილის ნამი”…
ულონის ჩაიებიდან გავრცელებულია: “თიეგუანინი”, ულამაზესი ჩაია “ცისფერი ლამაზმანი”, ასევე უგემრიელესია “თიეგუანინის ჩაი ოსმონდუსის ყვავილებით”.
ამ ჩაის სუნსა და გემოს, სხვა ყველა ჩაისაგან მისი ტკბილი და ძლიერი არომატით შეუცდომლად გამოარჩევთ.
წითელი ჩაი – ჩვენთვის, ქართველებისთვის, ყველაზე მისაღებია. თუმცა აქაც გვხვდება ჩაი “ფუ ერ”-ი რომელსაც ზღვის თევზეულის სუნი და გემო დაჰკრავს და ოდნავ უფრო მუქს თუ დავაყენებთ, ის აღარ მოგვეწონება.

თეთრი ჩაის ჯგუფში გაერთიანებული ჩაიები ყველა რბილი არომატისაა და ნაყენიც ოდნავ მოყვითალო და გამჭვირვალე აქვს.
ყვავილოვან ჩაიებს კი რა ჩამოთვლის: უკვდავების ყვავილი, ჩინური ვარდი, “ბა-ბაო”… სხვადასხვა ნაკრები ხილისა და ყვავილებისა.

ყველა ამ ჩაის, ვიზუალური, არომატული და გემოვნებითი შემადგენლობის გარდა, როგორც ყველა სხვა მცენარეს, ახასიათებს სამკურნალო და მატონიზირებელი თვისებები. ამიტომ ჩვენთვის დასალევად ყველაზე სასურველის მიგნების შემდეგ, უნდა დავაკვირდეთ, როგორ გავლენას მოახდენს ის ჩვენს ორგანიზმზე. მაგალითად, მწვანე ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით კოფეინს და მან, ვისაც უძილობა აწუხებს, სასურველია, საღამოს აღარ დალიოს. თავის ტკივილებისას სასარგებლოა ქრიზანთემას ჩაი, დასამშვიდებლად და წონასწორობის აღსადგენად რომელიმე ულონის ჩაი არ იქნება ურიგო. ხოლოდ ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ჩაი არ უნდა აღვიქვათ როგორც წამალი. ის არომატული სასმელია, რომელიც ატარებს სამკურნალო თვისებებს და ის არ არის ანტიბიოტიკი, რომელსაც დავლევთ და ორ დღეში განვიკურნებით.

ეს ჩაისთვის ძალიან მარტივი ფუნქცია იქნებოდა. ის ბევრად უფრო მდიდარია და ფიზიკური ჯანმრთელობის გარდა, სულიერი სარგებლობის მოტანაც შეუძლია ადამიანისთვის. კარგი ჩაი ხომ სრულ მარტოობაში თუ ოჯახსა და მეგობრებთან ერთად, ერთნაირად სასიამოვნო დასალევია. მთელ ჩინეთში დღემდე ოჯახში, წვეულებასა თუ საქმიან შეხვედრებზე ჩაით გამასპინძლება ყველაზე ღრმა პატივისცემის გამოხატულებაა.

ჩაის ცერემონია ტრადიციულ საქორწილო რიტუალშიც ფიგურირებს. ნეფე-პატარძალი ერთმანეთის მშობლებისთვის საკუთარი ხელით დაყენებული ჩაის მიწოდებით და თხოვნით – “დედა, მამა, გთხოვთ, ჩაი მიირთვით” – უდიდეს მოწიწებასა და პატივისცემას გამოხატავს.
არც ბიზნეს და დიპლომატიური შეხვედრები ჩაივლის ჩაის სმის ცერემონიის გარეშე. საკვანძო გადაწყვეტილებები სწორედ “ჩაის მაგიდასთან” მიიღება.

შეიყვარეთ ჩაი და ის სამმაგად დაგიბრუნებთ სიამოვნებას!

 

სალომე მელითაური