ნოველა
პირველად ღვინო სოფელში დავლიე. სულ რამდენიმე ყლუპი. ცხრა წლის ვიყავი და ბაბუაჩემი ჭურს ხდიდა. ჭური იყო დაბურული თუთის ხეების ქვეშ. გრილ და საამო ჩრდილში. ბაბუა ჭურს ხდიდა, ბავშვები იქვე ვიდექით და ვუყურებდით. ვუყურებდით, როგორ იღებდა ორშიმოთი კრიალა სითხეს ასხამდა დოქში. ეს რაღაც მისტერია იყო. ისევე, როგორც რთველის და ყურძნის დაწურვის რიტუალი… რაღაც ჯადოქრობა. ისევე, როგორც გალილეაში ქრისტეს მიერ წყლის ღვინოდ გადაქცევა, ყურძნის ტკბილი წვენის გადაქცევა ჭურებში დატყვევებულ სურნელოვან და მათრობელა სითხედ. მას შემდეგ სოფელს ჩემთვის იმ ღვინის გემო აქვს, რომელიც ჭურისთავზე ბავშვობისას გავსინჯე.
საერთოდ კი, სოფელი მახსოვს ბუნდოვნად. მახსოვს სწორედ ამ გემოებით, ფერებითა და სურათებით. მახსოვს დიდი მწვანე ეზო, უზარმაზარი, ორასწლოვანი წიფლის ხე, ორსართულიანი სახლი, სხვენი ამ სახლში, სხვენში – თხილის, შემჭკნარი ვაშლის, კომშის გორები და სადღაც გადამალული ჩურჩხელის სუნი. ტყე სახლის უკან. წყარო სახლიდან კარგა მოშორებით და ამ სიშორის გამო იყო, რომ წყაროდან წყლის მოტანა ბავშვებს ყოველთვის გვეზარებოდა. კიდევ იყო უამრავი რამ. და ეს უამრავი რამ იყო სივრცეები, სულ გაშლილი და ვრცელი ველები, ტყეები, მინდვრები გვიმრით და მაყვლის ბუჩქებით, დიდი, მიწიდან ამოჩრილი, უცნაური შავ-თეთრი ქვებით, ლეღვის, თუთის, ტყემლის, ბლის, ეკლის, მუხის ხეებით (ეს ის ხეებია, რომელთაც ვცნობდი). სახლის ქვემოთ ჩადიოდა ყვითელი ქვით მოკირწყლული გზა, სადაც ათასში ერთხელ გაივლიდა ავტომობილი. ამ გზაზე არათუ ავტომობილის, არამედ ადამიანის ჩავლაც იმდენად იშვიათად ხდებოდა, რომ ბებიაჩემი მარგალიტას ცხოველ ინტერესს იწვევდა. ისიც იდგა ჭიშკართან თავსაფარწაკრული, თვალზე ხელმოჩრდილული, დაჟინებით აკვირდებოდა და დროდადრო დაუფარავი ცნობისწადილით საკუთარ თავს ჩაეკითხებოდა ხოლმე: “ვინაა ნეტაი?”
სოფელი იყო იმერეთში. ერქვა ნაგარევი. ჩვენი სახლის ზემოთ იყო სალია, გვერდით ბეჟანისოული, ნაქერალი (ეს სრულიად დაუსახლებელი უბნები იყო), ქვემოთ წერეთლისოული, სულ სამიოდე სახლით და ეს იყო მთელი სამეზობლო. სამი თუ ოთხი კომლისგან შემდგარი და ერთმანეთისგან კარგად დაშორებით მცხოვრები სამეზობლო.
დედაჩემი მიჩვენებდა, სად დადიოდა სკოლაში. გაიწვდენდა თითს და შორს, შორს, მზის შუქზე ჩანდა ციხის ნანგრევები და თურმე, სადღაც იქ იყო სკოლაც. მე ეს ისეთივე წარმოუდგენელი ამბავი და მითი მეგონა, როგორც ძილის წინ ბებიაჩემის მიერ მოყოლილი ამბები. ბებიაჩემის ამბები კი, ალბათ, ძალიან წააგავდა იმ ისტორიებს, რომლებსაც გაბრიელ გარსია მარკესს უყვებოდა მისი მხრცოვანი წინაპარი. მხოლოდ ჩემი ბებია ამბებს ყვებოდა ძალიან დამაჯერებლად, ხატოვნად, იმერულ კილოზე. და ისინი იყო ძალიან უცნაური, საშიში და რელიგიური. ამბები იყო ეშმაკებზე, ანგელოზებზე, შავი ჭირის დროს გარდაცვლილ ბავშვებზე, ცეცხლზე დამწვარ წმინდანებზე, “ეფუთზე” – ასე ერქვა წიგნს სამყაროს დასასრულის შესახებ. საერთოდ, ბებია ხშირად ახსენებდა ამ “ეფუთს”. მე ძალიან მეშინოდა და თან ძალიან მინდოდა, მენახა ეს წიგნი, სადაც ეწერა, როდის და როგორ მოხდებოდა მეორედ მოსვლა. მაგრამ წიგნი არც ბებიას ჰქონდა ნანახი, თურმე ვიღაცას წაეკითხა და მისთვისაც ეამბნა, რომ მეორედ მოსვლის წინ უთუოდ გაერთიანდებოდა ყველა ქვეყანა, იქნებოდა ერთი ფული და იმეფებდა ერთი ხელმწიფე…
კიდევ ბევრ ასეთ ამბავს მიყვებოდა ბებია, რომელიც მუდმივად თავსაფარში შემალულ ღამესავით შავ თმას მხოლოდ ძილის წინ გაიშლიდა და მე გაოგნებული ვუცქერდი კიდევ ერთ საოცრებას. იმას, თუ როგორ იქცეოდა ჩვეულებრივი ბებია ლამაზ, ცისფერთვალა ქალად. მაგრამ მერე… საბნის ქვეშ შემძვრალს ამ ამბების გამო ძალიან მეშინოდა. არადა, ჩემს სოფელში გამაოგნებლად ლამაზი ღამეები იცოდა. ვარსკვლავიანი ცით, ციცინათელების გუნდით, კალიების კრუალით, ხეების ფოთლების შეწყობილი შრიალით. სიბნელეც კი გამჭვირვალე იყო იმ ღამეებში და თუ შემოვრჩებოდით უფროსები წიფლის ხის ქვეშ ქვის მაგიდაზე გაშლილ ვახშამთან და პატარები ამ ხეზე დაკიდებულ საქანელებზე, მაშინ ჩემი ბავშვური და ამავე დროს, აპოკალიფსური შიშები სრულებით ქარვდებოდა, იფანტებოდა, რადგან წარმოუდგენლად მეჩვენებოდა, ასეთ სრულყოფილ სამყაროს ოდესმე დასასრული ჰქონოდა.
საერთოდ, ბებია იყო ძალიან მორწმუნე, კომუნისტების დრო იყო, კოლექტივიზმი და რაღაც ასეთები, მაგრამ ბებიაჩემს არ უყვარდა კომუნისტები, იცავდა ყველა მარხვას, ამოავლებდა თაფლში ჩვენს სიგრძე სანთლებს და ფეხშიშველი მიდიოდა რომელიღაც უშორეს და მიტოვებულ ეკლესიაში, სადაც სიცარიელის და სიჩუმის მიუხედავად, ყოველთვის ხვდებოდა მთავარი.
ბაბუა კი იყო მოქეიფე და მხიარული. ჰქონდა დიდი ვენახები, ჭურები, საწნახლები. უყვარდა სტუმრები და ყოველ საღამოს საიდანღაც მოჰყავდა მეარღნე. იშლებოდა სუფრა. ჯამებში, ფიალებში, ჭინჭილებსა და ყანწებში ისხმებოდა სწორედ ის ჯადოსნური ღვინო, მეარღნე სევერა უკრავდა გასაოცრად მოხატულ არღანზე. ზოგჯერ ბავშვებსაც გვატრიალებინებდა სახელურს, ჩვენთან თავს იყრიდნენ მეზობლები. მე განსაკუთრებით კარგად მახსოვს მოცეკვავე რეზო, რომელსაც ყოველთვის ეცვა “აზიაცკები” და ცეკვავდა ძალიან უცნაურად, ალბათ, თვითნასწავლი ილეთებით, თუმცა – მოხდენილად, და დროდადრო, ამ ცეკვის დროს, ეშხში შესული ხმამაღლა შეჰყვირებდა: ”აბა, ფიგურა რეზო, ფუგურაო!”
წიფელი, რომელიც ეზოში იდგა, იყო ჩვენი საგვარეულოს სიმბოლო. მე მსოფლიოში მასზე მაღალი ხე არ მეგულებოდა და ვერც ვერავინ დამაჯერებდა, თუ სადმე არსებობდა. ის, ვინც წიფელზე აძრომას ახერხებდა და მის სქელ ტოტებზე საკუთარ სახელს ამოჩხაპნიდა, ძალიან ამაყი და გაბღენძილი დადიოდა. ჩემი დეიდაშვილ-ბიძაშვილები უფროსები იყვნენ და თითქმის ყველას მოეხერხებინა წიფლის ქვედა დონის დაპყრობა. ჩემი და ჩემი ძმის სახელები კი იქ არ ეწერა და მე გული მწყდებოდა. ისე გამოდიოდა, თითქოს ჯერ კიდევ არ ვიყავი იქაურობის სრულფასოვანი წევრი და ბინადარი. ამიტომ უმეტესად ვიწექი წიფლის ქვეშ ფარდაგზე, ვკითხულობდი წიგნებს და იქ წაკითხული წიგნები დღემდე ყველაზე შთამბეჭდავია, ოდესმე წაკითხულ წიგნებს შორის.
მოკლედ, წიფელი იყო ჩვენი მთავარი სიამაყე და ღირსშესანიშნაობა. ყველა დიდი და მნიშვნელოვანი სუფრა ამ წიფლის ქვეშ იშლებოდა. ყველა სტუმარი აქებდა და მერე, ქალაქად ჩასული, ნატრობდა მის ჩრდილს. ყველა ამბავი, მნიშვნელოვანი საუბარი, იქვე, ჭურიდან ამოღებული ღვინის თუ სამოვარზე ადუღებული ჩაის სმა მის ჩრდილში იმართებოდა… და ბოლოს, როდესაც ბაბუა და ბებია გარდაიცვალა და სახლი დაცარიელდა, წიფელმა ჯერ შეუმჩნევლად და მერე უკვე ძალიან სწრაფად დაიწყო ჭკნობა და კვდომა.
ხოლო, როდესაც შთამომავლობამ სოფელი, სახლი და ეზო-კარი საერთოდ მიივიწყა, გახმა ვენახები და დაშრა ჭურები, წიფლის უზარმაზარ ფუღუროებში დაიბუდა ძალიან აგრესიულმა და ველურმა კრაზანებმა. და როდესაც სახლში შემოვიდნენ ვიღაც უცხოები, გადაღმელები, ეს კრაზანები დაესივნენ და საშინლად დაკბინეს.
მოკლედ, ეს ხეც რაღაც ძალიან უცნაური და ბებიაჩემის ერთ-ერთი ამბავივით მისტიური გამოდგა. ამ ხის სიკვდილით ჩემთვის საბოლოოდ დაიკარგა სოფელი, სოფელი ბებია-ბაბუას სახეებით, გაშლილი მინდვრებით, სიზმრებით და მითებით, იელის ყვავილების და ჯანჯუხების სუნით, არღნის ტკბილი და ეჟვნების მელანქოლიური ხმით, ახლადმოწველილი რძის და ნეშოში გამომცხვარი მჭადის გემოთი, სოფელი, სადაც ვატარებდი ცხელ, ჭრელ და ზღაპრულ ზაფხულებს. მაშინ ვიყავი, ალბათ, სადღაც თორმეტი თუ ცამეტი წლის და მას შემდეგ აღარასდროს მინახავს იქაურობა. გზა არის იქამდე ძალიან ცუდი, სახლია მიტოვებული, ცარიელი და დაკეტილი, წყარო დაშრა, წიფელი გახმა და მთავარი მიზეზი კი, ალბათ, ის არის, რომ ძალიან სენტიმენტალური ვარ და მინდა, იქაურობა ზუსტად ისეთი მახსოვდეს, როგორიც მაშინ იყო, ჩემი დიდი წინაპრების სიცოცხლეში.
ერთი ის ვიცი, რომ იქ უკვე საერთოდ აღარავინ ცხოვრობს. წელს აღდგომამდე, ვნების კვირაში გარდაიცვალა ჩვენი უკანასკნელი მეზობელი – ციალა. თავის დროზე ძალიან კოხტა და მარჯვე ქალი, რომელიც ყანის თოხნის თუ ბოსტნის მარგვლის დროს შესვენებებში ამოიღებდა სიგარეტის კოლოფს და გააბოლებდა მწარე “ასტრას”. იმერეთის მიყრუებული სოფლის ბოსტანში ჩამომჯდარი “ასტრის” მწეველი ციალა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი მეამბოხე და რევოლუციონერი. და ვინ იყო მასთან ჩეგევარა თუ ჯენის ჯოპლინი?..
სოფელთან დაკავშირებული ბოლო ამბავი კი ასეთია. ციალას სიზმარი დასიზმრებია და ზუსტად უწინასწარმეტყველებია საკუთარი სიკვდილი. ამ და ამ დღეს და ამ საათზე მოვკვდები და სახლი დაალაგეთო, შვილებისთვის შეუთვლია. სიკვდილამდე ერთი საათით ადრე კი რიგრიგობით ჩამოუთვლია მეზობელ უბნებში კანტი-კუნტად შემორჩენილი მოხუცების სახელ-გვარები. იმათი, რომლებიც ციალას კვალს, ალბათ, ასე, რიგრიგობით გაუყვებიან და სოფლების ადგილზე დარჩება მხოლოდ ნასახლარები. ულამაზესი, მაგრამ უკაცური, მიტოვებული, გაუდაბურებული ადგილები…
ალბათ, სევდიანი გამოვიდა ჩემი წერილი, მაგრამ, სამაგიეროდ, ჩემი მოგონებები არის ძალიან ფერადი, ნათელი, სავსე. ისე, როგორც მოგონებები ბავშვობაზე, დაკარგულ სამოთხეზე, სუფთა, ხელუხლებელ, შეურყვნელ და სრულყოფილ სამყაროზე.